ინტერვიუ
ირაკლი ხვადაგიანი - ოკუპაციამ მოკლა "სხვა საქართველო"
FaceBook
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. ამ დღეს ეშვება სახელმწიფო დროშები და პატივს მიაგებენ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ოკუპაციისა და მასობრივი ტერორის წლებს შეეწირნენ.


პატივი მიეგება იმ დიდ დანაკარგს, რაც ქართულმა სახელმწიფომ განიცადა რუსული საბჭოთა ხელისუფლების ძალადობით საქართველოში.
მაინც რა დავკარგეთ? ხდება თუ არა დღეს ამ დანაკარგის გააზრება? თუკი ხდება მაშინ რატომ არსებობს ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე?
„ქუთაისიპოსტის" კითხვებს პასუხობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი:

- ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში ამ დრომდე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არსებობს საბჭოთა კავშირის და რუსული "ძლიერი კალთის ქვეშ" თავშეფარების ნოსტალგია. ადამიანები ყვებიან იმაზე, თუ რა დაკარგეს საბჭოეთის დანგრევით. თუ შეიძლება, რომ კიდევ ერთხელ ახსნათ ოკუპაციით და საბჭოეთის არსებობით რა დაკარგა ქართულმა სახელმწიფომ და შესაბამისად ქართულმა საზოგადოებამ?

- ოკუპაციამ და მისმა მომდევნო, ათწლეულების მანძილზე მიმდინარე მასობრივმა ტერორმა - ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურებამ და ყველა "სოციალურად უცხო ელემენტის" დევნა-შევიწროებამ შედეგად მოიტანა, შეიძლება ითქვას, ერთი "ცივილიზაციის დასასრული". კერძოდ, არსებობა შეწყვიტა მოქალაქეთა იმ თაობამ და მათ მიერ შექმნილმა სამოქალაქო კულტურამ, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩვენი საზოგადოება ჩამოაყალიბა ერად და მასში თანამედროვე, დასავლური ღირებულებები - ჰუმანიზმი, სოლიდარობა და დემოკრატია დანერგა.

განსაკუთრებით 1937-38 წლების დიდი ტერორის შემდეგ, რაც გენერალური წმენდა, ფიზიკური განადგურება იყო ყველა სახის მოწინააღმდეგის, "საეჭვო ელემენტის" თუ რეჟიმით უკმაყოფილო ადამიანების.  პლუს - მეორე მსოფლიო ომის მიერ მიყენებულმა დარტყმამ პოპულაციაზე, შეიძლება ითქვას ტრაგიკულად დაასრულა "ძველი ქვეყანა" - სხვა ტიპის და ღირებულებების მქონე საზოგადოება და გზა გაუხსნა ახალი ტიპის ადამიანების - საბჭოთა ადამიანების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, 1921 წლის ოკუპაციამ მოკლა "სხვა საქართველო", რომელიც ჰარმონიულად ვითარდებოდა და დღეს ჩვენ ხელახლა გვიწევს შეწყვეტილი გზის გაგრძელება.

-  თუკი იცნობთ სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებს, რამდენად ზუსტად, სწორი აქცენტებით და მიმართებებით არის გაშუქებული საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლების პერიოდი ?


- რამდენადაც ვიცი არსებობს სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ვერსიები სასკოლო სახელმძღვანელოების, რომელთა ნაწილი ნორმალურია სასკოლო პირობებისთვის, ნაწილი კატასტროფულად დამახინჯებულად წარმოაჩენს აღნიშნულ პერიოდს - სავსეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა უსისტემო და ურა-პატრიოტული კლიშეებით.

პრობლემა ახალი, თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ბაზისის არარსებობაა, რომელიც გააჯერებს საჯარო სივრცეს და გააბათილებს აღნიშნულ მითებს. სკოლის სახელმძღვანელოების შემდგენლები არ არიან მკვლევარები და იძულებული არიან იმ ინფორმაციას - კვლევას დაეყრდნონ, რაც ხელმისაწვდომია მათთვის სახელმძღვანელოს შედგენისას.

- ინფორმაცია არსებობს, თუმცა რატომღაც მაინც ცოტა ინტერესდება და ცოტამ იცის საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია და ოკუპაციის პერიოდის მოვლენები. გავრცელებულია მცდარი და ერთგავრი ნეგატიური ინფორმაცია დამფუძნებელ მამებზცე. რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი არის 70 წლიანი საბჭოთა სიყალბე და ისტორიის უსინდისო დამახინჯება. რა თქმა უნდა კომუნისტები ასაიდუმლოებდნენ ყველა წყაროს, რაც მათ დანაშაულებებს წარმოაჩენდა და მათი "მტრების" სასარგებლოდ მეტყველებდა.

ამას დაემატა საბჭოთა რეჟიმის დაცემის შემდეგ ჩვენი საისტორიო სკოლის გადაწყობა ფსევდო-ნაციონალისტურ ჰანგებზე, რის შედეგადაც სიღრმისეული კვლევების მაგიერ, ისევ ზერელე და სტერეოტიპული ნარატივები ჩამოყალიბდა, რომელიც ადიდებდა ყოველ ჯგუფს, საზოგადოებრივ მოძრაობას თუ პარტიას, რომელიც თავს "ეროვნულს' უწოდებდა. ხელი მიჰყო ყველას დემონიზებას, ვინც კი ახლოს იდგა სიტყვა "სოციალიზმთან".  შედეგად, ძალაუნებურად მათ გააგრძელეს საბჭოთა ტრადიცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენი ძალის და ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორების - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის და სოციალისტური მთავრობის ლანძღვა. ეს უკვე საფუძვლიანად არის გამჯდარი კოლექტიურ მეხსიერებაში და დიდი ძალისხმევაა საჭირო მის გასანეიტრალებლად და რეალური ისტორიის წარმოსაჩენად.

Print