რეგიონი
ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანა გაჩერებულია - "მუშები შვებულებაში გაუშვეს"
FaceBook
ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანა გაჩერებულია. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საწარმომ მუშაობა მიმდინარე წლის 29 აპრილიდან ეტაპობრივად შეწყვიტა, ხოლო 5 მაისიდან ქარხანაში ყველა ღუმელი გამოირთო.

პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა მაჩიტიძის ინფორმაცით, ქარხანას 17 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, რის გამოც, ელექტროენერგია სრულად გაითიშა.

"საუბარია, სარეზერვო ფონდიდან მოხმარებული ელექტროენერგიის თანხაზე, რომელიც ქარხანამ წინა ხელისუფლების დროს მოიხმარა. აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს საწარმოს ხელმძღვანელობას. რამდენიმე თვის წინ, ამის გამო საწარმოს მუშაობაც კი შეფერხდა. ამჟამად ქარხანა მთლიანად გაჩერდა, მუშახელი კუთვნილ შვებულებაში გაუშვეს", - ამბობს კახა მაჩიტიძე.

მისი ინფორმაციით, ადგილზე არ იმყოფება ფეროსშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გერეგა და ჯორჯიან მანგანეზის გენერალური დირექტორი ვლადიმირ ლოზინსკი.

ქარხანაში მუშაობის გაჩერებას ჩვენთან საუბარში ადასტურებენ თავად დასაქმებულებიც. თუმცა პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.  

ზესტაფონში იმასაც განმარტავენ, რომ შესაძლოა ვასილ გერეგა სხვამ ჩაანაცვლოს და საწარმოს გაჩერება დავალიანესთან ერთად, ამ საკადრო ცვლილებასაც უკავშირდებოდეს. 

ქუთაისიპოსტი "ჯორჯიან მანგანეზის"  საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის  სამსახურის უფროსს, ზაქარია ზალიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიმარტა, რომ კომენატრს მოგვიანებით გააკეთებს. საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციას, მათი მხრიდან პასუხის მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.  

ზესტაფონში არსებულ ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები მუშები და პროფკავშირის წარმომადგენლები გასულ წელს პირობების გაუმჯობესების მიზნით საპროტესტო აქციას აანონსებდნენ. თუმცა,  მაშინ  აქცია არ შედგა.

"ჩვენი საშვი დაბლოკეს და ვერ შევდივართ ქარხანაში, რათა მუშები ვნახოთ. ასევე, დაემუქრნენ მუშებსაც, თუკი ისინი აქციას გამართავდნენ, გაათავისუფლებდნენ საწარმოდან. როგორც ვიცით, მათ შეპირდნენ, რომ საქნახშირის დირექტორი შეხვდებოდა. ფაქტია, რომ საშუალება არ მოგვცა აქციის გამართვის", - განმარტავდნენ პროფკავშირის წარმომადგენლები.


ეკა  დუგლაძე
Print