რეგიონი
ჭიათურაში 97 წლის მოხუცი სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს
FaceBook

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში მცხოვრები 97 წლის ეკატერინე ბარათაშვილი სოციალური დახმარების აღდგენას ორ წელზე მეტია ითხოვს.


მარტოხელა მოხუცი ამბობს, რომ მას ფულადი დახმარების მიღება უმიზეზოდ შეუჩერეს, რადგან მისი სოციალური მდგომარება წლებია უცვლელია.
ეკატერინე ბარათშვილი გვიყვება, რომ მისთვის 60 ლარიანი დახმარება საარსებოდ მნიშვნელოვანია.

"პენსია მაქვს ერთადერთი, რითაც შეშას, წამლებს და საჭმელს ვყიდულობ. სულ დავდივარ სოციალური სააგენტოში და ვკითხულობ ამბავს, ის 60 ლარი ჩემთვის ფულია. ერთადერთი სახელმწიფო თუ დამეხმარება, თორემ მე მეზობელთნ არ გადავალ საჭმელი მაჭამეთქო", - ამბობს მარტოხელა მოხუცი.

ეკატერინე ბარათაშვილი სოციალური შემწეობის მიმღები 2012 წლიდან არის. მაშინ მისი სოციალური მდგომარეობა სარეიტინგო ქულა 61 000 ქულით განისაზღვრა.
თუმცა, გეგმიური გადამოწმების შედეგად მას 2014 წლის სექტემბრეში 73 000 ქულა მიენიჭა, რის გამოც ფულადი შემწეობის მიღება შეუჩერდა. ეკატერინე ბაბუნაშვილის ოჯახური მდგომარეობა სოციალურმა აგენტებმა 2015-2016 წლებშიც აღწერეს. თუმცა, მაშინაც მარტოხელა მოხუცს მაღალი ქულა დაუფიქსირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბარათაშვილისთვის მაღალი ქულების მინიჭება მეთოლოგიაში შესული კრიტერიუმების ცვლილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით ხდება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების განისაზღვრა.

სოციალური შემწეობის მიღების წესში ანუ მეთოდოლოგიაში ცვლილებები 2015 წლის მაისში განხორციელდა. ამის მიხედვით, არსებული ზოგიერთი კრიტერიუმების ამოღება და ახლი დამატება მოხდა. მაგალითად, ცვლილების მიხედვით, ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიაში არსებული პუნქტი, რომელიც სახლში საოჯახო ტექნიკის აღწერას ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, ახალი პუნქტი გაჩნდა, რომელიც სახლის ფართობის და მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში დაფიქსირებას ითვალისწინებს. ეს კი, სარეიტინგო ქულაზე გავლენას ახდენს.

"ამ ქალბატონს აქვს სახლი, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 180 ლარიანი პენსია. ვფიქრობ, სწორედ ამან განსაზღვრა მაღალი ქულა", - ამბობს ჩვენთან საუბარში ჭიათურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, გივი მოდებაძე.

მისი თქმით, ეკატერინე ბარათაშვილს სოციალური მომსახურების სააგენტომ ზესტაფონის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრება შესთავაზა. თუმცა, მარტოხელა მოხუცმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"დამირეკეს გამგეობიდან და მითხრეს რომ გასაუბრება გვინდა თქვენთან რა გიჭირსო. შემომთავზეს მოხუცებულთა სახლი. მაგრამ მე ჩემს სახლში მირჩევნია ყოფნა, აქ უნდა მოვკვდე", - ამბობს ეკატერინე ბარათაშვილი.

ჭიათურის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ დახმარების მიღების მიზნით ეკატერინე ბაბუნაშვილის ოჯახის მდგომარეობას, 2017 წლის მაისში სოციალური აგენტი ისევ შეამოწმებს. სააგენტოს ინფორმაციით, თუ მარტოხელა მოხუცი საკმარის ქულებს დააგროვებს, მას სოციალური დახმარება თავიდან დაენიშნება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში არსებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ეკატერინე ბარათაშვილს ბოლო სამი წლის განმავლობაში არ მიუმართავს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ადგილობრივ ბიუჯეტში წელს 15 სოციალური პროგრამაა გათვალისწინებული. მათ შორის არის ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომლის ბიუჯეტი 2 000 ლარია. პროგრამა ოთხ ბენეფიციარზეა გათვლილი და ის ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულის (100 წლის და უფრ მეტი ასაკის) ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სულ მოსახლეობის რაოდენობა - 39 800 შეადგენს. აქედან, საარსებო შემწეობის მიმღები 10 597 ადამიანია.




 

Print