რეგიონი
„ფულს აგროვებდა, ხუთი წლის უნახავი ცოლშვილი უნდა ენახა“ - მშენებლობაზე დაღუპულის დედა
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 27 დეკემბერს მშენებლობაზე დაღუპულის ერთ-ერთი მუშის დედის თქმით, მისი შვილი ფულს აგროვებდა, რომ  ხუთი წლის წინ იტალიაში წასული ცოლ-შვილი მოენახულებინა.
მისი თქმით, გარდაცვლილი ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო.

"ხუთი წლის უნახავი შვილი ყავდა, ფულს აგროვებდა, ამ ზაფხულზე უნდოდა რომ წასულიყო და ენახა ცოლ-შვილი. 42 წლის იყო, ის გვარჩენდა მეც და ჩემს მეუღლესაც. საღსალამათი შვილი გავუშვი და დასახიჩრებული მომიყვანეს",  -ამბობს მარინა ფხაკაძე.

გარდაცვლილის ძმის გოგა ფხაკაძის თქმით, მის ძმას მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, სხვადასხვა დროს იგი ქუთაისში პარლამენტისა და იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მუშაობდა. რა მოხდა აღმაშენებლის გამზირზე, არ იცის.

"მუშაობის დროს ტელეფონსაც არ პასუხობდა, მეოთხე სართულზეც რომ ყოფილიყო ასული, მეუბნებოდა ვმუშაობო და ტელეფონს მითიშავდა. მესმის, რომ არ უნდა ასულიყო ამწეთი, მაგრამ თავისით ხომ ვერ ავიდოდა იმ სიმაღლეზე, ვიღაცამ ხომ დააჭირა ხელი ქვემოთ ღილაკს? ყველანაირი სტანდარტია იქ დარღვეული", - ამბობს გოგა ფხაკაძე.

იგი მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ მასთან გარდაცვლილიც ხშირად საუბრობდა.

27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მუშებს  სამშენებლო მასალები ამწეთი აჰქონდათ და თავად ამწეზე იდგნენ. მოულოდნელად  ბაგირი გაწყდა და მუშები მერვე სართულიდან გადმოვარდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი.


ამავე თემაზე:

"უსაფრთხოება არ იყო დაცული" - მშენებლობაზე დაღუპულის ოჯახი



Print