ფოტო
განახლებული ვაჭრობა მყიდველის გარეშე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, დაკეტილი ბაზრების გახსნის შემდეგ, 5 მაისიდან პროდუქტების შეტანაც თავისუფლადაა შესაძლებელი.

გლეხებს, რომლებიც ჩაკეტილ ქალაქში შემოსვლას საშვების უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ, დღეიდან საკუთარი სურსათის რეალიზაციის საშუალება მიეცათ. წინა დღეებთან შედარებით, ქალაქის ბაზრებში და ბაზრებს გარეთ პროდუქტების რაოდენობამაც იმატა და გამყიდველიც უფრო მეტია, თუმცა, ისევ ცოტაა მყიდველი.
რეალიზატორები შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, მომხმარებლის სიმცირეს უჩივიან და ამბობენ, რომ თუ მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ დაინიშნა, მათ მუშაობას აზრი არ ექნება. ტრანსპორტის არარსებობა პრობლემას მათთვისაც წარმოადგენს, რადგან დიდ ნაწილს საკუთარი ავტომანაქანა არ ჰყავს და სოფლის მეურნეობის პროდუქტის ქალაქამდე ჩამოსატანად ზოჯერ ტაქსის დაქირავებაც კი უწევთ.


"ტაქსით ჩამოვიტანე ახლა ეს ყველი. აქედან რომ წავალ, კიდევ ფული უნდა მივცე ტაქსს. რა უნდა ვიშოვო ამდენი აქ, რომ ეს ხარჯები ავანაზღაურო? ვინმეს ვთხოვდი წამოყვანას, მაგრამ ორზე მეტი ადამიანის ჩაჯდომა არ შეიძლება მანქანაში. რა აზრი აქვს ქალაქის გახსნას პროდუქტი თუ ვერ ჩამოვიტანეთ და ხალხი ვერ მოვიდა ბაზარში"?-ამბობს დალი ფესტვენიძე მაღლაკიდან.

"ბაზრამდე ვერ მოდის ხალხი. ყველა ქალაქის ცენტრში არ ცხოვრობს, მანქანაც არ ყავს ყველას. რა აზრი აქვს ჩვენს მუშაობას? თუ ტრანსპორტი არ დაინიშნა, ბაზარი ვერ იმუშავებს", - ამბობს ნანი ოყრეშიძე წყალტუბოს სოფელ ჩუნეშიდან.

სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის გამო, მოვაჭრეთა ნაწილი სამუშაო ადგილებს ჯერ ისევ არ დაბრუნებია ბაზრებში, რადგან ადმინისტრაციები იძულებული გახდნენ რეალიზატორებისთვის მაგიდების მხოლოდ ნაწილი დაეთმოთ. 
ქუთაისის ცენტრალური ბაზრის დირექტორი, ოლეგ არღვლიანი ამბობს, რომ ბაზარში დახლების 50%-ია დატვირთული, თუმცა, სამომავლოდ აპირებს, რომ ადგილების რაოდენობა გაზარდოს.

"ძალიან დიდია მოთხოვნა, რაც ბუნებრივია, რადგან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და მათთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამ დღეებში მოვაწყობთ ახალ ტერიტორიებს ახალი სტანდარტებით",-ამბობს ოლეგ არღვლიანი.

მომხმარებლის სიმცირის გამო უმუშევრები არიან ტვირთის გადამზიდავებიც, რომლებიც, ძირთადად, ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ.
ქუთაისი 15 აპრილიდან ჩაკეტილი იყო. ქალაქში იკრძალებოდა შემოსვლა და გასვლა. 5 მაისიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, არ მომხდარა ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი, რადგან იმერეთის გუბერნატორის თქმით, ისევ საჭიროა მოსახლეობის თერმო-სკრინინგი, რომელიც ქალაქის შესასვლელებთან ტარდება. ქალაქში არ მოხსნილა არც კომენდანტის საათი, რომელიც 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს.




Print
თეგები: #ბაზრობა