ფოტო
„მითვისებული“ ტროტუარები ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში სეზონის დაწყებასთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტერასები და ღია კაფეები ეწყობა. კერძო ბიზნესის მფლობელები ადგილობრივ მომხმარებელსა და ტურისტებს მომსახურებას ღია სივრცეში სთავაზობენ, რაც მათი თქმით, ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო და მიმზიდველია.

ღია კაფეებისა და ტერასების უმეტესი ნაწილი ტროტურებზეა განთავსებული. უმეტეს შემთხვევაში ასეთ ობიექტებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, თითქმის მთლიანი ტროტუარი უკავია.

კაფეებსა და ბარ-რესტორნებს მათ მიმდებარედ არსებული ტროტუარები ქუთაისის მერიის ნებართვით, იჯარით აქვთ აღებული.

ყოველთვიური თანხა, რომელიც გასაიჯარებელი ტერიტორიის კვადრატული მეტრობით განისაზღვრება, მინიმალურია.

ქალაქის ბიუჯეტში სეზონური ბიზნესისთვის ყოველთვიურად 50 ლარს იხდის "ჩვენი კაფე", რომელსაც 10 კვ.მ.-ზე რამდენიმე მაგიდა აქვს განთავსებული.

კაფის მეპატრონე ამბობს, რომ მისი ბიზნესი ქვეითებს პრობლემებს არ უქმნის.

"ტროტუარის იმ ნაწილს, რომელიც იჯარით გვაქვს აღებული, სიგრძე უფრო მეტი აქვს, ვიდრე განი. შესაბამისად, ფეხით მოსიარულეებს პრობლემა არ ექმნებათ", - ამბობს "ჩვენი კაფეს" მეპატრონე, მაკა დოღონაძე.



გასულ სეზონებზე, ბარ-რესტორან "დეჟა ვუს" მთლიანად ეკავა მის წინ არსებული ტროტუარის 15 მეტრიანი მონაკვეთი პუშკინის ქუჩაზე. ახლა კი მისი ახალი მეპატრონე ამბობს, რომ ქვეითებისთვის გადასაადგილებლად ტროტუარის ნაწილი გათავისუფლეს.

"ჩემამდე მთლიანად იყო დაკავებული, ახლა გავეკეთეთ ისე, რომ ადამიანს არ მოუწიოს ქვაფენილზე ჩასვლა. თუ რამე მოთხოვნა იქნება და ხელს შეუშლის ვინმეს, გავითვალისწინებთ აუცილებლად", - ამბობს "დეჟა ვუს" წარმომადგენელი, ვიტალი ხურციძე.



იჯარის თანხის რაოდენობა და აღებული ტერიტორიის მოცულობა ზუსტად არ ახსოვს ბარ-რესტორან "ალმანოს" მენეჯერს.

გიორგი კვატაშიძე ამბობს, რომ მისი ბიზნესის გამო, რომელიც ყველა სეზონზე მუშაობს, ქვეითებს გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ.

"დაწესებულია რაღაც თანხა, რომელსაც რიცხავს ბუღალტერი. ზუსტი რაოდეობა არ ვიცი. ქვეითებს დაბრკოლება არ ექმნებათ. რისი უფლებაც მოგვცა მერიამ, იმ ტერიტორიას ვიყენებთ",-ამბობს გიორგი კვატაშიძე.



ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კერძო ბიზნესის მიერ ქვეითებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილის დაკავებას, ტურიზმით ხსნის და ამბობს, რომ ეს ქალაქს ტურისტულად მიმზიდველს ხდის.

"ყველგან ასეა. მთელ ევროპაშია ღია კაფეები და ტერასები. ლამაზია, მიმზიდველია ტურისტებისთვის. გარდა ამისა, ეს ადამიანები ბიუჯეტშიც იხდიან თანხას",-ამბობს შოთა მურღულია.

















ე.წ. ღია კაფეების სეზონი ქუთაისში მაისის ბოლოს იწყება და სექტემბრის მიწურულს სრულდება.

Print