რეგიონი
სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები - საჩხერის გამგეობამ ხელშეკრულება სამსახურის უფროსთან გააფორმა
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება, გამარტივებული წესით, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გააფორმა.


მუნიციპალიტეტში განხოციელებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კველევას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს.

კვლევის თანახმად, 2014 წლის 10 ივნისს, საჩხერის მუნიციპალიტეტმა ინდ.მეწარმე პეტრე ჭიხორიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა, რომლის მოქმედების ვადად 2014 წლის 15 სექტემბერი განისაზღვრა. ჭიხორიას 53 830, 60 ლარის სანაცვლოდ სოფელ მერჯევში საუბნო საავტომობილო გზებსა და უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, ასევე სოფელ ივანწმინდაში ბეტონის გზის საფარი უნდა მოეწყო.

ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის შემდეგ, 2014 წლის 15 ივნისს, პეტრე ჭიხორია საჩხერის მუნიციპალიტეტში გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად დაინიშვნის ბრძანება გამოიცა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა.

კერძოდ, საჩხერის მუნიციპალიტეტსა და პეტრე ჭიხორიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის 10 ივნისს 3 თვის ვადით გაფორმდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საბოლოო ანგარიშსწორება მხარეებს შორის 2014 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა, მაშინ როცა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, პეტრე ჭიხორია გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის 22 აგვისტოდან დაინიშნა.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტსა და პეტრე ჭიხორიას შორის დადებული ხელშეკრულებით, კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ დაირღვა.

"მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ანგარიშსწორება პეტრე ჭიხორიას უფლებამოსილების წარმოშობამდე ერთი დღით ადრე მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, რადგან ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2014 წლის 15 სექტემბრამდე და სამუშაოების სრულყოფილად შესრულების საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი," - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საჩხერის გამგეობაში აცხადებენ, რომ თანამდებობაზე დანიშვნის დროისთვის პერტე ჭიხორიას ინდ.მეწარმის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადება საგადასახადო სამსახურში დაწერილი ჰქონდა. გარდა ამისა, საჩხერის გამგებლის მალხაზ ბაზაძის განმარტებით, მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულებული ჰქონდა.

საჩხერის გამგებლის ინფორმაციით, 2014 წელს პეტრე ჭიხორიას მსგავსად, გამარტივებული შესყიდვა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისათვის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის განკარგულების (#471) საფუძველზე, კიდევ 6 ინდ.მეწარმესთან შედგა. განკარგულებას ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერდა.

"ასევე, არსებობს საჩხერის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელების თანხმობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას წერილობითი მომართვა საჩხერის მაშინდელი გამგებლის, ამირან ნოზაძისადმი, სადაც იმ ინდ.მეწარმეების ჩამონათვალია, რომლებმაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტები განახორციელეს," - ამბობს მალხაზ ბაზაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

საჩხერის მოქმედი გამგებელი, რომელიც მოვალეობას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ასრულებს, აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესრულებისას მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.



Print