რეგიონი
"მოდი ღამე მუზეუმში" - ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ათობით დამთვალიერებელი ესტუმრა
FaceBook
ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს  27 მაისს ყველა ასაკის დამთვალიერებელი სტუმრობდა. მათ მუზეუმის უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობა აქცია "მოდი ღამე მუზეუმში" ფარგლებში ქონდათ.   
მუზეუმში  წარმოდგენილი იყო ნაქერალას ქედზე მდებარე მღვიმე "დათვის მახე"-ში ნაპოვნი მუსტიეს ეპოქის დროინდელი გამოქვაბულის დათვის ნაშთები. ასევე, ახალსოფლის ტბის მიდამოებში, ღია ტიპის ნასახლარზე აღმოჩენილი ნეოლითის ხანის არტეფაქტები, შრომისა და სამონადირეო იარაღები, უძველესი ხელსაფქვავი.



გამოფენილ ექსპონანტებს შორის აგრეთვე, იყო ლაღორის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური და შუა ხანის რკინის სადნობი ქურის ყელები, უძველესი საბრძოლო იარაღები, რომელთაგან ყველაზე ძველი ერეკლე მეფის დროინდელი დამბაჩაა. წარმოდგენილი იქნა ასევე, ყველა ის მინერალი, რომლებიც ოკრიბის ტერიტორიაზე მოიპოვება.



ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზემში ამ დღეს მოხდა მეშახტეთა ისტორიის ამსახველი საგამოფენო დარბაზის პრეზენტაცია, რომელიც წელს განახლდა და აღდგა. აღნიშნულ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ძველი ფოტომასალა, ნახშირის მოპოვების ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია, პირველი სპეცტანსაცმელი და იარაღები, რომლის საშუალებთაც ნედლეულის მოპოვება ხდებოდა.

აქცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო.

აქციას "ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის "ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.


თეონა ჯანელიძე
Print