ფოტო
სამოხელეო დანაშაული საქართველოში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე 2014-2015 წლებში 9 თვეში (იანვარი–სექტემბერი) რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, 2015 წელს 9 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სამოხელეო დანაშაულის 417 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 308.

დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.

რეგისტრირებული დანაშაულის მონაცემებს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც, სადაც მითითებულია, რომ 2015 წელს სამოხელეო დანაშაულის 592 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2016 წლის I და II კვარტალში – 384.

შს სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცმების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) კვლევა ჩაატარა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს, რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს," – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

IDFI–მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა სრულად, თანამიმდევრულად და ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დანაშაულის მაქსიმალურად დეტალიზებული სტატისტიკა, რათა საზოგადოებას შეექმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ.

ასევე, ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დეტალური/ჩაშლილი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, ხოლო საქსტატმა, თავის მხრივ, უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.

შს სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებზე დაყრდნობით, ქუთაისიპოსტი გთავაზობთ, სამოხელეო დანაშაულის შესახებ მომზადებულ ინფოგრაფიკას:


Print