პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ბოიკოტს უცხადებს
FaceBook
საკრებულოს ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღმასრულებელმა ბიუჯეტი დასამტკიცებლად ფორსირებულად წარმოადგინა, არ მოხდა მისი სრულყოფილად შესწავლა და ის არ ასახავს ქუთაისელთა საჭიროებებს.

"კურიოზია, როცა მერია მის მიერვე დაწუნებულ ბიუჯეტს იღებს. არავითარი ცვლილებები ახალ ვარიანტში, რომელიც აღმასრულებელმა კომისიების გაფართოებულ სხდომაზე წამოგვიდგინა, ამ ბიუჯეტში არ არის. ეს იყო ნაჩქარევი პროცესი და ფორსირებულად წარმოადგინა პროექტი ხელისუფლებამ. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა სრულყოფილად განგვეხილა ბიუჯეტი და ხელისუფლებამ არც ერთი ჩვენი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

ბიუჯეტს ნაჩქარევს უწოდებს "ევროპული საქართველოც" და პროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს.

"ჩვენ ვერ ავიღებთ ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას და არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის მერიამ ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან ორჯერ გაითხოვა. 17 იანვარს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე კი ცვლილებებით წარმოადგინა, თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალური ცვლილებები პროექტში არ შესულა.

Print