რეგიონი
სამტრედიაში მდინარეები გასული საუკუნის შემდეგ პირველად იწმინდება
FaceBook
სამტრედიაში არსებული მდინარეები, ჭურთავა, ლოღობა და ოჭოფა, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაწმენდილა, მოსახლოებას საფრთხეს უქმნის.

"წლების განმავლობაში გაუწმენდავი მდინარეები პრობლემას უქმნის ქალაქს. წვიმის დროს მთელი ქალაქი იტბორება," - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.
მდინარეების კალაპოტის გაწმენდაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 248 780 ლარი გამოჰყო. აღნიშნულ თანხაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი მიმდინარე წლის 18 ივლისს გამოაცხადა.
ტენდერის შედეგად, მდინარეების გაწმენდითი სამუშაოების გაწმენდაზე პასუხისმგებლობა შპს "ლომს" დაეკისრა. თუმცა, გამარჯვებულ ორგანიზაციას, როგორც სამტრედიის გამგებელი, ვალერი ფოცხვერია ამბობს, დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო მდინარეების გაწმენიდითი სამუშაოების პასუხისმგებლობა შპს "უ.ს.ფ 999"-ს დაევალა, რომელიც თანხის მიხედვით შპს "ლომის" შემდეგ, მომდევნო პრეტენდენტი იყო ტენდერში. შპს "უ.ს.ფ 999" -მა სამუშაოების შესრულებაში 135 000 ლარი მოითხოვა.
კომპანიის წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტთან დოკუმენტაციის დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება.
შპს "უ.ს.ფ 999"-მა სამტრედიაში მდინარეების გაწმენდა ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დაასრულოს.
"ნაწილი გრუნტი უნდა ამოვიღოთ და უნდა მოიხნას 40 სმ სისქის ფენა, კერძოდ ხავსი და ნატანი," - განმარტავს რუსლან ირემაძე, შპს "უ.ს.ფ 999"-ის წარმომადგენელი.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია თუ სად მოხდება მდინარიდან ამიღებული ნატანის გატანა. თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქიდან ნაგვის გატანა 2 კმ-ის რადიუსითაა გათვალისწინებული.
დეა მანაგაძე

Print