რეგიონი
საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებულები 24 წელია ფინანსურ დახმარებას ელოდებიან
FaceBook
ფინანსურ დახმარებას მიწისძვრით დაზარალებული 3200 ოჯახი ითხოვს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახების ნაწილს ფინანსურ დახმარებას 24 წლის შემდეგ გაუწევენ. ფულადი დახმარების გაცემა საცხოვრებელი სახლის მოწყობის მიზნით მოხდება. 

მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით იგეგმება. დახმარებას მიწისძვრით დაზარალებული 3200 ოჯახი ითხოვს.

"ყველა ოჯახს რომ დავეხმაროთ, ამისთვის 15 მილიონამდე თანხა იქნება საჭირო, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ჩვენს მიერ გაწეული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებლობა გვაქვს ის ოჯახები, ვისაც უკვე საკუთარი ძალებით დაწყებული აქვთ რეაბილიტაცია, 200-დან 2000 ლარამდე თანხით დავაფინანსოთ," - განაცხადა ქუთაისპოსტთან საუბარში საჩხერის გამგებელმა, მალხაზ ბაზაძემ.

როგორც გაირკვა, საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებული ოჯახები დახმარების მოთხოვნის მიზნით ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა კობახიძის ბიუროსაც  ხშირად მიმართავენ.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვეხმარებით მათ, რადგან ეს საკითხი ცენტრალური მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა," - ამბობს საჩხერის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი, ნონა ტყემელაძე.

მიწისძვრით დაზარალებულ 3200 ოჯახიდან ფინანსური დხამარება წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 138-მა ოჯახმა მიიღო. თითოეულ ოჯახს მაშინ 5000-5000 ლარი ერგოთ. საჩხერის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე განმარტავს, რომ მაშინ მიწისზვრით დაზარალებული ოჯახების დახმარება არამიზნობრივად მოხდა. რადგან დაზარალებულმა ოჯახებმა თანხები სხვა საჭიროებთვის დახარაჯეს.

"რა პრინციპით მიიღეს ამ ოჯახებმა დახმარება არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მიზნობრივად არ გამოიყენეს და ახლა ჩვენ ისევ გვთხოვენ ფინანსურ დახმარებას," - ამბობს მალხაზ ბაზაძე.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალურ ხელისუფლებაში მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითს განიხილავენ. მალხაზ ბაზაძე ამბობს, რომ თუკი შესაბამისი თანხები მოიძებნება, დაზარალებულები დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.

Print