ინტერვიუ
სქემიღუმენი ილია (ვაშაკიძე) - ამბიონებიდან იქადაგება აშკარა ერესი და სინოდი ამაზე დუმს
FaceBook
ერესი, ეთნოფილეტიზმი, განუკითხაობა - ამ და სხვა საკითხებს ასახელებს სქემიღუმენი ილია (ვაშაკიძე) მიზეზად, რის გამოც მან საქართველოს საპატრიაქოს იურისდიქცია დატოვა.

თავის მხრივ, სინოდმა  სქემიღუმენის შესაფებებს და კრიტიკას სხვა კვალიფიკაცია მისცა. მათ ცილისწამება უწოდა და განჩინება გამოიტანა, რომლის თანახმად, კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა.

რამდენად მოდის სინოდის გადაწყვეტილება თანხვედრაში საეკლესიო სამართალთან? აგრძელებს თუ არა მღვდელმსახურებას მამა ილია და რა გახდა სქემიღუმენის გადაწყვეტილების მიზეზი?

აღნიშნულ საკითხებზე სქემიღუმენი ილია (ვაშაკიძე) გვესაუბრება.


-რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ საპატრიარქომ მღვდლობიდან გადაგაყენათ? თუმცა ამასთან ერთად თავადაც თქვით უარი სინოდის დაქვემდებარების ქვეშ დარჩენილიყავით...

-მე ვარ მოქმედი მღვდელმსახური, არავის არსაიდან არ გადავუყენებივარ, იმდენად, რამდენადაც მე სინოდის სხდომაზე არავის არ დავუბარებივარ და თუ დამიბარეს, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს ფოსტის რეესტრიდან სამ ეგზემპლარად. ერთი უნდა იყოს ჩემთან, ერთი საქართველოს ფოსტის რეესტრში და ერთიც საპატრიარქოში და სამივე ეგზემპლარი დადასტურებული უნდა იყოს ჩემი ფაქსიმილეთი, რაც საპატრიარქოს არ გააჩნია, რომ წარადგინოს დოკუმენტაციის სახით. მარტო ესაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს არარსებული განჩინება ბათილად იყოს ცნობილი, სხვა მიზეზების ჩამოთვლას რომ არ მოვყვე აქ. არ ვყოფილვარ დაბარებული და ლინჩის წესით გამასამართლეს, არ მქონია არცერთი გაფრთხილება და ა.შ. არანაირი სურვილი არ მაქვს ვიყო იმ კორპორაციის ანუ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, სადაც ხალხს ლინჩის წესით ასამართლებენ და სადაც სრული განუკითხაობა სუფევს. ნუ იყოფინ! ამინ!

-და მაინც, რომელი საეკლესიო სამართლებრივი კანონმდებლობით აგეკრძალათ მღვდელთმსახურება?

-გამომდინარე ჩემი წინა პასუხიდან, ვგონებ, ნათელი უნდა იყოს ამ კითხვაზე პასუხი. ამაზე უბრალოდ არც ღირს საუბარი, ეს იუმორის თემაა. მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გამოაცხადა კონსტანტინოპოლის ადგილობრივი მეორე კრების 26-ე კანონი, როდესაც კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას სულ შვიდი კანონი აქვს მიღებული და 26-ე კანონი ბუნებაში არ არსებობს. ამ კითხვაზე კოტე ყუბანეიშვილის სიტყვებით გიპასუხებდით:
"ვინაც არ იცის თავის სწავლება
სხვისაზე უწევს ხელის წავლება".

-რა არის თქვენი პროტესტის მიზეზი? რას ვერ ეთანხმებით, მაშინ როცა სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა სრულ ჰარმონიაში რჩება საპატრიარქოსთან?

-საპატრიარქო ღრმად შეტოპილია ეთნოფილეტიზმის ერესში, რაც 1872 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა კრებამ ერესად გამოაცხადა და ამ დადგენილებას აღმოსავლეთის პატრიარქებმა დაუჭირეს მხარი. ამბიონებიდან იქადაგება აშკარა ერესები და სინოდი ამაზე დუმს. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობამ აცვა ქრისტე ჯვარს და უმრავლესობას უხაროდა ბრეჟნევის დროს შვილების "არტეკში" გაგზავნა.




Print