რეგიონი
სამტრედიაში პარკირების ადგილები აუქციონზე გააქვთ
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტს პარკირების 22 ადგილი აუქციონზე მეორედ გააქვს.

აუქციონში გამარჯვებულმა ადგილობრივ ბიუჯეტში 3 წლის მანძილზე 15 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
სამტრედიის გამგეობამ პირველად გასულ წელს აუქციონზე პარკირების 20 ადგილი გაიტანა. თუმცა, გამარჯვებულმა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება მორიგების საფუძველზე გაწყვიტა.
გასულ წელს პარკირების ადგილების აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რომან ბეჟუაშვილმა გაიმარჯვა. იმ დროისთვის აუქციონის საწყისი ფასი 2 270 ლარს შეადგენდა.
სამტრედიის გამგეობის ქონების განკარგვის კომისიის მდივნის, ნატო ვაშაკიძის ინფორმაციით, პარკირების საწყისი ფასი 1კვ.მ მიწის ნაკვეთის მიხედვით განისაზღვრა. საერთო ჯამში, 20-ვე ადგილის ფართმა 2244 კვ.მ შეადგინა.
ფიზიკური პირი, რომან ბეჟუაშვილი აუქციონში მონაწილე პრეტენდენტებს შორის მაღალი ფასის გამო გამარჯვებულად გამოცხადდა. მან პარკირების ადგილების სანაცვლოდ სამტრედიის ადგილობრივ ბიუჯეტში წლიური თანხის 15 950 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა.
თუმცა, გამგეობაში ამბობენ, რომ ბეჟუაშვილმა ამ თანხის გადახდა ვერ შეძლო და ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით ადგილობრივ მთავრობას მიმართა.
სამტრედიის გამგეობის ქონების განკარგვის კომისიის მდივანი, ნატო ვაშაკიძე ამბობს, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ბეჟუაშვილთან ხელშეკრულება მორიგების საფუძველზე გაწყვიტა, რის გამოც იგი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არ დაჯარიმებულა.
დეა მანაგაძე

Print