ფოტო
წაშლილი "ზებრა" გადასასვლელები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

2 დღეში საქართველოში "საგზაო მოძრაობის" შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიხედვით მძღოლებს, ქვეითისთვის ზებრა გადასასვლელზე გზის არ დათმობისთვის, მართვის მოწმობაზე 100-დან 5 ქულა დააკლდება.

ქუთაისში ქვეითები და მძღოლები მოუწესრიგებელ და დაუხაზავ ზებრა გადასასვლელებზე საუბრობენ, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.

"ზოგ ადგილზე არც ეტყობა, რომ გადასასვლელია. უბარლოდ, ვიცით, რომ ამ ადგილზე ერთ დროს გადასასვლელი იყო ან შუქნიშნით უნდა მივხვდეთ," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ცირა ხელაძე.

მძღოლები კი განმარტავენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორც მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღებაა, ადგილობრივი ხელისუფლება მომზადებული უნდა შეხვედროდა.

"უნდა დაეხაზათ გადასასვლელები, მოეწესრიგებიათ ინფრასტრუქტურა. რამდენი ხანია ამ საკითხზე მსჯელობენ და ამდენი ხანი მთელ ქალაქს დახაზავდნენ," -ამბობს ჩვენთან საუბარში ქუთაისელი მძღოლი, გოგა ლომთაძე.

რა მდგომარეობაშია ქალაქში ზებრა გადასასვლელები, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟი:

















ქალაქში ქვეითთა გადასასვლელების დახაზვაზე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეციალურ სერვისები" უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 10 მარტს, სამსახურის ხელმძღვანელი, გელა გაგუა ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ გადასასვლელების განახლება 20 მარტიდან დაიწყებოდა, მაშინ როდესაც ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსზე მეტი იქნებოდა. მისივე თქმით, ეს პროცესი შემოდგომამდე გაგრძელდებოდა.

ახლა კი, გელა გაგუა აცხადებს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი შესრულებულია, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის აპრილიდან ამ დრომდე 4 912 კვ.მ ფართი დაიხაზა, აქედან 2 020 კვ.მ ზებრა გადასასვლელია, რაზეც სულ 35 500 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება, დარჩენილ ნაწილს, გაგუას განმარტებით, ისინი ოქტომბრამდე დაიხაზება. მისივე თქმით, დაახლოებით 2 000-დან 2 500 კმ.მ-მდე ფართი უნდა დაიხაზოს.

"ეს დამოკიდებულია საპატრულო პოლიციაზე, რომელიც თავად ადგენს სად უნდა გაკეთდეს გადასასვლელები და საგზაო ნიშნები. რასაც მოგვაწოდებს საპარტულო პოლიცია, ოქტომბრამდე დაიხაზება. საერთოდ, არ იყო დახაზული ათწლეულების მანძილზე. გასულ წელს დავიწყეთ. წელს შარშან რაც იყო, იმაზედ 60%-ით მეტი გავაკეთეთ. ერთიანად არ გაკეთდება თანხებთანაა დაკავშირებული," - ამბობს გელა გაგუა.

მისივე განმარტებით, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადასასვლელების დახაზვას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აფერხებს.

"მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზე ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები და არ მოწესრიგდება ვერ დავხაზავ. გზის საფარის მოწესრგება პირველი პირობაა, რომ მერე დაიხაზოს," - ამბობს გაგუა.

რაც შეეხება საღებავს, რომლითაც გადასასვლელები იხაზება, მის შესაძენად ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" ტენდერი გასულ წელს ორჯერ გამოაცხადა. ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგი" გამოვლინდა. კომპანიამ საღებავების შესყიდვაში ჯამში 43 099 ლარი მიიღო. ამ თანხის სანაცვლოდ, "ჯორჯიანპაინტკოატინგმა" რუსული წამოების საგზაო მარკირების 7000 კგ თეთრი , 1000 კგ წითელი, 400 კგ ვერცხლისფერი საღებავი, 2000 კგ შუქის ამრეკლი მინის ბურთულა და 500 კგ. გამხსნელი შეიძინა.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ 1 კვ.მ გზის დახაზვა 7 ლარი ჯდება. ამ დროითვის ქუთაისში, საპარტულო პოლიციის მიერ, სულ 130 ზებრა გადასასვლელია აღრიცხული. 

 

Print