რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხელფასები შესაძლოა შემცირდეს
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულების ხელფასები შესაძლოა შემცირდეს. ხელფასი სავარაუდოდ, 100 ლარით მიმდინარე წლის ივლისიდან შემცირდება. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ამის მიზეზი მიმდინარე წლის ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვაა.

ინფორმაციას ამის შესახებ არ ადასტურებს ბაღდათის გამგებლის მოვალოების შემსრულებელი არჩილ გოგსაძე. თუმცა, აღნიშნავს რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და გარკვეული ცხრილები მომზადდა.

"ეს საკითხი არის მოსამზადებელ დონეზე. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე არ არის. ზოგადად კანონმდებლობა იცვლება საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, შემოდის ახალი რანგირება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების დაფინანსება კატეგორიების, მოსახლეობის მიხედვით მოხდება. ამასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არის საუბარი მხოლოდ სამომავლოდ.

ყველა მუხლი, ყველა პარამეტრი უკვე გათვლილი იყო ჩემ მოსვლამდე, ნოემბრის დასაწყისში, მე კი ნოემბრის ბოლოს დავინიშნე აქ, ამიტომ ყველაფერი განსაზღვრული იყო და ვხელმძღვანელობ იმ ბიუჯეტით, რომელიც დამხვდა.

ეს არ იქნება არც დღეს და არც ხვალ. უახლოეს მომავალში არაფერი არ განხორციელდება. ყოველშემთხვევაში რაღაც გარკვეული ცხრილები მომზადდა მაგრამ ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს. როგორც კი საკითხი დაისმება ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ ხელფასები არ შემცირდეს", - ამბობს ჩვენთან საუბარში არჩილ გოგსაძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ დროისთვის 100 ადამიანია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 500-450 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური ხელფასი, საჯარო მოხელეებისთვის 1 200 ლარია განსაზღვრული.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის მოცულობა 4 223 700 ლარს შედგენს, საიდანაც სახელფასო ფონდისთვის (საკრებულო და გამგეობა) 1 123 000 ლარია განსაზღვრული, აქედან 790 000 ლარის გამგეობის თანამშრომელების ხელფასებზეა გათვლილი.


თეონა წითაძე

Print