ახალი ამბები
"რაც უფრო დაბალია ქალის უფლებების დაცვის დონე, მით უფრო დამკვიდრებულია დედის კულტის ფენომენი" - ინტერვიუ
FaceBook
მიჩნეულია, რომ საქართველოში ძლიერია ე.წ. დედის კულტი. ამის მტკიცებულებად მოჰყავთ ენობრივი ფაქტორი - დედაბოძი, დედამიწა, დედააზრი, დედა ენა.

დედა ასოცირდება „ღირსებასთან“. დედის შეურაცხყოფა ოჯახის და ამ ოჯახის მამაკაცი წევრების ღირსების შეურაცხყოფაა. ასეა ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში. ამიტომ დედის სახელით ჩადენილი ძალადობა არ ითვლება ძალადობად და "ვაჟკაცობის" კვალიფიკაცია ეძლევა.

რას გულისხმობს სინამდვილეში დედის კულტი?


რატომ ძალადობენ "დედის" სახელით?

ამ საკითხებზე ფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი გვესაუბრება.


- საქართველოში დედის გინების გამო სცემენ და კლავენ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა, შაქარაშვილის მკვლელობა დედის გინების გამო ე.წ. "ღირსების დაცვას" უკავშირდება. იგივეს იმეორებს ბერა ივანიშვილი, რომ დედის შეურაცხმყოფელს არაფერს შეარჩენს. საქართველოში ძალადობენ, კლავენ, სცემენ დედის სიყვარულის სახელით. რა ფენომენია ეს? Მაინც რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე?


- თუ დაკვირვებიხართ ყველა პატრიარქალურ და კოლექტიურ კულტურაში არის მსგავსი ფენომენი ჩვენ ამ მხრივ მსგავსება გვაქვს მუსლიმურ ქვეყნებთანაც. ერთი მარტივი კორელაცია თვალშისაცემია -  რაც უფრო დაბალია ქალის უფლებების დაცვის დონე, მით უფრო დამკვიდრებულია დედის კულტის ფენომენი. ქალზე, ცოლზე მზრუნველობა და ცოლის მფარველობა კაცის საქმედ მიიჩნევა. იმ სოციუმში, სადაც ქალებს უჭირთ რეალიზება და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ნაკლები შანსი აქვთ, ხშირად ისინი მოწყვლადები და იძულებულებიც კი ხდებიან მოირგონ სწორედ დაქვემდებარებულის როლი. იმ ადამიანის პოზა, რომელსაც მუდმივი დაცვა სჭირდება.

ბიჭი, მოზარდობის ასაკში კაცების სოციუმთან ახდენს იდენტიფიცირებას და მისი გენდერული იდენტობის შემადგენელი კომპონენტი ხდება ქალების დაცვის კულტურაც, თითქოს ამით მათი კაცობის დამტკიცება ხდება საზოგადოებაში. დაპირისპირების ორივე მხარე აცნობიერებს ამას და დედის გინებით ცდილობენ სხვებს სწორედ ეს ,,კაცობასთან" დამაკავშირებელი რგოლი, ვგულისხმობ, ქალის დაცვის უნარი, შეუბღალოს. ამიტომ, დედის გინების მოთმენა ამ ადამიანის იდენტობას და თვითშეფასებას მნიშვნელოვნად აყენებს ეჭვქვეშ, ეს ეჭვი წარმოუდგენელ სიბრაზეს და აგრესიასაც იწვევს ხშირ შემთხვევაში. შედეგად ადამიანები დაუნდობლები ხდებიან.

მეორე საკითხია, რას ვეძახით ქალის დაცვას. როდისაა დაცული ქალი? თუ იმ ლოგიკას გავყვებით და ვირწმუნებთ, რასაც თქვენი ნახსენები ადამიანები ეყრდნობოდნენ, ამ გზით სიარულისას არც ისე დიდი მანძილია ბურკამდე და ღირსების თალიბანისეულ გაგებამდე.

ბერა ივანიშვილის მსგავსი ადამიანების შემთხვევაში გარკვეულ როლს მგონია, რომ კიდევ მეორე ფაქტორიც თამაშობს - ეს დაბალი თვითშეფასება და რეფლექსიის უუნარობაა. დაბალი თვითშეფასების მქონე კაცს არ შეუძლია ქალი თანასწორად აღიქვას. იმ ადამიანად მიიღოს, ვისაც თავად შესწევს თავის დაცვის უნარი და ასეთი ფსევდოდაცვებით და ფსევდოღირსეული აქტებით ცდილობს მისი თვითშეფასების აწევას.


- დედის შეურაცხყოფისთვის ადამიანმა შეიძლება მძიმე დანაშაული ჩაიდინოს. თუმცა საქართველოში მიღებულია საკუთარი დედის გინება. Ამას ძალიან მარტივად გამოთქვამენ საუბრებში და ამ სიტყვებში უჩვეულოს და ცუდს ვერაფერს ხედავენ. თუკი დედის ან საკუთარი ღირსება იმაზე გადის, რამდენად სჯი დედის შეურაცხმყოფელს, თავად რატომ შეურაცხყოფ მშობელს შენი სიტყვებით? ეს რა ფენომენია საკუთარი დედის გინება?

- დიახ, ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, მახსოვს 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო პირველად საკუთარი დედის გინების ფენომენი. ახლა ეს უფრო ნაკლებად შეინიშნება ვიდრე 20-25 წლის წინ. თუმცა, ალბათ ეს მოვლენა რომ გავიგოთ ის დრო უნდა გავიგოთ და გავიხსენოთ პირველ რიგში, როცა ეს ხდებოდა. პოპულარული ქურდული სამყარო და მასთან ასოცირებული ინსტიტუტები, ნარკომანიის, სხვა წამალ თუ ნარკოდამოკიდებულების ძალიან მაღალი დონე, მასიური უმუშევრობა და დიდი სოციალური დეპრესია.

ამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების დესტრუქციული, თვითგანადგურებისკეს სწრაფვის სიმპტომად მიმაჩნია ამ დროს გაჩენილი საკუთარი დედის გინების ფენომენი. ვფიქრობ, კითხვა თუ შენ აგინებ საკუთარ დედას სხვას რატომ კლავს ამის გამო, ძალიან ლოგიკურია, მაგრამ ამ ადამიანების შემთხვევაში ეს ლოგიკა არ მუშაობს. რადგან ერთ შემთხვევაში თვითდესტრუქციული სურვილებია ჩართული, არაცნობიერად, ხოლო მეორე შემთხვევაში მათთვის ფსევდოღირებულებრივ საკითხებს ვეხებით. თვითონ ამ ადამიანებთან რომ განვიხილოთ ეს თემა ალბათ, სერიოზული კოგნიტური დისონანსიც ექნებათ და ვერ მიხვდებიან რას ვგულისხმობთ, სწორედ ამიტომაა რეფლექსია და ფსიქოგანათლება ყველანაირი აგრესიის წამალი, რადგან შენს მოტივებს როცა აცნობიერებ და მისი გააზრება შეგიძლია ნაკლებად გმართავს დესტრუქციული იმპულსები.

- რა იგულისხმება „დედის კულტის" „ქართულ" გაგებაში სინამდვილეში? რამდენად სახიფათო და დამანგრეველია ის ?

- პირველ რიგში, მგონია ესაა ქალის საკუთრებად მიღების ფენომენი, ქალი ხდება ოჯახის კაცების, შვილების, ქმრის და ა.შ. საკუთრება და იცავენ მის ,,ღირსებას" როგორც ნივთის, რადგან ასეთი რეაქციები თავისთავად გულისხმობს რომ არ ხდება იმის დაშვება თუ ქალს თავის დაცვა თვითონაც შეუძლია. ამ ტიპის ადამიანებისთვის, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, დედა დაცლილია ქალურობისგან, სექსუალობისგან. აქვს იმდენი განათლება, რამდენიც შვილების გასაზრდელად სჭირდება და იმდენი დამოუკიდებლობის უნარები, რაც ოჯახს ჭირდება გასაძღოლად.

მასკულინური ჩარჩოების და მოთხოვნების მიღმა ეს ქალები ,,პატივსაცემი" კულტის ნაწილები ვერ ხდებიან. ამ მოჩვენებითი პატივისცემით დამსახურებისთვის ქალები ხშირად ამბობენ უარს მათ ოცნებაზე. როცა მეკითხებით არის თუ არა ეს საშიში, უამრავი მიზეზი მახსენდება რატომაცაა ეს ასე. პირველ რიგში კი ფრაზა ,,ბავშვები მშობლების განუხორციელებელი ოცნებების ტყვეები არიან" არარეალიზებული ქალებს, დედებს ეხებათ.

ქალი,  რომელიც არაა თანასწორი და რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფსიქოლოგიური, კულტურული თუ ეკონომიკური ჩაგვრის მსხვერპლია ვერ იქნება ჯანსაღი ბავშვის გამზრდელი. ამიტომაც, ვფიქრობ რომ ეს თემა გადასააზრებელია.

Print