რეგიონი
"ნაციონალები" საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ბაღდათის გამგეობას ედავებიან
FaceBook
ბაღდათის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მუნიციპალიტეტის გამგეობას საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადებში არ ხდება.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიორგი რობაქიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ თვითმმართველობაში მუშაობა არ იციან და ინფორმაციას შეგნებულად მალავენ.
"ძუნწად არიან ინფორმაციის გაცემაზე. თუ მოგვცეს, ბოლო წუთზე ან საერთოდ არ მოგვცემენ. ბოლო პერიოდში რამდენიმე ააიპ ერთ უწყებად გააერთიანეს. არავინ იცის რა ხდება ამ ააიპ-ებში. ბაღების ააიპ საერთოდ არ გასცემს ინფორმაციას. 9 მარტის შემდეგ სამჯერ მივწერეთ და ამ დრომდე რეაგირება არაა," - აცხადებს გიორგი რობაქიძე.
"ნაციოანალი" დეპუტატის პრეტენზიას საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არ იზიარებს ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე. მისი თქმით, გემგეობაში აღნიშნული მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადებში ხდება.
"ისეთ მოცულობას ითხოვენ, რომ მომზადებას პერიოდი ჭირდება. გამგეობაში ორი წერილი შემოვიდა. ერთ მათგანზე პასუხი დაახლოებით 200 გვერდი გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ვადებში მაინც ჩავეტიეთ. თუ ააიპ-ებიდან რაიმე პრობლემაა, დავიბარებ ხემძღვანელებს და გაფრთხილებას მივცემ, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად გასცენ. ისინი ახალი დანიშნულები არიან და ჯერ კარგად ვერ ერკვევიან დეტალებში," - აცხადებს ირაკლი გეგეშიძე.
დეა მანაგაძე
Print