რეგიონი
მაღაროელები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ - როგორია ჭიათურა დღეს (ვიდეო)
FaceBook

11 დღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების უმრავლესობა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. ხოლო ის დასაქმებულები, რომლებიც შიმშილობდნენ, ორი კვირის განმავლობაში, თავიანთ სახლებში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.


როგორც მაღაროელები ამბობენ, 28 მაისს ჭიათურაში მშვიდი დღე გათენდა. ჭიათურელების თქმით, დღეს მათ ქალაქში ჰაერიც უფრო სუფთაა, რადგან გაფიცვის დღეებში, მაღაროელები მარგანეცით დატვირთულ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

მაღაროელები ამბობენ, რომ 11 დღიანი პროტესტის შემდეგ, მთავარი მიზანი მიღწეულია და ახლა კომპანიის მიერ დანაპირების აღსრულებას ელოდებიან.


მაღაროელების მსგავსად, ჭიათურაში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ მაღაზიებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები, რომლებიც გაფიცულ მაღაროელებს 27 მაისს შეუერთდნენ. მათი თქმით, ობიექტების დაკეტვის გამო მართლია ფინანსური ზარალი ნახეს, თუმცა ამბობენ, რომ ეს არაფერია იმ შედეგთან მიმართებაში, რასაც ერთად ყოფნით მიაღწიეს.





ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტის 3 200-მდე თანამშრომელი 11 დღის მანძილზე გაფიცული იყო. 15 მათგანი კი შიმშილობდა.  ისინი ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. 

მაღაროელების პროტესტი, რომელსაც მე-11 დღეს პედაგოგები, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელბი, მოსწავლეები შეურთდნენ, 27 მაისს შეთანხმებით დასრულდა.  "ჯორჯიან მანგანეზი"  მაღაროელების ხელფასების მომატებას და სამუშაო  გარემოს გაუმჯობესებას დაპირდა.



8 პუნქტი, რაზეც “ჯორჯიან მანგანეზი” და მაღაროელები შეთანხმდნენ



27 მაისს  ჭიათურის მერისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების - ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე “ჯორჯიან მანგანეზმა” და გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას. რის შედეგადაც გადაწყდა, რომ:

1. “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე.

2. “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს.

3. “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის - თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას.

4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს.

5. “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას.

6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას.

7. “ჯორჯიან მანგანეზი” და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს.

8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

Print