ინტერვიუ
ნანული ცხვედიანი - ვცდილობ, რასაც ვწერ,იმის მიმართ ვიყო გულწრფელი
FaceBook
„ეს წიგნი ჩემი ფიქრებია ქუთაისზე…

ქალაქზე, რომელსაც უკეთესი მომავლის გრძელ მოლოდინში უნდა ახსოვდეს თავისი წარსულიც."

ჟურნალისტმა და მწერალმა ნანული ცხვედიანმა ამ ფიქრებს თავის მეხუთე წიგნში "გახსოვს,ქუთაისო" მოუყარა თავი და ქუთაისის ერთგვარი ალტერნატიული ისტორია შექმნა.

ახლადგამოცემულ წიგნზე, ასევე საკუთარ დამოკიდებულებაზე ქალაქის, ქუთაისის საზოგადოების, ჟურნალისტის პროფესიის, წარსულის, აწმყოს მიმართ და ბევრ სხვა საკითხზე "ქუთაისპოსტს" ნანული ცხვედიანი ესაუბრება.

-რა პრინციპითაა აწყობილი თქვენი წიგნი "გახსოვს ქუთაისო"?

- ეს არის ჩემი სტატიებისა და ინტერვიუების კრებული. წიგნი დავყავი სხვადასხვა რუბრიკად, ქრონოლოგიური პრინციპი არ დამიცავს. 35 წლის მანძილზე, რაც პრესაში ვსაქმიანობ, ცხადია, ათასობით წერილი მაქვს დაბეჭდილი, შევარჩიე სადღაც 300- მდე სტატია. შემდეგ ესეც შევკუმშე და მივიღე 140-მდე. ძირითადად ქუთაისსა და ქუთაისის საზოგადოებასთან დაკავშირებულ წერილებზე გავამახვილე ყურადღება, თუმცა შევიტანე რამდენიმე სხვა შინაარსის მასალა.

მართალია ისინი საკუთრივ ქუთაისზე არ არის, თუმცა, ვფიქრობ, ამ თემებს ჩემი მკითხველიც ვერ აუვლის გვერდს გულგრილად. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი, როგორც ჟურნალისტის, გემოვნებას ყველა წერილი აკმაყოფილებს. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი ამ წიგნში მაინც მოხვდა. ან რესპოდენტი იყო ძალიან საყვარელი და დასაფასებელი, ან თემა იყო საინტერესო, ან ინფორმაცია იყო საყურადღებო, თორემ პროფესიონლიზმის ნიშნით აღბეჭდილი შეიძლება არც იყოს ზოგიერთი წერილი.

- ამ გადასახედიდან რაში ეთანხმებით ან ეწინააღმდეგებით 30 წლის წინანდელ საკუთარ თავს?
- თემატურად, დამოკიდებულებით, წერის მანერით შეიძლება დავეთანხმო, თუმცა ახლა, როგორც ჟურნალისტი, ალბათ, ცოტა უფრო გაზრდილი ვარ და შეიძლება ფორმის თვალსაზრისით შემეცვალა კიდეც რაღაცები. მაგალითად, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი გაზეთ "ქუთაისში" ვწერდი, მაშინ სულ სხვა ჟურნალისტიკა იყო. რედაქტორზე ვიყავით ძალიან დამოკიდებული, თუ ნებართვა არ გვქონდა მისგან, ან რედაქტორის მოადგილისა და განყოფილების გამგისაგან, ანუ საგაზეთო პოლიტიკის მეთვალყურეებისაგან, ხშირად, შეიძლება, ჩვენი საკუთარი სურვილით ვერც დაგვეწერა და ვერც დაგვებეჭდა ესა თუ ის მასალა. რადგან, მერე რომ არ გამოქვეყნებულიყო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით რესპონდენტთან.

არადა ექსტრემალურ სიტუაციაში ხომ უფრო საინტერესო მასალას იღებ. ვრცელ მასალასაც ვერ დავწერდით. მართალია, ყოველდღიური გაზეთი კი იყო, მაგრამ ფორმატით მაინც შეზღუდული ვიყავით. განსაკუთრებით მწყდება გული ამ წიგნში შესული მასალებიდან - ვალიკო მიზანდარის შესახებ დაწერილ წერილზე. მასთან მქონდა ძალიან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ, მაგრამ, ასე ვთქვათ, საშუალო ზომის წერილი გავაკეთე, ინტერვიუს ფორმა ვერ მივეცი, არადა ვალიკო მიზანდარმა იმდენი საინტერესო რამ მიამბო. ეს იქნებოდა, ალბათ, ამ წიგნის ყველაზე მთავარი სტატია ქუთაისის შესახებ... გულდასაწყვეტია, არაერთი ასეთი შემთხვევა მქონდა.

- თქვენ ძალიან განსხვავებულ ეპოქებში მოგიწიათ მუშაობა, როგორც საბჭოთა ისე პოსტსაბჭოთა პერიოდში. არც ისე მარტივი იქნებოდა გადართვა ერთი დროდან, ღირებულებითი სისტემიდან მეორეზე.

- ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის თვალსაზრისით. ცოტა უფრო გავშალე ფრთები თავისუფალ პრესაში რომ მოვედი, კონკრეტულად - გაზეთ "პოსტსკრიპტუმში". მაშინ რედაქტორიც ვიყავი და არც ვინმე მზღუდავდა. თანაც თავისუფალ პრესას აქვს უფრო სხვა პრინციპები, სხვა მიმართულებები და იხსნები ბოლომდე, არაფერი გზღუდავს, არც შინაგანი ცენზურა გაბრკოლებს და შეგიძლია ის დაწერო, რასაც ფიქრობ.

- თქვენი წიგნი ქუთაისის ალტერნატიული ისტორიაც არის და ჟურნალისტიკის ისტორიაც...
- ეს არის წიგნი პოლიტიკის, არჩევნებისა და სახელისუფლო ინტრიგების გარეშე. ეს არის კრებული საზოგადოებაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე. წინასიტყვაობაშიც ვუთითებ, რომ ეს არის ჩემი ფიქრები ქუთაისზე, როდესაც ვმუშაობდი რომელიმე მასალაზე (ახლაც ვწერ და ვთანამშრომლობ ერთ-ერთ ჟურნალთან - "კულტურა +"), ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რასაც ვწერ, იმის მიმართ ვიყო გულწრფელი.

ეს წიგნიც თავიდან ბოლომდე გულწრფელია.

ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე, როდესაც ძველ გაყვითლებულ გაზეთებში ვეძებდი ჩემს წერილებს (გარდა იმისა, რაც ამ წიგნში შევიტანე, სხვა მასალებიც ხომ ვნახე): რომ არ მქონდა იდეოლოგიური სტატიები. მაშინ აუცილებლობა იყო, რომ უნდა მიგეთითებინა, ვთქვათ, ყრილობის კვალდაკვალ მასალები, რომელიმე ბელადის ნაშრომიდან ციტატა და ა.შ. ამ ტიპის სტატია ერთიც კი ვერ ვნახე და ჩემი თავი ცხოვრებაში პირველად "შევიქე". არადა, დაძაბული ვათვალიერებდი, ხომ არ არის რაიმე "იდეოლოგიური ნაწიბური", დროის კონიუნქტურა-მეთქი.

შეიძლება იმითაც გამიმართლა, რომ ჟურნალისტური საქმიანობა კულტურის მიმართულებით დავიწყე. რაღაც ქვეშეცნეულად, თავიდანვე აქცენტი გადავიტანე ადამიანებზე, ვცდილობდი მომეძებნა საინტერესო პიროვნებები. მაგალითად, ერთხელ, სრულიად ახალგაზრდა ჟურნალისტი ვიყავი, ასე, 21- 22 წლისა, ქუჩაში დავინახე თეთრებში გამოწყობილი, წინსაფრიანი ბრმა კაცი, ხელისცეცებით მოდიოდა. ის აღმოჩნდა ნინოშვილის ბაზართან მცხოვრები და იქვე მომუშავე მეწისქვილე. მეორე დღეს განყოფილების გამგეს, ქალბატონ რუთა ბეროძეს ნებართვა გამოვთხოვე და მასზე წერილიც დავწერე, " ვალიკო მეწისქვილე". მაშინ იდეოლოგიზებულ პრესაში ასეთ თემებს მაინცადამაინც არ ეძებდნენ. მაგრამ მე აღმოჩენის სიხარული ვიგრძენი და მერეც არაერთხელ გავიმეორე. თუკი საინტერესო ადამიანი შემხვდებოდა, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა მის ცნობადობას და დამსახურებას. მაგალითად, ჩემს წიგნში არის ერთი მოზრდილი სტატია, რომელიც ყველას სევდიან სიხარულს გვრის. ეს არის "იყიდე, ბაბულია, ბულკი". ეს პიროვნება, ვაჟა კოსტავა, აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ადამიანი. ასე რომ ჩემთვის არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, ჩემი რესპონდენტი რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი, რეზო გაბრიაძე , ირაკლი აბაშიძე იქნებოდა, თუ ეს კოლორიტული "ბაბულია". რაღაც კუთხით საინტერესო და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პერსონა უნდა ყოფილიყო. ამ წიგნშიც ასე არის - ბევრი რიგითი, მაგრამ გამორჩეული ადამიანია ამ კრებულში.

- ალბათ ეს ადამიანები ქმნიან ქალაქის სახეს, თუმცა არსებობს ბევრი სტერეოტპიც ქუთაისის და ქუთაისელების გარშემო. თქვენ რომელი გახსენდებათ?
- ქალაქის კოლორიტი, რატომღაც, ჰგონიათ ფაშვიანი კაცი, რომელსაც დილის 6 საათზე უკვე ხაში აქვს მირთმეული. თანაც გვარიანად უგერგილოდ ხუმრობს, მდარე იუმორით. მაგრამ ქალაქის კოლორიტად მე არ მიმაჩნია ეს ხალხი. კოლორიტი შეიძლება იყოს პატარა ბიჭიც, ან სრულიად უჩინარი ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი განსხვავებული ხასიათი, ინდივიდუალობა, თვითმყოფადობა. შეიძლება ერთი ჭიქა ღვინოც არ ჰქონდეს დალეული და არც მაგიდასთან თამადობით იყოს გამორჩეული. მაგრამ კოლორიტი იმიტომ არის, რომ თავისებურად უყვარს ქალაქი და თავისი ფერი შეაქვს ქალაქის ყოველდღიურ პალიტრაზე.

კოლორიტი ხომ ფერი და ფერის ცვალებადობაა. დროა ჭიჭიკიებისა და ბიჭიკიების პროპაგანდიდან გამოვიდეთ და ნამდვილი კოლორიტები გავიხსენოთ.

ვალიკო მიზანდარი, მეობა სულაბერიძე, ბაყუჩია მეგრელიშვილი, ილო ფოტოგრაფი, ამურ ფხაკაძე, ფრანცია, ოთარ ქანდარია და ასეთი პიროვნებები, თუნდაც "ბაბულია". აი, ერთ ადამიანთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, ერთ ქუთაისელზე, წარმოშობით კახელზე. ჰობოის ვირტუოზი გახლავთ, ოსიკო იობაშვილი. ადრე, ახალგაზრდობაში, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, მეგობრობდა სესილია თაყაიშვილთან, ვასო გოძიაშვილთან და უფროსი თაობის სხვა, ძალიან ცნობილ მსახიობებთან. საოპერო თეატრის გახსნისთანავე, როგორც კი ქუთაისში ჩამოვიდა, თავისი პიროვნული თვისებებით, ღირსებებით მაშინვე მოხვდა "ბაღის კიდის" ყურადღების ქვეშ. ჩემთან ინტერვიუში ამბობს, ქუთაისის სადღეგრძელო პირველად "გადაკიდებულში" დამალევინა ჟორა შავგულიძემო. ამ კაცს კარგად ესმის ქალაქური ტრადიციები, ურთიერთობების რაინდული კოდექსი. მარტო ის რად ღირს, რომ წლების მანძილზე ოპერა "დაისს" იწყებდა მისი ჰობოი. ეს მუსიკოსი არის დიდი ქუთაისელი, დიდი პიროვნება. ასეთი კოლორიტები უნდა ავსებდნენ ქალაქის საზოგადოების წინა ფლანგებს, თორემ საზოგადოებაში ყოფნის უფლება ყველას აქვს.

- და ეს ადამიანები რომ უკანა პლანზე გადავიდნენ, რა გახდა ამის მიზეზი? დრო თუ მედია, რომელსაც სხვა გმირები ჰყავს?
- ყველაფერს მედიას ნუ დავაბრალებთ. შეიძლება ეპოქამაც მოიტანა. ეს თავდაჭერილი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანები უკანა პლანზე გადანაცვლდნენ, რადგან წინ უფრო აგრესიული, აქტიურად მოქმედი, თვალთმაქცი კარიერისტები გამოჩნდნენ, რომელთაც შეუძლიათ მოჩვენებითად ცხოვრება. როდესაც ვიღაც იდაყვით გვერდზე გიბიძგებს, უკან იხევ თავდაჭერილად და ამათაც, ნამდვილმა კოლორიტებმაც, ალბათ, უკან დაიხიეს. თორემ როდესაც იმათ წრეში მოხვდები, ყოველთვის გრძნობ, რომ ნამდვილ ქუთაისში ხარ. ეს არ ხდება ტელეარხზე და გაზეთის ფურცლებზე, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ოფიციალურ ადგილებში, ეს შეიძლება სადმე, უბრალო ადგილზე, უბრალო სახლის ჭერქვეშ იგრძნო, ნახო და განიცადო.

- ინტერვიუს როდესაც იღებ, მაგალითად, მწერლიდან, მწერლის ამ კონკრეტული ტექსტის, რასაც ინტერვიუ ჰქვია, ერთგვარი თანაავტორი ხდები. ზოგჯერ ასე მგონია. თქვენი აზრით, რა როლი ენიჭება ჟურნალისტს ინტერვიუს ჩაწერის პროცესში?
- მე ვეკუთვნი ისეთ ჟურნალისტებს, ვინც ცდილობს, ცოტა უკან დაიხიოს და წინა პლანზე წარმოაჩინოს რესპონდენტი. რესპონდენტი საინტერესოა, ჰოდა, რაკი საინტერესოა და იმიტომ მიდიხარ მასთან, აცალე საუბარი, აცალე - თავისი ინდივიდუალობით გამოჩნდეს და გაიბრწყინოს. შენ რომ უადგილოდ ერევი, ბუნებრიობას კარგავს მასთან ურთიერთობა.

სულ ვცდილობდი, ჟონგლიორობა არ დამეწყო "ბრძნული" სიტყვებითა და აზრებით, რომ ამ ჩვენს საერთო ტექსტში, რომელსაც ჰქვია ინტერვიუ, მერე მე გამოვჩნდე როგორც განათლებული, ნიჭიერი, ყველაფრისმცოდნე და იდეალური ვინმე, ჩემი რესპონდენტი კი დაიჩაგროს. ვცდილობდი, იგი საინტერესო და და მრავალმხრივი ასპექტით გამოჩენილიყო, ანუ მასთან ჩემი მისვლის მიზანი გამართლებულიყო. ზოგჯერ შეიძლება უშუალოდ საუბრის, ინტერვიუს დროს შემაშველებელი ფრაზები მქონდეს, მაგრამ ყოველთვის ვჭრი და ვიღებ, რომ რესპონდენტის ტექსტი რაც შეიძლება მთლიანი გამოჩნდეს, ჩვენ ორიდან რესპონდენტია მთავარი. ეს ხომ არ არის პოლიტიკოსთან წარმოებული ინტერვიუ, რომ მასთან კამათი და დებატი ითვლებოდეს ჟურნალისტის პრესტიჟულ ამოცანად. ეს არის ცნობილ მწერლებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან, მსახიობებთან ინტერვიუები.

მკითხველს რა აინტერესებს? რას ფიქრობს ჟურნალისტი, თუ ეს ცნობილი ადამიანი? ჰოდა, აქცენტი უნდა გააკეთო სწორედ შენს რესპონდენტზე. მე ვარ ის ჟურნალისტი, ვინც პატივს სცემს რესპონდენტს.

როდესაც ამ წიგნს ვკრებდი, რაღაცებს ვეძებდი და ვკითხულობდი, სულ თვალწინ მედგა ჩემი უმცროსი კოლეგები. შეიძლება ითქვას, რომ მე მათთვის ვქმნიდი ამ წიგნს იმიტომ კი არა, რომ მეჩვენებინა - აი, მე როგორ ვწერდი-მეთქი. არა, მინდოდა, მათაც ეგრძნოთ და ესწავლათ იმ ადამიანების სიყვარული, ქალაქის წარსულში რომ დარჩნენ.

Print