ინტერვიუ
მეტი ვუსმინოთ ბავშვებს - ნატალი პატარიძე
FaceBook
"მშობლებმა ნაკლებად უნდა ვეცადოთ, ჩვენი უარყოფითი გამოცდილებებით, შევაფერხოთ ბავშვების განვითარება."

"ბავშვები მშობლებზე მეტად დროს ემგვანებიანო", ამბობდა ერთი აღმოსავლელი ბრძენი. ეს თუ ასეა ,მაშინ დროის მოტანილ სიახლეებზე ყურადღებით თვალის დევნება, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. იცნობ დროს, უკეთესად იცნობ საკუთარ შვილს.

ეკუთვნიან თუ  არა დროს ბავშვები? ამ შემთხვევაში, რამდენად ადგებათ უფროსებს საკუთარი გამოცდილება? აუცილებელია თუ არა, რომ მშობელი იყოს თანამედროვე? - ამ კითხვებზე პასუხებით "ქუთაისიპოსტის" სტუმარია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძე.

-ერთი აღმოსავლელი ბრძენი ამბობდა "ბავშვები მშობლებზე მეტად დროს ემგვანებიანო". რამდენად ამჩნევთ დროსთან მსგავსება/ნათესაობას ბავშვებს? თავად " ეკუთვნოდით" თუ არა თქვენს დროს?


-ბავშვობის ასაკში ადამიანი ყველაზე ახლოს არის სამყაროსთან. შესაბამისად, უკეთ აღიქვამს დროს, ვიდრე ჩვენ უფროსები. ყველას გვქონია შემთხვევა ბავშვებთან მიმართებაში, როდესაც მათ უთქვამთ ისეთ რამ, რაც გვიკვირს როგორ მოიფიქრა, მიხვდა ან განიცადა. სინამდვილეში, ზუსტად ესაა ბავშვობა. ჩვენ ასაკის ამ ნაწილში უფრო მეტად ვუგდებთ ყურს სამყაროს პულსს, ვიდრე შემდეგ ცხოვრების რუტინითა და რიტმით დამძიმებულები.

-რამდენად გასათვალისწინებელია ეპოქის მოტანილი სიახლეები და გამოწვევები ბავშვებთან ურთიერთობაში? რამდენად გვადგება აქ საკუთარი გამოცდილება? გაუგებს თუ არა მშობელი ბავშვს, თუკი ის არ იქნა თანამედროვე?

-აუცილებელია. უფრო მეტიც, ბავშვი უკვე ნიშნავს მომავალს, შესაბამისად ახალი დროის, ახალი ხედვის, ახალი აზროვნების დროს, თუ ბავშვს დაამუხრუჭებ, დაამუხრუჭებ შენს თავს და რეალობას. მეტი უნდა ვუსმინოთ ბავშვებს და რა თქმა უნდა, მშობლებმა ნაკლებად უნდა ვეცადოთ ჩვენი უარყოფითი გამოცდილებებით შევაფერხოთ მათი განვითარება.

-ყველაზე მეტად რის ნაკლებობას განიცდით ქართველ ბავშვებში? რა ჭირდებათ მათ ყველაზე მეტად?

-ალბათ, მეტი ლმობიერება, მეტი ტოლერანტული გარემო, ნაკლები ძალადობა, რადგან მათში ამის ნაკლებობა ყველაზე მეტად იგრძნობა.

-კვლევები ადასტურებენ, რომ საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს. ამ დროს უფროსების ყურადღება, რესურსი და ვნებები სულ სხვა საკითხებს ეთმობა.  პირდაპირ რომ დავსვათ კითხვა - რატომ არ გვიყვარს ბავშვები?

-იმიტომ, რომ გვეშინია მომავლის!

Print