ახალი ამბები
"დაემუქრნენ მუშებს" - ზესტაფონის ფეროში დასაქმებულების საპროტესტო აქცია ჩაიშალა
FaceBook
ზესტაფონში არსებულ ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების უვადო გაფიცვა, რომლის დაწყება დღეიდან იყო დაანონსებული აღარ შედგება. საპროტესო გაფიცვა-აქციის შეწყვიტის მიზეზად პროფკავშირის წარმომადგენლები ფეროში დასაქმებულებზე ზეწოლასა და მუქარას ასახელებენ.

"ჩვენი საშვი დაბლოკეს და ვერ შევდივართ ქარხანაში, რათა მუშები ვნახოთ. ასევე, დაემუქრნენ მუშებსაც თუკი ისინი აქციას გამართავდნენ, გაათავისუფლებდნენ საწარმოდან. როგორც ვიცით, მათ შეპირდნენ,  რომ საქნახშირის დირექტორი შეხვდებოდა. ფაქტია, რომ საშუალება არ მოგვცა აქციის გამართვის", - განმარტავს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, გოგა ბრეგვაძე.  

არხნის ინჟინერი კახა მაჩიტიძე განმარტავს, რომ გაფიცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოველდღიურად საწარმოში მიდიოდნენ და მუშებს აშინებდნენ.

თავად "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

"უბრალოდ, ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს იმ მიზეზების დასაბუთება, რის გამოც უნდა გამართულიყო აქცია. რაც შეეხება, დასაქმებულების პრეტენზიებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება", - ამბობს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბემა ის საკითხი, თითქოსდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა ჭიათურის ბედს გაიზიარებს და საწარმო ე.წ. სპეციალური მუშაობის რეჟიმზე გადავა.

"ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა", - აღნიშნავს ზალიკაშვილი.

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში დასაქმებულების გაფიცვა, პროფკვაშირების ორგანიზებით ოთხი დღის წინ დაანონსდა. ისინი რვა პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვდნენ.


Print