ახალი ამბები
ამორტიზებული გზა და გადაადგილების პრობლემა - სორმონის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
წყალტუბოს სოფელ სორმონში მცხოვრებლებს წლებია ამორტიზებულ გზაზე უწევთ გადაადგილება.
სოფლის გზა წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, 30 წელია არ გაკეთებულა.

უგზოობის გამო სოფლის მკვიდრებს ქალაქში ჩასვლაც უჭირთ. მოსახლეობა ამბობს, რომ მიკროავტობუსმა, უგზოობის გამო, რეისების რაოდენობაც შეამცირა.

სოფლის მკვიდრი ეკა ფურცხვანიძე გვიყვება, რომ სოფელში, სადაც 250 ადამიანი ცხოვრობს გადაადგილება პრობლემას განსაკუთრებით წვიმიან ამინდში წარმოადგენს.

"ავტობუსი, რომელიც სოფელში დადის ამ გზაზე ფუჭდება. მე პირადად კოვიდი მქონდა და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. საათნახევარი დასჭირდა, მაშინ როცა, მხოლოდ 20 წუთის სავალი გზაა. ასეთ მდგომარეობაშია როგორც სოფლის შიდა გზა, ასევე სოფლამდე მისასვლელიც",
- ამბობს ის.


სორმონის შიდა სასოფლო გზა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მსგავსად, გაადგილება სახანძრო/სამაშველო ბრიგადასაც უჭირს.

"სახანძრო გამოიძახა მეზობელმა და მანქანა ტალახში ჩავარდა, ხანძარიც ჩვენ ჩავაქრეთ და მანქანაც ჩვენ ამოვიყვანეთ".

სოფლის შესასვლელი

წყალტუბოს მერიაში ამბობენ, რომ სორმონში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას არ გეგმავენ. მხოლოდ სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობა არის წელს გადაწყვეტილი, რომელიც, მათივე თქმით, უკვე დაწყებულია.

"რაც შეეხება შიდა სასოფლო გზას, სოფლის განვითარების პროგრამა არის ამოქმედებული და მის ფარგლებში შესაძლებელია მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში გააკეთონ'', - ამბობს წყალტუბოს მერიის პრესსამსახურს ხელმძღვანელი ნათია გახოკიძე.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მერიას 704 000 ლარი აქვს გამოყოფილი, თითოეულ სოფელს კი , 10 000 ლარი ეკუთვნის.

სორმონის მკვიდრები ამბობენ, რომ მოსახლეობის მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან, ეკა ფურცხვანიძის განმარტებით, მაინც ის იქნება პრიორიტეული რასაც წყალტუბოს მერია გადაწყვეტს.
Print