რეგიონი
სოფელი იმერეთში, რომელიც საახალწლოდ ბავშვებმა მორთეს (ფოტო)
FaceBook
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
ხარაგაულის სოფელ ლაშეში 17 ბავშვი ცხოვრობს. თითოეული მათგანი, ისევე, როგორც სხვა ბავშვები, ახალ წელს განსაკუთრებით ელოდებოდა. 

"ვლაპარაკობდით და ვნატრობდით უფრო ხალისიან ახალ წელს," –  ჰყვება 14 წლის დიანა ლომსაძე, რომელმაც თანატოლებთან ერთად გადაწყვიტა, განწყობაც თავად შეექმნათ და სოფელიც თავადვე გაელამაზებინათ.

მოზარდებმა იდეა უფროსებს გაანდეს და ისინიც ხალისით შეუერთდნენ.

სოფლის გალამაზებისთვის ხუთ დღიანი შრომა და ცოტა ფული დასჭირდათ. შედეგად დიდმა და პატარა ლაშელებმა სოფლის ცენტრი საახალწლოდ ერთობლივად მორთეს. 

"ჩვენ თვითონაც  გავხდით ბავშვები. ყველა გაერთიანდა, მოხუციც ახალგაზრდაც," – ამბობს ადგილობრივი ნიკა მანჯავიძე, რომელიც დიდი ხანი არ არის დედაქალაქიდან სოფელს დაუბრუნდა.





ლაშეში საახალწლო სამზადისს სოფლიდან დედაქალაქში წასული ადგილობრივებიც შეუერთდნენ. აკრებილი თანხით იყიდეს სათამაშოები, განათებები.

ზოგი დეკორაციად აქციეს, ზოგიც ხეს შემოხვიეს და ლაშეც განათდა.







ადგილობრივებმა ლაშეში საახალწლოდ სოფლის ერთობლივად გალამაზების ტრადიცია დაამკვიდრეს და განაცხადეს, რომ კიდევ უფრო ორგანიზებულად დახვდებიან მომდევნო ახალ წელს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენებმა, სოფლის გალამაზებისთვის ლაშეში მცხოვრებ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს.
| Print |