ინტერვიუ
„რაც უნდა „კეთილი“ გვეგონოს ხელისუფლება, თუ მას არ აბალანსებენ, იგი აუცილებლად გადაიქცევა მონსტრად“ - ირაკლი მაჩიტაძე
FaceBook
ჟურნალისტიკა, დემოკრატიის პროდუქტია. ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებში ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია, კვდება.

საბჭოეთში არ არსებობდა ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკის ადგილი ეკავა პროპაგანდას.
პროპაგანდის მომძლავრება და კრიტიკული მედიის, ანუ რეალური ინფორმაციის გაქრობა, რას მოუტანს საზოგადოებას?
რატომ ვუბრუნდებით უკვე განვლილ და ისტორიის მხრიდან დაგმობილ გზას? 
რა ადრეული ნიშნებით შეიცნობა დიქტატურა? 
„ქუთაისიპოსტი“, ამ საკითხებზე,  მწერალ და რადიო „ძველი ქალაქის“ დირექტორ ირაკლი მაჩიტაძეს ესაუბრა.


- მოგეხსენებათ, დემოკრატია - როგორც მმართველობის ფორმა ათასობით წელს ითვლის. მართლა გლობალური ომის პარტიას ან დიფ სთეითს კი არ გამოუგონია, როგორც ზოგიერთი ამბობს.
ძველ საბერძნეთში, როდესაც ერთი ქალაქი-სახელმწიფოს - პოლისის მოსახლეობა ერთ მოედანზე ეტეოდა, ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული პირდაპირი დემოკრატია.
დღეს, მოსახლეობის სიდიდე და გეოგაფიული განფენილობა ამის საშუალებას აღარ იძლევა. ამიტომ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. სადაც, ერთ რიგით მოქალაქეს ფიზიკურად არ შეუძლია დაესწროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. რაღაცეები მას სხვამ უნდა მოუყვეს, დაანახოს და ხანდახან აუხსნას კიდეც. რომ მოქალაქემ მნიშვნელოვან პროცესებზე კონტროლი არ დაკარგოს და სხვისი მანიპულაციის, ან უბრალოდ ტყუილის მსხვერპლი არ გახდეს. სწორედ ამას აკეთებს კრიტიკული მედია და მისი არსებობის გარეშე "ხალხის მმართველობა" უბრალოდ ვერ შედგება.
მე კარგად მესმის, რომ კრიტიკული მედიის საქმიანობა ზოგისთვის გამაღიზიანებელია, ზოგს კი უბრალოდ ხელს უშლის, რომ მოიპაროს, საზოგადოების ქონება მიისაკუთროს, ადამიანები დაჩაგროს და ასე შემდეგ. ტყუილად კი არ ეძახიან კრიტიკულ მედიას ვოჩ დოგებს. მოდარაჯე ძაღლებს. ეს ფუნქცია, ისეთივე აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისთვის, როგორც, მაგალითად ხელისუფლების არჩევითობა, ან დამოუკიდებელი სასამართლო.

-ჩვენ გვაქვს საბჭოთა გამოცდილება, როდესაც ცარიელი პროპაგანდის პირობებში ვცხოვრობდით და წარმოდგენა არ გვქონდა სამყარო როგორია. საბჭოეთის დაშლამ დაგვანახა რეალური მსოფლიო და ჩვენი თავიც. თუმცა ამ ვაკუუმმა, რაც რეჟიმის პირობებში გვქონდა, ცოდნის და გამოცდილების არქონამ წარმოშვა მერე პრობლემების და უბედურებების მთელი სერია. რატომ არ გვშველის ეს გამოცდილება დღეს, როდესაც საზოგადეობის გვარიანმა ნაწილმა შეიძლება დაუშვას ინფორმაციის გაქრობა და იგივე ვაკუუმში დაბრუნება?

- რთული შეკითხვაა, მართლაც, ვის, თუ არა იმ საზოგადოებას, რომელმაც ტოტალური კონტროლის ეპოქა გამოიარა უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
მეორე მხრივ, დამოუკიდებელი მედია, როგორც ასეთი საქართველოში უკვე მინიმუმ 35 წელი არსებობს და ზოგიერთი უბრალოდ მიეჩვია. ზოგს კი, ან არც უნახავს ასაკის გამო, ან დაავიწყდა, რას ნიშნავს ინფორმაციული ვაკუუმი.
მე მესმის, რომ ის ინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც ახლა მოედინება, განსაკუთრებით ინტერნეტის და სოციალური ქსელების პირობებში ხშირად რთული აღსაქმელიცაა და ტყუილ-მართალის გარკვევა გარკვეულ უნარ-ჩვევებს და ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ, ეს წარმოუდგენლად, შეუდარებლად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ის რომ ინფუზიორის მდგომარეობაში გამყოფებენ და მხოლოდ იმას გეუბნებიან რაც მათი აზრით უნდა იცოდე. გარდა იმისა, რომ ეს დამღუპველია ნებისმიერი საზოგადოების განვითარების პერსპექტივისთვის, ასევე, უბრალოდ ღრმად შეურაცხმყოფელიცაა და სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას. ამიტომ, საზოგადოება, ერი, სახელმწიფო, რაც გინდათ დაარქვით, რომელიც დაუშვებს და უარს იტყვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, უბრალოდ არ იმსახურებს არც საკუთარ სახელმწიფოს, არც საკუთარ კულტურულ, თუ პოლიტიკურ თვითმყოფადობას და პერსპექტივაში უბრალოდ განწირულია. მე მჯერა, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს კარგად აქვს გააზრებული ეს ამბავი.

-მოგეხსენებათ, დიქტატურა სიკეთის და საზოგადოებაზე ზრუნვის სახელით იბადება. ცხადია, არასდროს არავინ ამბობს დიქტატურას ვამყარებო. თუმცა ისიცაა, რომ ეს რეჟიმი უცებ არ ჩნდება და ნაბიჯ- ნაბიჯ მყარდება. დიქტატურის პირველ ნიშნებზე რომ ილაპარაკოთ. როგორ გამოვიცნოთ დიქტატურა?




-კანონი და სამართლიანობა, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და არ იყოს სხვადასხვა რამ. არც საბჭოეთში და არც ნაცისტურ გერმანიაში "უკანონოს " არაფერს აკეთებდნენ, კანონით ყველა მათი რეპრესიული ქმედება გამართლებული იყო. რამდენად ამართლებს კანონი უკანონო ქმედებას? რა ხდება მაშინ, როდესაც სამართალი და სამართლიანობა ერთი და იგივე არ არის?

-კანონი თავისთავად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კანონი უბრალოდ ინსტრუმენტია, იარაღი, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი იარაღი, შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც კეთილი საქმისთვის, ასევე ბოროტებისთვის.
ამიტომ "კანონის უზენაესობა" როგორც უპირობო სიკეთე, აზრს მოკლებული ლოზუნგია. იმიტომ რომ კანონს გააჩნია.
ნებისმიერი კანონი, რომელიც არაა მიღებული დამოუკიდებელი ინსტიტუციების და ადამიანის უფლებების დაცვის პარადიგმის ქვეშ, მხოლოდ რეპრესიის და ჩაგვრის ინსტრუმენტია. ამის მაგალითები უამრავი გვქონდა და სწორად გაიხსენეთ ნაცისტური გერმანიის ან ბოლშევიკების ეპოქა.

სხვათაშორის არსებობს გარკვეული კანონზომიერება, თუ როგორ იყენებენ კანონს, როგორც იარაღს დიქტატურის პირობებში. თავიდან კანონები მიიღება ვითომდა უმრავლესობის ინტერესების დასაცავად. ამოირჩევენ ყველაზე სუსტ, მოწყვლად ჯგუფს და მას გადაუვლიან ხოლმე. მერე ასეთი "დასასჯელი" და გასანადგურებელი ჯგუფების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ძალიან მალე ვიღებთ სიტუაციას, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მთელი საკანონმდებლო სისტემა მხოლოდ ძალიან მცირერიცხოვან ელიტურ დაჯგუფებას ემსახურება. ესაა დიქტატურის ქრესტომათია და თუ საზოგადოება ფრთხილად არ არის და დროულად არ აპროტესტებს ნებისმიერ არასამართლიან კანონს, ერთ მშვენიერ დღეს ფიგურალურად რომ ვთქვათ აქლემი ყველას სახლთან დაიჩოქებს.






Print