რეგიონი
დააჩოქა თუ არა წყალტუბოს სკოლის დირექტორმა მოსწავლეები? – რა მოხდა სკოლაში
FaceBook

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ,  მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს  დააჩოქა.


შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.


გიორგი ბენიძემ, რომელიც ბავშვებს  ისტორიას ასწავლიდა, მოზარდები  მუხლებზე იმის გამო დააყენა, რომ მოსწავლეებმა გაკვეთილი არ იცოდნენ და ხმაურობდნენ.

როგორც ქუთაისიპოსტს უყვებიან, მომხდარის შემდეგ მოზარდების მშობლებმა სკოლის დირექტორი დაიბარეს და კლასის წინაშე  ბოდიში მოახდევინეს.


ინფორმაციას ადასტურებენ ამავე კლასის მოსწავლეები.


„ხმაურობდნენ. გამოიყვანა და დააჩოქა. ერთი დაფასთან,  ორი კედელთან. ახლა სხვა მასწავლებელი გვასწავლის “, – ამბობს ერთ–ერთი მოსწავლე.


მოზარდების მიმართ დასჯის სასტიკი და  დამამცირებელი მეთოდის გამოყენებას ადასტურებენ სამი მოზარდიდან  ერთ–ერთის  ოჯახში.

„ყველაფერი გარკვეულია. მან ბოდიში მოიხადა მთელი კლასის წინაშე“,–ამბობს მოზარდის ბებია.



მომხდარზე საუბარი არ სურს კლასის დამრიგებელს. თამარ მიქაუტაძე ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ არც ადასტურებს.

„ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ დირექტორს“, – ამბობს თამარ მიქაუტაძე.



მოზარდების სამაგალითოდ დასჯას უარყოფს გიორგი ბენიძე და  ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.


„არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არც ერთ მშობელს ჩემთვის არ მოუმართავს ამის შესახებ. მე თუ ბავშვი დავაჩოქე, დავაბულინგე, ბავშვმა სახლში მიიტანა ამბავი, მშობელს უთხრა და მშობელმა   არავის  მიმართა? ყველა ბავშვთან მაქვს კარგი ურთიერთობა და ვთვლი, რომ ბავშვი კი არ უნდა დავაბულინგოთ, პირიქით, სტიმული უნდა მივცეთ“,–ამბობს გიორგი ბენიძე.


გიორგი ბენიძე აღნიშნულ კლასს აღარ ასწავლის. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მან  ჯგუფი  სწორედ ამ ფაქტის გამო დატოვა, თუმცა, თავად ამბობს, რომ გაკვეთილების ჩატარებაზე უარი გადატვირთული გრაფიკის გამო თქვა.


მომხდართან დაკავშირებით ქუთაისპოსტმა განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა,   სამინისტროში არ გვითხრეს იციან თუ არა მომხდარის შესახებ და არც ინფორმაციაზე რეაგირების პირობა მოგვცეს. გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ წერილობით უნდა ვაცნობოთ და შესაბამისი სამსახური ვადების დაცვით გვიპასუხებს.

Print