მულტიმედია
„მივიღე აქაურობა და აქაურობამაც მიმიღო“ - ცხოვრება საქართველოში
FaceBook
მწვანე, მშვიდი და უსაფრთხო, - ასე ახასიათებს ქუთაისს თურქი ბიზნესმენი ჰაკიმ ჩიჩეკი


იგი ოთხი წელია ქუთაისში ცხოვრობს. .თურქეთიდან საქართველოში გადმოსვლის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქართველ გოგონაზე სოფო გიორგაძეზე დაქორწინდა და საქართველოს, როგორც ტურისტი ისე ეწვია. ამ სტუმრობამ მიაღებინა ჰაკიმს ქვეყნის შეცვლის და მეუღლის მშობლიურ ქალაქში გადმოსვლის გადაწყვეტილება.

„ჩემი მეუღლის სურვილით და მონდომებით გადმოვედით თურქეთიდან ქუთაისში, რადგან აქაურობა ძალიან მოეწონა. აქ წამოვიწყეთ ჩვენი საქმე, რომლის მართვის დიდი გამოცდილება თურქეთში მივიღეთ“, - ამბობს სოფო გიორგაძე-ჩიჩეკი.

ჰაკიმს ქუთაისში თავი უცხოდ არ უგრძვნია, რადგან ფუნდამენტური ერთობა აღმოაჩინა ქართულ და თურქულ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს შორის.


„ოჯახი, მეგობრობა, მეზობლობა ისეთივე მნიშვნელოვანია თურქეთში, როგორც თქვენთან. თურქეთშიც ისევე შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიადგე მეზობელს და მისი დახმარების იმედი გქონდეს, როგორც ქუთაისში“, - ამბობს ჰაკიმი.


თავის მხრივ არც სოფოს ჰქონია თურქეთში მძაფრი კულტურული შოკი. მან თურქეთში ათი წელი იცხოვრა. იგი სხვადასხვა სასტუმროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. აქვე გაიცნო მომავალი მეუღლე. მათ ქორწინებას წინააღმდეგობა არც ქართული და არც თურქული მხრიდან არ შეხვედრია.


„15 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ჯერ საფრანგეთში, მერე თურქეთში.ამიტომ ჩემი არჩევანი, სხვა ეროვნების ადამიანს გავყოლოდი ცოლად, არავის გაკვირვებია. ანალოგიურად არც ჰაკიმის ოჯახი იყო წინააღმდეგი უცხო ეროვნებისა და უცხო რელიგიის ქალის შესვლით მათ ოჯახში. სხვათაშორის, როდესაც ეს კითხვა დავუსვი ჰაკიმს - წინააღმდეგები ხომ არ იქნებიან ჩემი რძლობის-თქო, მიპასუხა, რომ როდესაც გავიცნობდი მისიანებს შემრცხვებოდა ამ კითხვის. მართლაც ასე მოხდა: ჩემმა მომავალმა დედამთილმა ძალიან თბილად მიმიღო და ეს თბილი ურთიერთობა დღემდე არ დარღვეულა“, - ყვება სოფო.


სოფო ექვს ენაზე ლაპარაკობს და კარგად იცნობს ევროპულ და აზიურ ტრადიციებს თუ კულტურულ თავისებურებებს. ამ  მრავალფეროვნების მიღებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, სიმდიდრედ თვლის და სხვადასხვა კულტურული გამოცდილების დანერგვას ცდილობს როგორც ცხოვრებაში, ისე საკუთარ საქმეში. მან ჰაკიმთან ერთად დანაზოგით ქუთაისში კაფე გახსნა აღმოსავლურ-დასავლური დიზაინერული თუ გასტრონომიული სულისკვეთებით.

ჰაკიმიც კეთილგანწყობით და მიმღებლობით მიუდგა მის ახალ ცხოვრებას ახალ ქვეყანაში.

„აქ მეგობრები მყავს. ყველა მზადაა დახმარების ხელი გამოგიწოდოს. მეც მივიღე და ქალაქმაც მიმიღო მე“, - ამბობს ჰაკიმი. “


ჰაკიმს ისიც მიაჩნია რომ ამ ღიაობისა და სხვისი პრობლემის გაზიარების წყალობით საქართველოში პანდემია შედარებით ნაკლები ფსიქოლოგიური ტრავმებით გადაიტანეს. მეგობრობისა და ნათესაობის ტრადიციებმა შესაძლებელი გახადა ის, რომ „ყველა ყველას ეხმარება და ცდილობს სირთულე შეუმსუბუქოს“, ასე ხედავს პანდემიის პერიოდში ქუთაისურ ცხოვრებას ჰაკიმი.


„პანდემია ყევლას შეეხო, მათ შორის ჩვენც, თუმცა ამის გამო არსად წასვლა არ გვიფიქრია. აქვე ვზრდით ჩვენს შვილს ალი -ალექსანდრეს და არც ჩვენს გეგმებზე გვითქვამს უარი, რის გაკეთებასაც აქ ვაპირებთ“, - ამბობს ჰაკიმი.


ევროპულ-აზიური მიქსი მათ საქმეზეც აისახება  და ცხოვრების წესზეც. ქუთაისში ჩიჩეკების ქართულ-თურქული ოჯახი ის ადგილია, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს შეხვდა და მშვიდობიანად თანაარსებობა შეძლო.


თურგაი ჰაჯიეფენდიოღლუ 17 წლის ჩამოვიდა საქართველოში, ერთადერთი ქართული სიტყვა რაც იცოდა „გამარჯობა“ იყო.  თუმცა რამდენიმე წელში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატემატიკის ფაკულტეტზე ქართულ ენაზე სწავლა შეძლო.

„თურქეთზე მეტი საქართევლოში ვიცხოვრე, 18 წელია აქ ვარ“, - ამბობს თურგაი.

თურგაი ახლა თავად ასწავლის მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულენოვან სკოლა-ლიცეუმში სკოლაში.



თუმცა იყო პერიოდი, როდესაც უჭირდა ქართული ფონეტიკა.


„სწავლის პირველი სემესტრი რთული იყო. ვერ გამოვთქვამდი ცალკეულ ასო-ბგერებს.  სიტყვებს „რძე“, „კვერცხი“. თითქოს სწორად ვამბობდი მაგრამ ჩემი გაგება ზოგჯერ უჭირდათ“.


იხსენებს იმ რთულ დროსაც საბჭოეთის ნგრევის შემდეგ რომ იდგა საქართთევლოში.პოსტ-საბჭოთა ნანგრევებში ცხოვრება და მისი მავნე დანატოვარის გაცნობა მასაც მოუწია.


„ 2004-ში ჩამოვედი საქართველოში სხვა თურქ სტუდენტებთან ერთად. მაშინ კრიმინალი მომძლავრებული იყო ქვეყანაში ორ-ორი ან სამ -სამი დავდიოდით უსაფრთხოებისთვის. თუმცა მეზობლებისგან გვქონდა დიდი  მხარდაჭერა. ვმეგობრობდით ჩვენი ასაკის ბიჭებთან, ამიტომ არაფერი უსიამოვნება არ შეგვხვედრია“, - ამბობს თურგაი.


რამდენად მნიშვნელოვანია ტოტალიტარული მემკვიდრეობისგან გათავისუფლება თურგაის კარგად ესმის და ამ საქმეში საკუთარ როლსაც ხედავს.


„საქართველო ადრე იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა. საქართველოს გვერდით ვართ, როგორც თურქეთის სახელმწიფო, ისე ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად თურქები. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ ჩემი წვლილიც რომ იყოს საქართველოს წინსვლაში“, - ამბობს თურგაი.

თურგაი თავის მომავალს საქართველოში ხედავს. საქართველოს მომავალს სწორ ორიენტირებაში ევროპულ სივრცეზე.


Print