რეგიონი
3500 ადგილიანი ტრიბუნა და VIP ლოჟები - წყალტუბოს თანამედროვე სტადიონი ექნება
FaceBook
წყალტუბოს 2018 წლის ზაფხულისთვის ბუნებრივსაფარიანი სტადიონი ექნება.
საუბარია, მუნიციპალიტეტში არსებულ ძველ, 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციაზე, რომლის პირველი ეტაპიც 2018 წლის
თებერვლიდან უნდა დაიწყოს.

წყალტუბოს მუნიციალიტეტის ადმინისტრაციის  ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაცია ორ ეტაპად მოხდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაიგება ახალი, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, გაკეთდება 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები. ასევე, დამონტაჟდება ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და გალამაზდება სტადიონის მიმდებარე ტერიტორია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ სტადიონზე თამაშს შეძლებს წყალტუბოს საფეხბურთო გუნდი "სამგურალი," რომელიც ბუნებრივსაფარიანი სტადიონის არარსებობის გამო საშინაო მატჩებს მარტვილში ატარებდა.

"სტადიონის რეაბილიტაციისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩამოსული იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ტექნიკური ჯგუფის წევრები. ტექნიკის გამოყენებით შეამოწმეს მოედნის საფუძველი, სადრენაჟო სისტემა და სხვა კომუნიკაციები. სტადიონის რეაბილიტაციის შემდეგ ფეხბურთელებს მატჩებზე აღარ მოუწევთ წყალუბოდან გასვლა, რაც გუნდს უფრო მეტად განავითარებს და ასევე დავზოგავთ თანხებს, " - ამბობს ,,სამგურალის" გენერალური დირექტორი ამირან ვარდანიძე.

მისივე ინფორმაციით, სტადიონისს რეაბილიტაციას ადგილორივი ხელისუფლება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლვად განახორციელებს.
როგორც ირკვევა, ფედერაციამ საკუთარ თავზე მოედნის დაგება აიღო, ადგილობრივი თვითმართველობა ტრიბუნების მოწყობის, სტადიონის შემოღობვისა და სხვა ინფასტრუქრურული ხარჯებს დაფარავს.

სტადიონზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, თებერვლიდან დაიწყება, ხოლო სრულად ზაფხულამდე რეაბილიტირდება.

"სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპზე აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, დამონტაჟდება განათება, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი," - აცხადებს  ამირან ვარდანიძე.

მისივე თქმით, სამუშაოების დაწყებამდე, ჯერ სტადიონის სრული რეაბილიტაციის პროექტი უნდა შემუშავდეს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

Print