ფოტო
„გვირილობა - 2022“ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში „გვირილობას“ იგივე „ქუთაისობას“ აღნიშნავენ. 

„გვირილობის“ ტრადიციულად აღნიშვნის ფორმაში ცვლილება შევიდა, მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. უამინდობამ შეამცირა დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობა  - ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილი 25 ღონისძიებიდან 17 ჩატარდება.

შესაბამისად, შეიცვალა რამდენიმე ღონისძიების გამართვის ადგილი და მათმა ნაწილმა შენობებში გადაინაცვლა.

ორმაისობა ტრადიციული დალოცვით დაიწყო. ბაგრატის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა და ქალაქის დალოცვის რიტუალი შესრულდა.

შესრულდა მეორე ტრადიციული რიტუალიც. სამი ოთარის ძეგლის პატივგება "ქუთაისობის" ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა. ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს ქალაქის პირველმა პირებმა.


„ორმაისობის“ დღესასწაულზე გამოვლინდნენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეები. წელს ეს პატივი 8 მოქალაქეს ერგო.

უამინდობის გამო „გვირილობის“სადღესასწაულო ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალური ბაღიდან მესხიშვილის თეატრში გადაინაცვლა.


თეატრის ფოიე რამდენიმე გამოფენას დაეთმო.

ქუთაისის ფოტო-ტელე-მატიანეს მუზეუმმა წარმოადგინა გამოფენა ქუთაისის ფოტოები XIX საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.



თეატრის შენობაში წამოდგენილი იყო კაბინეტის ფოტოგრაფია. წარმოდგენილი ექსპონატები ფოტო-ტელე -კინო მატიანეს ფონდებშია დაცული.



თეატრის ფოიეში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთათვის.



დღის მეორე ნახევარი მუსიკალურ ღონისძიებებს დაეთმობა: ქუთაისის ოპერის თეატრში გალა-კონცერტი ჩატარდება; ამერიკული ჯაზ ბენდს უმასპინძლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელი დარბაზი; ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება ლადო მესხიშვილის თეატრში.

"გვირილობის" ღონისძიებების ციკლს ქალაქური სიმღერების საღამო დაასრულებს მანანა მენაბდესთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად. კონცერტი სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში გაიმართება.

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად "გვირილობის" დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.


Print