ინტერვიუ
ელდარ ლობჟანიძე - ადამიანები ეკლესიაში ხშირ შემთხვევაში აჩრდილებს ემსახურებიან
FaceBook
აღდგომის დღესასწაულს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ყოველ ჯერზე თავიდან გავდივართ ვნების კვირას, ყოველ ჯერზე თავიდან "ჯვარს ვაცვამთ" ქრისტეს, ვგლოვობთ წითელ პარასკევს და შემდეგ თავიდან "აღვადგენთ მკვდრეთით".

რიგი თეოლოგები აღნიშნულ ციკლურობას გამართლებულად არ მიიჩნევენ. რატომ არ იზიარებენ აღნინულ ტრადიციას? რამდენად ჭარბობს რიტუალი რეალურ რწმენას, სიცოცხლე სიკვდილს აღდგომასთან მიმართებაში?
აღნიშნულ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება თეოლოგი ელდარ ლობჟანიძე.

- გამართლებულად მართლაც არ მიმაჩნია აღდგომის აღნიშვნის ეს ციკლურობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. მოციქული პავლე თავის წერილში ებრაელთა მიმართ ასეთ რამეს წერს, რომ ქრისტე ერთხელ მოკვდა და ერთხელ აღდგა მკვდრეთით და ის არასოდეს არ მოკვდება, ის მარადიულად ცოცხალია. არ ჭირდება ამ ყველაფერს თავიდან გამეორება და ა.შ. ქრისტიანობამ იგივე შეცდომები დაუშვა რაც თავის დროზე ებრაელმა ერმა, ანუ ის რიტუალები, რომელიც მიცემული ქონდა და რომელიც ღვთისაგან იყო დადგენილი ებრაელი ხალხისთვის, მოციქული პავლეს განმარტებით, იყო აჩრდილი მომავალი დიდების. ებრაელ ხალხს ამ რიტუალებში უნდა დაენახა ქრისტეს სახე. მაგრამ ამ რიტუალებში მაცხოვარი ვერ დაინახეს და დარჩნენ ამ აჩრდილების მსახურებაში. ეს უბედურება დღევანდელ დღესაც გრძელდება უკვე ჩვენი ხალხის რელიგიური ცხოვრების ისტორიაში. შემოვინახეთ ძალიან ლამაზი რიტუალები და სიმბოლოები, რაც აღდგომას უკავშირდება. მაგალითად, პურის მარცვლისა და ჯეჯილის სიმბოლო. რას იშნავს ეს? ამაზე ასეთი განმარტება მოვისმინე: ჯეჯილი გვჭირდება იმისათვის, რომ გალამაზდეს სააღდგომო სუფრა. ჯეჯილი მართლაც მშვენიერია, მაგრამ დავიწყებულია ის აზრი, რაც ამ სიმბოლოში არის ჩადებული და ძალიან ცოტას თუ აინტერესებს ამ აზრის გაცოცხლება.
- და რა აზრი დევს ჯეჯილში?
- ჯეჯილის სიმბოლო მოდის იესოს სიტყვებიდან, როდესაც ქრისტე ამბობს, თუკი მარცვალი არ ჩავარდა მიწაში და არ მოკვდა, ის მარტო დარჩება და ნაყოფს ვერ გამოიღებს, ხოლო თუკი ჩავარდა მიწაში და მოკვდა, ის აუცილებლად ბევრ ნაყოფს გამოიღებსო. ეს სიტყვები წინასწარმეტყველება იყო საკუთარ თავზე. ამით ამბობდა, რომ ის უნდა მომკვდარიყო, რომ ამ სიკვდილით სიჯვდილზე გაემარჯვა დარომ საუკუნეების განმავლობაში ბევრი მიმდევარი ყოლოდა მის სწავლებასა და მოძღვრებას და ა.შ.. ეს ჯეჯილი განასახიერებს იესოს სიკვდილს, იესოს აღდგომას და მარადიულ სიცოცხლეს. ლამაზი სიმბოლოა, მაგრამ ჩვენმა ხალხმა, ისევე როგორც ებრაელმა ერმა თავის დროზე, სიმბოლოდ, რიტუალად , აჩრდილად დატოვა და არ გაიაზრა ამ სიმბოლოს რეალური არსი. ადამიანები ეკლესიაში ხშირ შემთხვევაში აჩრდილებს ემსახურებიან.
ვიმეორებ, რომ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც თავიდან მეორდება ეს ყველაფერი და მე არ მომისმენია ვინმე გამოსულიყოს და ეთქვას, რომ ქრისტე ერთხელ მოკვდა, ერთხელ აღდგა და დღეს უნდა ვუყურებდეთ როგორც ცოცხალს და არა როგორც მკვდარსა და ტანჯულს.
- ასე რომ ვუყურებთ აღდგომა ამიტომაც ვერ გაცილდა სასაფლაოს სივრცეს. ტრადიცია ისევ მძლავრობს აღდგომის რეალურ არსს. სიკვდილი ისევ მძლავრობს სიცოცხლეს. ეს მიმართება მორწმუნეთა დიდმა პროცენტმაც ვერ შეცვალა (ყოველ შემთხვევაში სტატისტიკურად დიდი ციფრია) რატომ?
- ერთი ჭვკვიანი კაცი ამბობდა - წადი სასაფლაოზე მაშინაც კი თუკი შენს ახლობელთაგან არავინ არის დამარხული, წადი და იფიქრე შენს წარსულ და მომავალ ცხოვრებაზე, რადგანაც თითქმის არ არსებობს ქვეყანაზე იმაზე კარგი ადგილი ფიქრისთვის ვიდრე ჩვენი წინაპრების საფლავები. რა შეიძლება გითხრას შენი წინაპრის საფლავმა? ერთადერთი შეიძლება გითხრას რომ ის ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე, დაიბადა, რაღაც დრო იცხოვრა წუთისოფელში და გარდაიცვალა და აქ არის დამარხული. ამის მეტი არაფრის მთქმელი არ შეიძლება იყოს ეს საფლავები. მხოლოდ ერთი საფლავია მსოფლიოში, რომელსაც მართლაც ბევრი რამის თქმა შეუძლია. რომელიც ყველა ადამიანს ელაპარაკება და შეიძლება ყველა ადამიანს გასცემს მის კითხვებზე პასუხს, ეს არის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საფლავი. აღდგომა არის ქრისტეს ამ წუთისოფელში ცხოვრების გვირგვინი, მაგრამ აღდგომის დღე რომ მისულიყო ქრისტე უნდა დაბადებულიყო, ეცხოვრა, ეტანჯა და მომკვდარიყო. სიკვდილის გარეშე არ იქნებოდა აღდგომა. ამ სიკვდილის და იმ გზის გახსენება ხალხს არ უნდა, რადგან ეს არ იყო უბრალო გზა, უბრალო სიამოვებით გასავლელი გზა. იგი ეკლიანი გზაა და ამ გზის გავლაზე ბევრი ამბობს უარს.
- ამ გზის გააზრების გარეშე, ვერ გავიგებთ აღდგომის მნიშვნელობას?
- ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც ქრისტეს მიყვება ამ გზაზე. ეს გზა უნდა გაიაროს ყველამ ვისაც სურს, რომ იესოს მიმდევარი იყოს. იესოს ჯვარი აკიდეს და უთხრეს, რომ ეს ჯვარი უნდა მიეტანა გოლგოთამდე. გოლგოთამდე გზაზე მას მიყვებოდნენ უბრალო მაყურებელები, ასევე ჯარისკაცები და მღვდელმსახურები,რომელთაც ბრალი დადეს იესოს და იყო მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც სწამდათ იესოსი როგორც მხსნელისა და მაცხოვრის,  ისინი მიყვებოდნენ შეშინებულები, ყველა მიყვა ჯვრამდე, თუმცა შემდეგ ყველა გაიფანტა და საბოლოოდ იესო დარჩა საფლავში. ეს საფლავი მაგონებს პლატონის მღვიმეს - ჩაკეტილ, უკუნით მოსილ სივრცეს, სადაც დასვენებულია იესო ქრისტე. პრობლემა იმაშია, რომ დღევამდელ დღეს ბევრი ადამიანისთვის იესო ქრისტე ისევ მკვდარი რჩება, იმ საფლავში გამოკეტილი. იმიტომ რომ აზროვნებაში არ მოხდა აღდგომა, გონებრივი განახლება , იესო დარჩა მკვდარი, ან არარსებული, როგორც ისტორიული პიროვნება. შესაბამისად იესოს არ ვაცლით გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდა ჩვენს ცხოვრებაში, მკვდრად ვტოვებთ, არ ვაძლევთ საშუალებას ამ სიბნელეს გამოსცილდეს და აღდგომის ნათელი შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში. ამას არ აკეთებენ როგორც ცალკეული პიროვნებები, ასევე ეკლესიები, თუკი ეს სიკვდილიდან სიცოცხლემდე გზა არ გაიარა როგორც ცალკეულმა პიროვნებამ, ისე ეკლესიამ, არაფერი სასიკეთო ჩვენს ცხოვრებაში არ მოხდება. და ალბათ ამიტომაც ასოცირდება აღდგომა დღემდე სიკვდილთან და საფლავთან...
- და მაინც, რამდენად ითავისებენ მორწმუნეები აღდგომას, ანუ რამდენად არის ქრისტეს აღდგომა მათი აღდგომაც. თუ აღდგომის ფაქტი მხოლოდ ქრისტეს ეხება ? არის თუ არა აღდგომა ჩვენიც, ჩვენი პირადი გამარჯვებაც სიკვდილზე?
- აღდგომა არის იმედის დღე. პავლე ამბობს, რომ იესო აღდგა ჩვენი გამართლებისთვის. ეს არ არის უბრალოდ იესოს აღდგომა თავისი თავისთვის, რომ მან აღდგომით დაამტკიცა რომ ღმერთია. არა! იესო ქრისტეში ყველა მორწმუნეს აქვს შანსი მომავლი აღდგომის. აღდგომა არის დღე, როცა ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ იესო მართლა თავისი თავისთვის მოკვდა, თავისი თავისთვის აღდგა, თუ ეს მეც მეკუთვნის და მეც შეიძლება გავხდე მონაწილე ამ აღდგომის. აღდგომა ჩვენი და კაცობრიობის სიხარულია, იესო ყველა ადამიანის გულისთვის მოკვდა. და თუკი ჩვენ ვკვდებით მასთან ერთად, მასთან ერთად გვექნება მოზიარეობა იმ სიცოცხლესთან, რომელშიც იესო იმყოფება.

ეკა კუხალაშვილი
Print