ფოტო
შემოსავალი იგივე, სურსათის ფასები გაძვირებული - რა ღირს საახალწლო სუფრა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ბაზრებში პროდუქტებზე ისედაც მომატებული  ფასები, საახალწლოდ, კიდევ გაზრდილია.
ძირითადად ის პროდუქციაა გაძვირებული, რომელიც საახალწლო სუფრაზე (როგორც მიიჩნევა) აუცილებლად უნდა იყოს.

ფასები, ჩვეულებისამებრ, ქათამზე, ყველზე, ხორცზე, ნიგოზზე, ხილსა და მწვანილებზეა მომატებული.

ნიგვზის ფასი 20 ლარიდან იწყება და 30 ლარამდე მერყეობს. 



22 ლარიდან იწყება ყველის ფასიც.

„საახალწლოდ 2-3 ლარით მომატებულია. საქონლის საკვებია გაძვირებული, შესაბამისად, ნაწარმის ფასიც გაზრდილია, ჩვენც რა ვქნათ. ხალხი შეძლებისდაგვარად ყიდულობს, ზოგი ნახევარ კილოს, ზოგი - ერთს, ზოგიც სულ ვერ წვდება", - განმარტავს ყველის რეალიზატორი. 



ქათმის ფასი თითქმის იგივე დარჩა.

„9,50 ლარი ღირს კილო ქათამი. არ გაგვიზრდია ღირებულება, რადგან მყიდველი არ გვყავს, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქეთ ვეხვეწებით, წაიღონ, მაგრამ არ აქვს ხალხს ფული. თქვენც ხომ ხედავთ, არ დადის მომხმარებელი", - ამბობს გამყიდველი.



საქონლის ხორცი 18 ლარი ღირს, ღორის - 15. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა მომხმარებელი პროდუქციას გრამობით ყიდულობს.



საახალწლოდ მომატებულია მწვანილის ფასიც. კილოს ღირებულება 2 ლარამდეა გაზრდილი. ფასები მომატებულია ხილზეც. 











„თითქმის 30%-ით არის მომატებული ფასები ყველაფერზე. მაგალითად, კილო კარტოფილი 2,50 ღირს. შესაბამისად, ხალხი ვერ ყიდულობს. ზოგს ნახევარი კილო მიაქვს, ზოგსაც - ცალობით. გასულ წელს ბევრად მეტი მომხმარებელი შეინიშნებოდა ბაზარში“, - გვიხსნის გამყიდველი. 







პროდუქტებზე რომ საახალწლოდ ფასები მომატებულია, ამაზე საუბრობენ მომხმარებლებიც. მათი თქმით, შემოსავალი იგივე რჩება, პროდუქციის ფასები კი ყოველდღიურად იზრდება.

„რა თქმა უნდა, გაძვირებულია ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ 5, 50 ღირდა ლობიო და დღეს 7 ლარი მივეცი. მაღაზიებშიც ყველაფერი ძვირია. 500 ლარი დავხარჯე ახლა და არაფერი მიყიდია ისეთი. ცოტა ხორცი, ქათამი და თითო კილო ხილი. ჩვენ, ხალხს, ხელფასი დაბალი გვაქვს, თვითონ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) კი აქვთ 5 000- 10 000. რა ცხოვრება გვაქვს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე, არ ვიცი
“, - განმარტავენ მოქალაქეები. 

ახალ წლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და შესაძლოა, პროდუქციაზე ფასებმა კიდევ უფრო მოიმატოს. 
Print