ინტერვიუ
ლევან ბიბილეიშვილი - თეატრმა ვერ მოძებნა საკუთარი რაკურსი, ამიტომ აღარც ეყოლება მაყურებელი
FaceBook

„მესხიშვილის თეტრის არც ერთი სპექტაკლი სახელმწიფოს "ხიფათს" არ უქმნის“.


რამდენიმე დღის წინ პრაქსისის სახელოსნოში გაიმართა დისკუსია თემაზე „პოლიტიკური თეატრი დ თეატრი პოლიტიკაში“.  დისკუსიამ აჩვენა პრობლემის მასშტაბი, რაც თანამედროვე ქართულ თეატრში არსებობს და გააჩინა კითხვები:იქმნება თუ არა "სახიფათო" სპექტაკლები საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში? ვინ ახორციელებს ცენზურას ხელოვნებაში? სადღეისოდ რატომ არის დანაშაული აპოლიტიკურობა? არის თუ არა მესხიშვილის თეატრში არსებული დაპირისპირება მსოფლმხედველობრივი დისკურსი?
აღნიშნულ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" პრაქსის სახელოსნოს წარმომადგენელი ლევან ბიბილეიშვილი ესაუბრა.

- დისკუსიაზე ძალიან საინტერესო ფრაზამ გაიჟღერა: სახელმწიფო გვაძლევს ფულს და მას არ აინტერესებს რას გააკეთებ, რაც გინდა ის დადგი. ერთი მხრივ ეს თითქოს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვყავს ცენზორი ისე როგორც საბჭოეთში იყო. სახელმწიფო გიკვეთავდა რაღაც პიესას, მერე ერთი კაცი იჯდა რეპეტიციებზე და გიკონტროლებდა ყველა სცენას. დღეს რომ სახელმწიფო ასე არ იქცევა ერთის მხრივ ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ - უტოპია და საშინელი მანკიერი მხარე არის ის, რომ სახელმწიფო გვაძლევს ფულს და გვეუბნება გააკეთე ის რაც გინდა. იმიტომ, რომ სახელმწიფო დარწმუნებულია იმაში, რომ შენ მას "ხიფათს" არ შეუქმნი. სახიფათოს რა კუთხით ვამბობ : შენი აზრი, შენი სპექტაკლი, სცენიდან ნათქვამი სიტყვა ვერ იქნება "სახიფათო" მისთვის. ამიტომ მას ბევრი ნერვების წყვეტა არ ჭირდება - ის მოგცემს გარკვეულ ფულს და გაფინანსებს. შენ ვერ უქმნი მას ვერანაირ დისკომფორტს და ეს მან კარგად იცის. ეს ჩვენც კარგად ვიცით, რომლებიც თვალს ვადევნებთ სპექტაკლებს. მესხიშვილის თეატრში, ჩემი სპექტაკლის ჩათვლით, არ დადგმულა არც ერთი ისეთი სპექტაკლი, რომელიც სახელმწიფოსთვის გამაფრთხილებელი მესიჯი იქნებოდა. იგივე ვაცლავ ჰაველის "დუპლეტი". ხელოვანის ამ ფორმით დისკრიმიანცია დარჩა გასული საუკუნის 60-70 წლებში. დღეს სახელმწიფოს სხვა დიდი ბერკეტები აქვს მწერალსა დ ა ხელოვანზე დისკრიმინაციის მოსახდენად. სახელმწიფომ საზოაგდოებაში იმდენად კარგად გაამყარა ეს რაღაც ფსევდოკულტურული ფასეულობები, რომ უკვე ხალხი წვავს "წიგნებს" და არა სახელმწიფო. ხალხთან ერთად კიდევ გარკვეული ინსტიტუციები. სახელმწიფომ თავად მოახერხა, რომ დამალულიყო და ძალიან კომფორტული როლი მოირგო - მხოლოდ ფინანსისტის.რატომ? იმიტომ, რომ თუკი ვინმე ხელოვანი ჩაიდენს ისეთ "უკადრებელ" რამეს მას უკვე ხალხი გასცემს პასუხს. სახელმწიფომ მიიყვანა მასა იმ აზრამდე, რომ ეს ასე უნდა იყოს და სხვანაირად არ შეიძლება.
-მესხიშვილის თეატრში "მაკბეტი" დაიდგა.ამ სპექტაკლით ბევრის თქმა შეიძლებოდა, ჩვენს დროსა და ეპოქასთან გამოხმაურება და ა.შ.
-ვანო ხუციშვილი ჩემი მეგობარი და კოლეგაა. "მაკბეტში" ვანო ხუციშვილმა ძალიან სერიოზულად შეხედა რაღაც პრობლემებს, მან დისტანცირება და ირონიზება ვერ მოახდინა, რაც დღევანდელ ხელოვნებას ახასიათებს და ჭირდება. როგორც მის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ეს არის სპექტაკლი იმის შესახებ თუ როგორ მართავს ერთი კაცი მთელ ამ პოლიტიკურ პერიპეტიებს და ბატალიებს. გულისხმობდა ძველ პრეზიდენტს. მოდით მაშინ აქედან შევხედოთ საკითხს - მოკვდა ის ძველი პრეზიდენტი დ ა მაშინ აღარაა აქტუალური "მაკბეტი"?
-ცხადია პრეზიდენტებს სპექტაკლებიც არ უნდა „გადაყვეს“. და ისევ "სახიფათო" სპექტაკლებზე...
-ჩვენ ვცხოვრობთ მკვეთრად მემარჯვენე ტიპის სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, წინა მთავრობა უფრო მემარჯვენე იყო და ახლა თითქოს სოციალურობისკენ წავიდა ეს მთავრობა ,იგივე ჯანდაცვის პროგრამების გაზრდის კუთხით და ა.შ. მიუხედავად ამისა ფუნდამენტალური პოლიტიკური პოზიციები მე მგონი არ განასხვავებს მათ. არის რაღაც მცირე ცვლილებები, მაგრამ კულტურასთან მიმართებაში ეს სახელმწიფო და ის სახელმწიფო არსებითად არ განსხვავდება. რაში გამოიხატება ეს? შესაძლებელია რომ სახელმწიფოს ქონდეს მემარჯვენე დამოკიდებულება კულტურასთან მიმართებაში, მაგრამ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, შეცდომა და ყველაზე დიდი ხინჯი არის ის თუ ვინ მართავს ამ კულტურულ სტრუქტურებს? თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახელოვნებო სივრცის მმართველი, თეატრი იქნება თუ საგანმანათლებლო სივრცე, თუნდაც აკადემია, კონსერვატორია, უნდა იყოს გარკვეულწილად მემარცხენე დამოკიდებულების. რაც ჩემი აზრით ყველაზე კარგად ამ ეტაპზე გააკეთა რეზო კიკნაძემ. კონსერვატორიის რექტორმა. მან ძალიან კარგად დაინახა ნოვაციების შესაძლებლობა და შეიტანა კიდეც კონსერვატორიაში. არაჩვეულებრივი კოლექტივები ჩამოყალიბდა,რომელიც სხვა მუსიკას უკრავენ. ამით მან გაარღვია აკადემიზმის ბადე. მსგავსი პროცესი თეატრებშიც წავიდა,მაგალითად, სამეფო უბნის თეატრში , სადაც რაღაც სახელოსნოს მსგავსი შეიქმნა. ამ სახელოსნოში მიდის მუშაობა და ექსპერიმენტები. მოკლედ რაღაც ოაზისები არსებობს და მათ უნდა მიეცეთ გასაქანი. რისი თქმა მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი შეიძლება იყოს მემარჯვენე, კულტურასთან მიმართებში ის უნდა იყოს აბსოლუტურად მემარცხენე. მისი აზროვნება, მისი კრიტიკა, ვალტერ ბენიამიანისებური გაგებით -ანალიზი, სახელმწიფოსთან მიმართებაში უნდა იყოს ცოტა სახიფათო. ეს "ხიფათი" ჯერჯერობით არ ჩანს მითუმეტეს მესხიშვილის თეატრში. ვერც ერთ სპექტკლზე ვერ ვიტყვით, რომ ამ სპექტაკლის დადგმის შემდეგ სახელმწიფოს რაღაც მწარედ შეეხო და რაზედაც ერთი ადგილი ცოტა აათამაშა.
-ხშირად გაიგონებ ხელოვანებიდან, რომ აპოლიტიკურები არიან და რეალობისა დ ა პოლიტიკის მიღმა ჭვრეტენ რაღაც სხვა სამყაროებს ...
-დანაშაულია დღეს, რომ შენ იყო აპოლიტიკური .დამნაშავე ხარ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას იცილებ აბსოლუტურად. როცა არ იცი რა პრობლემებია, რა პრობლემებზე უნდა ისაუბრო, რაზე მოახდინო არტიკულირება. ასეთ პირობებში ჩვენ სახელმწიფო ძალიან დიდი სიამოვნებით მოგვცემს თანხას, რომ დავდგათ " საქარველოს უკანასკნელი დედოფალი". რაც ჩემთვის არის სრული მარაზმი. მის მხატვრულ ღირებულებას რომ დავანებოთ თავი, შიანაარსობრივად არის სრული მარაზმი. ეს არის სახელმწიფოსთან აბსოლუტურ დათმობაზე წასვლა,და ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო დააფინანსებს.საერთოდ ეს საინტერესო ფენომენია"ფინანსირება".შეიძლება გაჩნდეს ლეგიტიმური კითხვა სახელმწიფოსგან-"დაგაფინანსო იმიტომ რომ მაკრიტიკო?"(ისევ ალან ბადიუ)-აბა რაა!ვიტყოდი მე!უნდა გაკრიტიკო!ესაა დემოკრატია!ხელოვანი სრულ პარაზიტობამდე ან თუ გნებავთ"კრიმინალობამდე"უნდა იყოს დაყვანილი სახელმწიფოს მემარჯვენე თვალსაზრისით დანახული!
-და "კარგი" მემარჯვენეებიც ხომ არსებობენ?
- მაგარი მემარჯვენეებიც არსებობენ.მაგრამ ჩვენ სახელმწიფოში რასაც მემარჯვენეულ ფლანგს და აზროვნებას ვეძახით ეს არის ერთგვარი მასა, რომელიც ნებისმიერ რამეზე რეაგირებს, ის არ კითხულობს რატომ უნდა ჩავიდინო, რატომ უნდა გავაკეთო, რატომ უნდა ვცემო, განვდევნო. ის მზადაა როგორც უხეში ძალა ჩაერიოს ნებისმიერ უცხო გამოვლინებაში. ესაა მთავარი და მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, რომ თეატრში შეიქმნა სამხატვრო საბჭო. საერთოდ დადებითია, როცა თეატრში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს,ნორმალურია ეს,ჯანსაღია სანამ ესთეტიკური შეურაცხყოფის ზღვარს გადავა. სამწუხაროდ თეატრის თანამშრომლებს არ ეყოთ იმის კულტურა, რომ არ გაეტანათ გარეთ და შიგნით მოეგვარებინათ გარკვეული დაპირისპირება, რომელიც თეატრში არსებობს. რადგან ბევრი გარეშე პირი ლაპარაკობს ამაზე უკვე. ეს არ უნდა მომხდარიყო. თუმცა მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ამ ორ ძალას შორის, რომელიც დაპირისპირებულია ფაქტობრივად არაა კონკრეტული მენტალური განსხვავება. შეიძლება ვიღაც უფრო ჭკვიანი იყოს ვიღაცაზე, უფრო ნიჭიერი ვიღაცაზე, მაგრამ მენტალურად და მსოფლმხედველობრივად ეს ოპონენტები აბსოლუტურად ერთი დ ა იგივეა. როდესაც ერთ საბჭოში არის ორი განსხვავებული აზრი, სადაც შეიძლება რაღაცაზე ვიკამათოთ ეს კარგია. მაგრამ რა აზრი აქვს ამ ოპონირებას, თუკი მე დ ა შენ გარკვეულწილად ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს და უბრალოდ პიროვნულად ვერ ვეგუებით ერთმანეთს. ამ შემთხვევაში დისკურსი კიდევ უფრო უაზრო გამოდის. შესაძლებელი იყო და ალბათ უნდა მომხდარიყო, რომ ცოტა განსხვავებული აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანი შეეყვანათ საბჭოში. გარედან შესულიყო ვინმე განსხვავებული ლიტერატორი, თეატრმცოდნე, ფილოსოფოსი... თეატრში ყველასთან ვმეგობრობ და ვერიდები პოზიციის გამოხატვას. იმიტომ კი არა, რომ საკუთარი პოზიცია არა მაქვს, მაგრამ იმდენად ერთნაირია ორივე მხარის პოზიცია, რომ ფაქტობრივად ორივეს უნდა დაუპირისპირდე.
- მარტო ხარ ამ ბრძოლაში?
-მარტო ვარ -თქო იმასაც ვერ ვიტყვი დ ა ბრძოლაში ვარ- თქო ვერც იმას. თეატრიდან დაინტერესება და დამოკიდებულება არსებობს. იმის შემდეგ, რაც მე გავაჟღერე ეს უმაყოფილება ამის შემდეგ რამდენად მზად იქნება თეატრი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ჩემი ინიციატივით რაღაც გავაკეთო, ე ს უფრო საინტერესოა ჩემთვის.მაქვს გეგმაში რაღაც ლაბორატორიის მსგავსი შევქმნა, სადაც უფრო დიდი ყურადღება სხვადასხვა მეთოდიკას დაეთმობა .ექსპერიმენტი არ ნიშნავს ჩემი აზრით სივრცის შეცვლას.არამედ ეს უფრო საკომუნიკაციო ენის ცვლილებაა. თუკი სხვა ,განსხვავებულ სივრცეში მე ისევ არისტოტელესეულ(კათარზისის)თეატრს გამოვხატავ,მაშინ ექსპერიმენტს აზრი არ აქვს.
-მაურებელი რამდენად არის მზად ექსპერიმეტული სპექტაკლები მისაღებად? და ზოგადად როგორია თეატრის მაყურებელი დღეს ქუთაისში?
-მაყურებელი სცენასა და მსახიობს რომ უყურებს უკვე ტაშს უკრავს. აქედან გამომდინარე მისი ტაში იმდენად ყალბია, რომ ვერ ვენდობით მისი ტაშის ხარისხს. იმიტომ, რომ ის მაყურებელი, რომელიც მეტნაკლებად კარგ სპეტაკლზე უკრავს ტაშს, ცუდ სპექტაკლზეც უკრავს ტაშს. როგორ გავიგოთ ამ შემთხვევაში მისი აზროვნება და დამოკიდებულება? ადამიანებზე ვამბობ, რომლებიც ძალიან კარგად გარკვეულები არიან დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში და დღევანდელ ვითარებაში. იდეოლოგიურ ვითარებაში, რომელიც გადაბმულია კულტურასთან . საბოლოო დასკვნა რომ გავაკეთო დღევანდელი თეატრი "სოციალისტურიც" კი უნდა იყოს. ამას ბევრი ცოტა სხვანაირად მიიღებს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ასეა. ფუნდამენტური ცვლილებები სწორდ ამ კუთხიდან შეიძლება მოხდეს თეატრში და არა რაღაც დაპირისპირებიდან. ვიღაცის მოწონებით ან არმოწონებით. არც გადადგომითა და ახლის მოყვანით ამით არაფერი შეიცვლება. იმიტომ, რომ პრობლემები სხვაგან არის. მოვა ვიღაც სხვა, გააკეთებს იგივე ნომენკლატურას. ეს სპექტაკლები ხომ არის აბსოლუტური ნომენკლატურული - არც კონსერვატორ- მემარჯვენეს აღიზიანებს და რადიკალი მემარცხენე არც შეეკამათება. პოზიცია არაა დაფიქსირებული. ტელერეიტინგებიდან და ტელეშოუებიდან გაჟღერებული აზრებითაა დაბალანსებული და აგებული.
-სად „გაიჭედა“ და რა ვერ მოძებნა ქართულმა თეატრმა?
-თეატრმა ვერ მოძებნა საკუთარი რაკურსი, ამიტომ აღარც ეყოლება თეატრს მაყურებელი.რაკურსში არა მხოლოდ აზრობრივ რაკურსს ვგულისხმობ, არამედ ფორმის რაკურსსაც. თუმცა აზრობრივია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. შეიძლება ადამიანი იყოს ნიჭიერი ან ვერ იყოს. მაგრამ აქ საუბარია განათლებაზე. განათლება არ ნიშნავს ,რომ სერვანტესი გაქვს წაკითხული. მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში როგორ ერკვევი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ, ერთი კარგი პოეტის პერეფრაზს თუ გავაკეთებთ - "ნებისმიერი ხელოვანი აზუსტებს თავისი დროის არსებობას". ჩვენ წარსულისკენ, ისევ მითოლოგიისკენ გვაქვს მიდრეკილება. ეს მიდრეკილება სახელმწიფო პოლიტიკის რუპორი არის. იმიტომ, რომ იღებენ ფილმებს ექვთიმე თაყაიშვილზე და ამაში ბევრ ფულს ხარჯავენ. მაგრამ არ გაიმეტებენ ფულს ადამიანების ისტორიაზე საშუალო ფენიდან, რომელსაც რაღაც უჭირს. ექვთიმე თაყაიშვილს კი არ ვერჩი, მაგრამ თუკი კინოინდუსტრია გაქვს იმხელა, რომ გადაიღო იმაზედაც და ამაზედაც გადაიღე კი ,ბატონო. მაგრამ როდესაც წელიწადში სამ ფილმს იღებ და მეტს ვერა, მაშინ ცოტ პრობლემებს დაუთმე ეს ფული და არა მითოლოგიზებას.
-რას უნდა დაეფუძნოს თანამედროვე თეატრი?
-აუცილებელია თეატრმა ახალი დრამა მოიპოვოს და დრამატურგიის ძიებაში იყოს. კი წერს ნინო სადღობელაშვილი ედიტ პიაფს, მაგრამ ეს ძალიან დაშორებული იქნება საქართველოსა დ ა ქართულ პრობლემებს. რაში გვჭირდება ედიტ პიაფი?! იმიტომ რომ ედიტ პიაფია?ხომ არ არის ეს მუსიკისა და დრამის თეატრის "მარლენ დიტრიხის" გამეორება რაღაცწილად?მავნეა თუ არა ეს ტენდენცია? მაშინ სერჟ გინსბურგზეც დაგვეწერა?! მოკლედ თეატრში არის ისეთივე პრობლემა როგორი პრობლემაცაა ზოგადად ხელოვნებაში, როგორი ჩაკეტილობაცაა მთლიანად კულტურაში.
-სკოლების როლი რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში?
-სკოლების დონეზედაც ჩაკეტილობაა. სკოლა უნდა განვითარდეს და სკოლა ვერ ვითარდება. სამხატვრო აკადემია აბსოლუტური მარაზმია.კარგი სისტემა იქნება აწყობილი, თუკი თეატრებთან არსებული სახელოსნოები(ლაბორატორიები) გაიხსნება , ისეთ თეატრებთან რომელთა სახელოსნოს გამოცდილება აქვთ. ყველა თეატრს ჭირდება სახელოსნო დ ა სამჭედლო. ლაშა თაბუკაშვილის პიესებზე გაზრდილი მსახიობებიდან არა მგონია გარკვეული ნიჭი წამოწიო. დრამატურგიას დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია რასაც ეფუძნები. ამიტომ კარგი დ ა ცუდი ხომ უნდა განასხვაო ერთმანეთიდან.
-მთავარი პრობლემა "რა-ს" და "როგორ-ს" დისკურსში?
-მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ის კი არაა როგორ ვაკეთებთ, არამედ რას ვაკეთებთ, რა უნდა ვილაპარაკოთ, რაზე ვილაპარაკოთ, რით უნდა განვაცვიფროთ, შევაშფოთოთ. რომ დაფიქრდეს, თეატრიდან დაიწყოს ფიქრი. "სიზარმაცე (ფიქრის)არის ის რაც ჩვენ გვაქცევს ჯალათებად", - ამბობდა ერთი ჭკვიანი კაცი. მაყურებელს გარკვეულწილად თეატრი აძლევს ამ სიზარმაცის საშუალებას. ის მიყვება ჩვეულებივად და კითხვას არ ბადებს. როდესაც სპექტაკლი კითხვას ბადებს ეს უკვე პროვოკაციაა. მაყურებელს პასუხის მოძიება ჭირდება, ეზარება დ ა მიდის თეატრიდან. ამიტომ თეატრი ორმაგი ამოცანის წინაშე დგება: ისეთი კითხვა უნდა დასვა , ისეთი ამოცანა დაუსახო და პლუს ისე შეუსრულო, რომ არ წავიდეს და დაფიქრდეს ამაზე. მაგრამ რას ვეუბნებით ის არ ვიცით. და როგორ ვეუბნებით - მითუმეტეს.
-სად ხედავ მთავარ აცდენებს?
-მე დუმბძეს ამოვიღებდი თეატრიდან, დუმბაძე არაა სათეატრო რეპერტუარი. ჩვენი ახალგაზრდების ამ სენტიმენტებზე პედალირება საჭირო არ არის. ამ სენტიმენტებზე ვართ ჩამოკიდებული. ადამიანი ვერ იხსნება ამ სივრცეში. თეატრი კი სწორედ ის ადგილი უნდა იყოს, სადაც იხსნება ადამიანი. რელიგიური დოქტრინები თეატრში არ უნდა ცხადდებოდეს. თეატრში სახარების ქადაგება მოსაწყენი არის. სახარება ეკლესიაშიც მოსაწყენია.ჩემთვის, რომ ვკითხულობ უფრო საინტერესოა მეტ რამეს ვპოულობ. რელიგია დიდი რამაა,მაგრამ ხელოვნება უფრო დიდია.ჩვენ ქართულ ენას თუ დავუკვირდებით ყველაფერი ისე იწერება როგორც გამოითქმის.ტრანსკრიფცია არ გვაქვს სხვა ენებისგან განსხვავებით.აი ხელოვნებაა ზუსტად ტრანსკრიფცია!

Print