რეგიონი
უკანონო ნაგავსაყრელი ოფშკვითში (ფოტო)
FaceBook
წყალტუბოში, სოფელ ოფშკვითში არსებულ უკანონო ნაგავსაყრელს მოსახლეობა აპროტესტებს.

მათი თქმით, ადგილზე სამშენებლო მასალებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ადგილობრივები ყრიან.

"აქ სხვა სოფლიდან და მით უმეტეს ქალაქიდან არავინ მოვა. ისევ აქაურები ვაბინძურებთ," - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 



სოფელ ოფშკვითში წყალტუბოს მერის წამომადგენლის, რევაზ მარგველაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დასუფთავების მანქანა ყოველ
მეორე დღეს დადის და ამავე დროს, მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს არ იხდის, ადგილობრივები ნაგავს მაინც ყრიან.

"ეს დიდი ხნის პრობლემაა. ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გარემო არ დააბინძურონ. ბოლო პერიოდში შემცირდა მასშტაბები, თუმცა, პრობლემა მაინც არის," - ამბობს რევაზ მარგველაშვილი.

დაჯარიმდა თუ არა ოფშკვითში მცხოვრები რომელიმე ადგილობრივი უკანონო ნაგვის დაყრის გამო, წყალტუბოს მერის წამომარდგენელმა ამის შესახებ არ იცის. თუმცა, მისი ინფორმაციით, სოფლის ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებენ.

" მგონი არავინ დაუჯარიმებიათ," - ამბობს წყალტუბოს მერის წამომარდგენელი ოფშკვითში, რევაზ მარგველაშვილი.

სოფელ ოფშკვითში უკანონო ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ უწყებაში პრობლემას არ იცნობენ და შესაბამისად, დაჯარიმების ოქმიც  არ შეუდგენიათ. თუმცა, დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ დასავლეთის რეგიონული სამმართველო საკითხს კონტროლის ქვეშ დააყენებს.



რაც შეეხება, დასუფთავებას, უწყებაში განმარტავენ, რომ ნაგავსაყრელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მოაწესრიგოს.

წყალტუბოს დასუფთავების სამსახურში გაგვიცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო ნაგავსაყრელები, სოფელ ოფშკვითის გარდა, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს.

წყალტუბოს მერიის დასუფთავების  სამსახურის ხელმძღვანელი, დავით იობიძე ჩვენთან საუბარში ირწმუნება, რომ სოფელ ოფშკვითში უკანონი ნაგავსაყრელის ტერიტორია მომავალ კვირაში გაიწმინდება.



Print