ინტერვიუ
"არსად არ სჩანს, რომ საპატრიარქო საქმით აღასრულებდეს მოყვასის სიყვარულს" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
FaceBook
საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში პრობლემები დიდი ხანია არსებობს.

ამის შესახებ სახალხო დამცველი წლებია თავის ანგარიშში მიუთითებს, საუბარია ძალადობასა და დასჯის შემთხვევებზე. შსს-ს ცნობით 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.

მიმდინარე წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

ბავშვებთან დაკავშირებით საპატრიარქომ და მისმა წარმომადგენლებმა სხვა დროსაც  დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. მაგალითად, სინოდის გადაწყვეტილებით, რომელიც უნათლავ ბავშვებს ჯოჯოხეთში აგზავნიდა.

თავი დაამახსოვრა დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ, მისი ბავშვთმოძულე ქადაგებით

და ბოლოს ისევ და ისევ ნინოწმინდის და მანამდე ზესტაფონის საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ბავშვების მდგომარეობით და ბევრი მძიმე ქეისით.

რა განპირობებული ბავშვების უსიყვარულობას, მაშინ როცა ის მოძღვრება, რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები ემსახურებიან, მათგან სრულიად საპირისპიროს მოითხოვს

რას ერჩიან ბავშვებს საქართველოს საპატრიარქოში?

"ქუთაისიპოსტის"  კითხვებს პასუხობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.


- ბავშვთმოძულეობა ზოგადად ადამიანთმოძულეობის ერთი-ერთი გამოხატულებაა. ეს რომ ასეა, კარგად სჩანს საპატრიარქოს დამოკიდებულებით სოციალურად დაუცველი ფენებისადმი, სხვადასხვა უმცირესობებისადმი, განსხვავებულად მოაზროვნეებისადმი და ა.შ. არსად არ სჩანს, რომ საპატრიარქო საქმით აღასრულებდეს მოყვასის სიყვარულს. შაბლონური, ზოგადი ლოზუნგების გარდა კონკრეტული და სასიკეთო არაფერი იკვეთება საპატრიარქოს მიერ, რაც ხელს შეუწყობდა ქსენოფობიის და სოციალური უსამართლობის შემცირებას საქართველოში.

- მეუფე იაკობის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თუ სხვა სასულიერო პირების გამოსვლებში პირდაპირი მხარდაჭერაა ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის მიმართ. მაგალითად, ცემას, დასჯის სასტიკ მიდგომებს აღზრდის მისაღებ ფორმად მიიჩნევენ და ა.შ. რატომ ხდება ასე? რატომ ეშლებათ სასულიერო პირებს ყველაზე ფუნდამენტური საკითხები?

- ეს განათლების დეფიციტის და მენტალური განუვითარებლობის შედეგია. ამასთან, ასეთი სტერეოტიპები ზოგადად ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში, ამიტომ ეს კიდევ ერთი მეტყველი ფაქტია იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ბავშვების დაცვის მიმართულებით სახელმწიფომ, მედიამ და შეგნებულმა საზოგადოებამ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს.

- რატომ არ თმობს ბავშვთა სახლებს საპატრიარქო?


- გარკვეულწილად ესაა ძალაუფლების გამოხატულება და ძალის დემონსტრირება. სოციალური მსახურება, მზრუნველობამოკლებულ პირებზე ზრუნვა ეკლესიის სახარებისეული ვალდებულებაა და ეს ევროპასა და ამერიკაში არავის უკვირს. საეკლესიო თავშესაფრები და პანსიონატები იქ მრავლადაა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ იქ ეკლესიები საკუთარი ფინანსებით აღასრულებენ სოციალურ-ჰუმანიტარულ მსახურებას, ხოლო საქართველოში გაზულუქებული საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებული თანხებით აკეთებს ამას. აქ უკვე ჩანს, თუ რა ტრაგი-კომიკურ კურიოზთან გვაქვს საქმე.

- საზოგადოების მხრიდან არის პროტესტი ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხებს მაინც მცირე ჯგუფები ეხმაურებიან. რატომ არ არის, ვთქვათ, უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტი ნინოწმინდის საქმეების გამოძიების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან?

- ამის მიზეზი, ერთის მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილის კონფორმიზმი, შეუგნებლობა და საპატრიარქოსადმი ბრმა მორჩილებაა, მეორეს მხრივ კი, ის რომ ზოგადად საბჭოთა მენტალიტეტიდან ბოლომდე ვერ გათავისუფლდა ქართული საზოგადოება, რაც იმას გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი საკითხებისადმი პასიურია ადამიანების დიდი ნაწილი და ფიქრობენ, რომ ეს მათი პირადი საქმე არაა. როგორც ქართულ ანდაზაშია "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო", საუბედუროდ, ამ პრინციპს იზიარებს უმეტესობა საქართველოში და ამიტომაც ჯერჯერობით ვერ შევდექით ღირსეულ, სამართლიან, ერთმანეთზე მზრუნველ, მოწესრიგებულ საზოგადოებად.
Print