რეგიონი
"პანიკა არ არის" - ღვანკითის მცხოვრებლები სოფლის ჩაკეტვის შემდეგ
FaceBook
თერჯოლაში ღვანკითის მოსახლეობა სოფლის ჩაკეტვის შემდეგ სიმშვიდეს ინარჩუნებს.

ქუთაისიპოსტს სოფლის მოსახლეობა უყვება, რომ მათთვის ჩაკეტვა მოულოდნელი არ ყოფილა. 

ღვანკითში მცხოვრებ ელენე მახვილაძის თქმით, შიშის მომენტი არ აქვთ, რადგან ისედაც თვითიზოლაციაში იყვენენ და შესაბამისად, კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ვერ ხედავენ. 

"სიმშვიდეა უბანში. დღეს თერმოსკრინინგი ჩაგვიტარეს. ქუჩაში არ გავდივართ, პროდუქტები მომარაგებული გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას. ამინდი ისედაც ცუდია ამ დღეებში და ვართ სახლში თბილად", - ამბობს ელენე მახვილაძე. 

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვის ზრდის გამო ღვანკითი 23 აპრილს 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

ღვანკითის მაჟორიტარ სოფიო ბუსკივაძის თქმით, სოფელში მუშაობს სამი მარკეტი, აფთიაქი და ამბულატორია. ადგილზე მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება. ბუსკივაძის თქმით, სოფელში პროდუქტებისა და მედიკამენტების მარაგის შევსებას ცდილობენ. მისივე თქმით, დღეს სოფელში თერმოსკრინინგი 621 ადამიანს ჩაუტარდა.

"COVID-19-თ ინფიცირებული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა და მოსახლეობა, ბუნებრივია, შეშინებულია, თუმცა ისინი ამ (სოფლის ჩაკეტვის) გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდენ.

ღვანკითის მცხოვრებლებს ამ ეტაპისთვის სოფლის შიგნით ფეხით გადაადგილების უფლება და ადგილზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის დამუშავების უფლება აქვთ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2 438 ადამიანი ცხოვრობს.

ქუთაისის ახალ ინფექციურში თერჯოლის სოფელ ღვანკითიდან ჯამში 7 ადამიანი იყო მოთავსებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამჟამად კლინიკაში თერჯოლის ე.წ. კლასტერიდან მკურნალობას 6 პაციენტი განაგრძობს.
Print