რეგიონი
ტყიბულში მცხოვრები მარტოხელა დედა სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
FaceBook
ტყიბულში მცხოვრები ლელა ლაშხის ოჯახი ოთხი წელია სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. ამ მიზნით ლელა ლაშხმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის მომსახურების სერვისცენტრს განცხადებით რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, უშედეგოდ.
"მეუღლე მეორე წელია გარდამეცვალა და ორ მცირეწლოვანს ვზრდი. ჩემი შემოსავალი მათი ობლობის პენსიაა 200 ლარის ოდენობით და პლიუს ის 20 ლარი, რომელიც 2015 წლის გადამოწმების შემდეგ დამენიშნა. 220 ლარით თვიდან თვემდე როგორ უნდა გაიტანო თავი დღევანდელ ცხოვრებაში?", - ამბობს მარტოხელა დედა.

ლელა ლაშხი ორ მცირეწლოვანს არასათანდო პირობებში ზრდის.  სამსულიანი ოჯახი ორსართულიანი სახლის მხოლოდ პირველი სართულის მხოლოდ ორ ოთახს იყენებს.



"სახლის მეორე სართულს ვერ ვიყენებ, ფაქტიურად გვაწვიმს თავზე და ამიტომ პირველ სართულზე ვართ. ამდენი ოთახიდან მხოლოდ ორია უსაფრთხო. სხვა ოთახებში ნესტისა და საშიშროების გამო ვერ შევდივარ. სამზარეულოში არც ონკანი მაქვს და ჭურჭელს ეზოში ვრეცხავ. საპირფარეშო გარეთაა და ისიც კი პრობლემურია. სახლში კარიც კი არ იკეტება. ან რა მაქვს მოსაპარი, მაგრამ ადამიანმა ცოტათი მაინც ხომ უნდა იგრძნო თავი დაცულად. ერთადერთი რაც თანამედროვე მაქვს სარეცხი მანქანა და ტელევიზორია, რომელიც მაზლებმა  მაჩუქეს.  სხვა მე არაფერი გამაჩნია", - გვიყვება ლელა ლაშხი.




ლაშხების სამსულიანი ოჯახი სოციალური შემწეობის მიმღები 2010 წლიდან არის. მაშინ მისი სოციალური მდგომარეობ 33 570 ქულით განისაზღვრა.
თუმცა, გეგმიური გადამოწმების შედეგად მისი (2013 წლის სექტემბრეში) სოციალური მდგომარეობა 92 750 ქულით შეფასდა.

რის გამოც ფულადი შემწეობის მიღება შეუწყდა. ოჯახის მდგომარეობა სოციალურმა აგენტემა 2014 წელშიც აღწერა. თუმცა, მაშინაც მარტოხელა დედას მაღალი ქულა დაუფიქსირდა.

ხოლო 2015 წლის 8 დეკემბერს ახალი რეგულაციის მიხედვით გადამოწმების შემდეგ მათ ოჯახს ახალი ფორმულირებითა და გაანგარიშებით სარეიტინგო ქულა 66 800 მიენიჭა და ორ მცირეწლოვანს 10-10 ლარიანი შემწეობა დაენიშნა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ლელა ლაშხისათვის მაღალი ქულების მინიჭება მეთოლოგიაში შესული კრიტერიუმების ცვლილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით ხდება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების განისაზღვრა. სოციალური შემწეობის მიღების წესში ანუ მეთოდოლოგიაში ცვლილებები 2015 წლის მაისში განხორციელდა. ამის მიხედვით, არსებული ზოგიერთი კრიტერიუმების ამოღება და ახლის დამატება მოხდა. მაგალითად, ცვლილების მიხედვით, ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიაში არსებული პუნქტი, რომელიც სახლში საოჯახო ტექნიკის აღწერას ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, ახალი პუნქტი გაჩნდა, რომელიც სახლის ფართობის და მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში დაფიქსირებას ითვალისწინებს. ეს კი, სარეიტინგო ქულაზე გავლენას ახდენს.

"ახალი გაანგარიშების შედეგად მინიჭებული ამ ოჯახის ქულები ითვალისწინებს საპოლისე ქულას და ასევე 10 ლარიან დახმარებას. რადგან ვინც 65 000-დან 100 000 ქულამდე შკალაში მოხვდება, ოჯახში მცხოვრებ 16 წლამდე ბავშვებს ენიშნებათ 10 ლარი. ფულადი დახმარება მხოლოდ 65 000 ქულიდან ქვევით ინიშნება. თუმცა, ამ დროსაც გააჩნია, რომელ შკალაში მოხვდება ოჯახი, რადგან არის 60, 50, 40 და 30 ლარიანი შკალები. რაც შეეხება, ამ ოჯახს, აქვთ სახლი და 200 ლარიანი ობლების პენსია. ვფიქრობ, სწორედ ამან განსაზღვრა მაღალი ქულა. თუმცა, უკვე კანონი აძლევს ხელახალი გადამოწმების საშუალებას და შეუძლია დღესვე მოგვმართოს განცხადებით", - განმარტავს ჩვენთან საუბარში ტყიბულის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, რამაზ გაბრიაძე.

ჩვეთან საუბარში ლელა  ლაშხი ამბობს, რომ  სოციალური მომსახურების სააგენტოში ფულადი შემწეობის აღდგენის თხოვით  წერილს კიდევ ერთხელ შეიტანს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტეში 2014 წელს ჩატარებული აღწერის  მიხედვით, სულ 20 839  მოსახლე იყო, აქედან  სოციალური დახმარების მიმღები 2 912 ოჯახია.

თეონა ჯანელიძე
Print