რეგიონი
"5 ბავშვიდან სამი ჩაიჭრა“ - როგორ ჩააბარეს საატესტაციო გამოცდები ბაღდათში მოსწავლეებმა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლიდან საატესტაციო გამოცდები 8 სკოლაში ჩატარდა. ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საატესტაციო გამოცდებზე ბავშვები იმ სკოლებში გადანაწილდნენ, სადაც კომპიუტერული ბაზა მოწესრიგებული იყო.
თუმცა, რამდენმა მოსწავლემ გაიარა გამოცდა ან რამდენმა ვერ გადალახა ზღვარი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ყველა ინდივიდუალურად რეგისტრირდებოდა, ჩვენი გავლით არ მომხდარა და ამიტომაც არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია", - ამბობს ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ხათუნა ახალაძე.

დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არც საქართველოს განათლების სამინისტროში აქვთ. უწყებაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ სავარაუდო მონაცემი აქვთ. მათი ინფორმაციით, საატესტაციო გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 11 ათასამდეა.
"დაზუსტებული მონაცემები და სტატისტიკა მომდევნო კვირისთვის გვექნება", - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

ზურა ტაბეშაძემ საატესტატო გამოცდები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ჩააბარა.
როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველა გამოცდა თანაბარი სირთულის იყო და ყველაფრის მიუხედავად თავი მაინც კარგად გაართვა.

"ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. ჩემი ჯგუფიდან თორმეტი ბავშვი ვაბარებდით და ყველამ დადებითი შედეგი ვაჩვენეთ. პირადად ჩვენთან არანაირი ხარვეზი არ ყოფილა გამოცდების მიმდინარეობისას", - ამბობს ზურა ტაბეშაძე.
ასევე, წარმატებით გაიარა საატესტატო გამოცდები ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლინდა მაღლაკელიძემ. თუმცა, ამბობს რომ 23 მოსწავლიდან ზღვარი ხუთმა ვერ გადალახა.

"5 ბავშვიდან სამი ჩაიჭრა ინგლისურში და ორი მათემატიკაში. ჩემთვის უფრო რთული მათემატიკა იყო. გამოცდაზე შესული ყველა ბავშვი დამოკიდებული იყო თავის შესაძლებლობაზე. იმის შანსები, რომ ბავშვები ერთმანეთს დახმარებოდნენ არ ყოფილა. დამკვირვებელი განათლების სამინისტროს წარმომადგენლი და არ ერეოდა საგამოცდო პროცესში. იყო ზომიერად მკაცრი და თავაზიანი. გამოცდების მსვლელობის დროს არანაირი ხარვეზი არ ყოფილა", - ამბობს ლინდა მაღლაკელიძე.

მათემატიკის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაშიც. ამ სკოლაში საატესტაციო გამოცდა 23-მა მოსწავლემ გაირა. აქედან, ექვსმა ვერ გალახა მინიმალური ზღვარი.

"სიმართლე გითხრათ ყველა გამოცდა ძალიან გამიმარტივდა გარდა მათემატიკისა. თუმცა, ისიც წარმატებით ჩავაბარე. მხოლოდ მე არ ვიყავი ისეთი ვისაც მათემათიკის გამოცდა გაურთულდა. სწორედ ამ საგანში დაიდო ყველაზე ცუდი შედეგი, რადგან ექვსმა ბავშვმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი", - ამბობს ანა გველესიანი.

მოსწავლეები განმარტავენ, რომ გამოცდების დროს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. რაც შეეხება, ორი საგანის (მათემატიკა და ინგლისური) ტექსტებში სირთულეს, განმარტავენ, რომ საკითხები გავლილი ქონდათ.
"ყველა საკითხი გავლილი და ნასწავლი გვქონდა უბრალოდ, შედარებით რთული საკითხები იყო ტესტებში", - განმარატვენ მოსწავლეები.

მე-12 კლასის მოსწავლეების გამოსაშვებ გამოცდები 24 მაისს დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 48 ათას-ზე მეტი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.

თეონა წითაძე
Print