რეგიონი
"ცხოვრება სასიკეთოდ მხოლოდ სარეიტინგო ქულებში იცვლება" - ზესტაფონში მატარაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ზესტაფონის სოფელ საზანოში მატარაძეების ოთხსულიანი ოჯახი ერთი წელია სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს.
ოჯახის დიასახლისის მაია მამულაშვილის თქმით, მათი სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, რაც, მათი თქმით, სარეიტინგო ქულაზე არ აისახა. მამულაშვილი გვიყვება, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მეუღლის 380 ლარია.



"50 000 ქულიდან 84 050 ქულამდე ისე ავიდნენ რომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ.  ჩვენი ცხოვროება სასიკეთოდ  მხოლოდ  სარეიტინგო ქულებში იცვლება. საბუთებში ეწერათ რომ ბავშვი კერძო სკოლა გიმნაზიაში სწავლობს. სინამდვილეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სკოლა "ორიონში" დამყავს. ანკეტაში მითითებულია რომ კაპიტალური სახლი მაქვს, არადა თქვენც ხედავთ რა მდგომარეობაა", - განმარტავს ჩვენთან საუბარში მაია მამულაშვილი.



მატარაძეები ორსათულიან სახლში ცხოვრობს, რომლის მეორე სართული იმის გამო, რომ ავარიულია, ოჯახი მხოლოდ პირველ სართულს იყენებს. სახურავიდან წყალი ჩამოდის ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ტატა გამყრელიძის თქმით, ოჯახმა დახმარების შესაძლო მიღების მიზნით განცხდება ხელმეორედ უნდა დაწერონ.

"ანკეტის მიხედვით ვხვდები, რომ ამ ოჯახს არ ულხინს. ხელმეორედ უნდა დაწერონ განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში. შეამოწმებს სოციალური აგენტი და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება დახმარების დანიშვნა", - განმარტავს ტატა გამყრელიძე.

მატარაძეებს პირველად სოციალური შემწოება 2007 წელს დაენიშნა. ოჯახის დიასახლის ამბობს, რომ საგენტოში განცხადება 8 ივნისს შეიტანა და ახლა სოციალურ აგენტს ელოდება, რომელმაც ანკეტა თავიდან უნდა შეავსოს. 

ზესტაფონში საარსებო შემწეობას  ამ დროისთვის 6 881ადამიანი იღებს.


ეკა დუგლაძე

Print