რეგიონი
სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატს 320 განცხადებით მიმართეს
FaceBook
"თუკი არის ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარება ჩვენ შეგვიძლია, ვეხმარებით. სხვა შემთხვევაში, ტელეფონზე ვურეკავთ დეპუტატს".

სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, დეპუტატის, გიორგი კახიანის სახელზე მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე 320 განცხადება შევიდა. ამომრჩევლები მაჟორიტარი დეპუტატისგან სოციალური საკითხების მოგვარებას ითხოვენ. ასევე,
"რატომღაც გგონიათ, რომ მაჟორიტრმა დეპუტატმა მაინცდამაინც ფინანსური დახმარება უნდა გასწიოს. არადა, ეს კანონით არის აკრძალული", - ამბობს სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, თინათინ ხარძიანი.
ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, გიორგი კახიანი საკანონმდებლო ორგანოში დატვირთული რეჟიმის გამო, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ ახერხებს სამტერდიაში ჩასვლას.
დეპუტატთან შესახვედრად მისულ მოქალაქეებს კი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგნლები ხვდებიან და როგორც ხარძიანი ამბობს, პრობლემებსაც უგვარებენ.
"თუკი არის ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარება ჩვენ შეგვიძლია, ვეხმარებით. სხვა შემთხვევაში, ტელეფონზე ვურეკავთ დეპუტატს", - განმარტავენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში.
ბიუროს ხელმძღვანელი, თინათინ ხარძიანი ირწმუნება, რომ შემოსული 320 განცხადების 80% მათ მიერ დაკმაყოფილებულია.
მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" კვლევა ჩაატარა.
"ბიუროებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით ბიუროები სპეციალურ კვლევას არ ატარებენ. მათ მიერ პრობლემის გამოკვეთა ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაფიქსირებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე ხდება", - ნათქვმია კვლევაში.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრობლემების იდენტიფიცირების მიუხედავად, ფინანსური რესურსის არ არსებობის გამო, მაჟორიტარის ბიურო მოკლებულია კონკრეტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას. ასევე, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების პრობლემის მოგვარება სხვა სახელმწიფო ორგანოში (ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობა) გადამისამართების ან/და მაჟორიტარის პირადი კონტაქტების ხარჯზე ხდება.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ არ ხორციელდება აღმოჩენილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. რაც შეეხება ინიცირებულ ცვლილებებს, ისინი ჯგუფური ხასიათისაა და დეპუტატების ინდივიდუალურ მუშაობს არ ასახავს.
გიორგი კახიანმა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2012 წლის საპრალამენტო არჩევნების შედეგად მიიღო.

თეკლე მორგოშია
Print