რეგიონი
ტყიბულში ნაგავსაყრელი 2019 წლისთვის დაიხურება
FaceBook

ტყიბულში მოქმედი ნაგავსაყრელი 2019 წლისთვის დაიხურება. მოსამზადებელი სამუშოები  უკვე დაწყებულია. ტყიბულის  არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს  შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.


ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემოღობვა, პოლიგონის შიდა გზებისა და წყალარინების არხების მოწყობა, ნარჩენები დაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკითა და მოეწყო სამეურნეო ზონა.

„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნაგავსაყრელზე მოწყობილ უჯრედში პოლიგონზე ნარჩენების განთავსება მიმდინარეობს, სადაც ხდება განთავსებული ნარჩენების მიწით გადაფარვა. აღნიშნულ კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2007 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული ნარჩენების ინვენტარიზაციის ანგარიშის თანახმად, ტყიბულის ნაგავსაყრელი, რომელიც „წინწკლას მთა“-სთან, სოფელ მანჭიორის ტერიტორიაზე 50 წლის ვადით გაიხსნა 1979 წელს და განახლდა 2003 წელს. სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის ნაგავსაყრელი მართვადი ნაგავსაყრელების რიცხვს მიეკუთვნება და მას განიხილავს კანონიერ ნაგავსაყრელად, ისევე როგორც იმერეთში ფუნქციონირებად სხვა 9 ნაგავსაყრელს, რომელთაც დღეის მდგომარეობით არ გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

„კომპანიის კაპიტალში არსებულ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის არ მქონე ყველა მუნიციპალურ ნაგავსაყრელს (მხოლოდ რუსთავისა და ბორჯომის ნაგავსაყრელებია ნებართვიანი), რომელიც ფუნქციონირებდა საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის (ნმკ) ძალაში შესვლის დროს მიენიჭა „არსებული ნაგავსაყრელის სტატუსი“.

აღნიშნული ნაგავსაყრელები კანონის (ნმკ) თანახმად, არ საჭიროებენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას. თუმცა ან უნდა მოხდეს შესაბამისობის გეგმის შეთანხმება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ან უნდა დაიხუროს 2019 წლისთვის წინასწარ შემუშავებული და სამინისტროსთან შეთანხმებული დახურვის გეგმის შესაბამისად. ამდენად, ტყიბულში მოქმედი ნაგავსაყრელი არ საჭიროებს ნებართვას და დაიხურება 2019 წლისთვის“, - განმრტავს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე.

ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 251 957,00 ლარი შეადგინა.
2018 წლისთვის საქართველოსა და გერმანიის განვითარების ბანკს (kfw) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ განხორციელდება იმერეთის რეგიონში არსებული ყველა მოქმედი ნაგავსაყრელის, მათ შორის ტყიბულის ნაგავსაყრელის ეტაპობრივად დახურვა. სავარაუდოდ არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია გამოყენებული იქნება ნარჩენების გადამტვირთ სადგურად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ ობიექტს ნებართვა არ სჭირდება. გადამტვირთი სადგურიდან ხორციელდება შეგროვებული ნარჩენების ნაგავსაყრელზე მიტანა და უსაფრთხოდ განთავსება.

 

თეონა ჯანელიძე

Print