მულტიმედია
"დაფარული სიკეთე" ეპარქიისთვის გაზრდილი მუნიციპალური დაფინანსების პირობებში
FaceBook
კოვიდპანდემიას საქართველოში, ორი წელია, არაერთი ინსტიტუცია, ორგანიზაცია, თუ ცალკეული პირი ებრძვის.
ფინანსებით, ინფორმაციის გავრცელებით, აცრისკენ მოწოდებით, პირბადის ტარებით, ქორწილების არგამართვით, დახმარების ხელის გაწოდებით ყველა იმას აკეთებს რაც შეუძლია და როგორც შეუძლია.

ამ ომში დუმს საქართველოს სამოციქულო ეკლესია. დუმს ღმერთის და „სიკეთის ფარულად“ კეთების სახელით.

ინსტიტუციის ნაწილია ქუთაის-გაენათის ეპარქია, სადაც საუბარი უჭირთ პანდემიის დროს გაწეულ ქველმოქმედებაზე. ეს მაშინ, როცა ზუსტად პანდემიურ 2020-2021 წლებში ქუთაის-გაენათის ეპარქიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი თანხა მიიღო.

ბიუჯეტი ეპარქიისთვის

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტიდან თანხას ყოველწლიურად ურიცხავს ქუთაის-გაენათის ეპარქიას. ამ თანხას ემატება ეპარქიის ის დაფინანსება, რომელი ცენტარლურ ბიუჯეტიდან იღებს.

მერიიდან ოფიციალურად მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, თვითმმართველობის ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლიდან ეპარქია 2018 წელს 63 ათასი ლარით, 2019 წელს - 50 ათასი ლარით, 2020 წელს - 40 ათასი ლარით, ხოლო 2021 წელს 250,000 ლარით დააფინანსეს.

თვითმმართველობას ეპარქიას თანხას რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის მიზნით ურიცხავს.

2021 წლის ბიუჯეტში ეპარქიისთვის განსაზღვრული თანხიდან მერიამ უკვე გადარიცხა 180 000 ლარი. რა დანიშნულებით აფინანსებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამ კითხვით პირველ რიგში ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ.

"ბიუჯეტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გათვალისწინებული თანხა განსაზღვრულია ეპარქიაში შემავალი დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისა და ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის. საპასუხოდ, ეპარქია ხელს შეუწყობს მის დაქვემდებარებაში არსებულ სივრცეებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას“,
- ასე განმარტეს მერიაში  ეპარქიისთვის ასიათასობით გადარიცხული თანხის მიზნობრიობა.

პარალელურად, ქალაქის არაერთ უბანში მშენებარე ეკლესიის ბანერზე მითითებულია, რომ ტაძარი შემოწირულობებით შენდება.


მშენებარე ეკლესია ნიკეას ქუჩაზე

კონკრეტულად რაში ხარჯავს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიღებულ მზარდ თანხას ეპარქია და გასცემენ, თუ არა რაიმე ტიპის დახმარებას პანდემიის პერიოდში შეჭირვებულ ადამიანებზე? - ამ კითხვებით ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე იოანე გამრეკელს წერილობით მივმართეთ. ეპარქიიდან პასუხი მოძღვარი მატათა ქარქაშაძესგან მივიღეთ ისიც ზეპირსიტყვიერი და ზოგადი შინაარსის.

„ეპარქიის შემოწირულობის და ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია საჯარო განხილვებს არ ექვემდებარება. სუბსიდირების თანხა იმ მიზნობრიობით იხარჯება, რითიც გვეძლევა. თუკი დამატებით კიდევ გაინტერესებთ რაიმე სახის ინფორმაცია, შეგიძლიათ მერიაში მოიკითხოთ. რაც შეეხება მოწყალების გაცემას თუ დახმარებას, ცხადია, ეპარქია ადმიანებს ეხმარება, თუმცა, მისი გასაჯაროება არ გვინდა, რადგან სიკეთე დაფარულად უნდა აკეთო“, - ამბობს ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მატათა ქარქაშაძე.

ქუთაის-გაენთაის ეპარქიისგან განსხვავებით, საქართველოს საპატრიარქოში გვეუბენიან, რა მიმართულებით ხარჯავენ ბიუჯეტიდან მიღებულ 25 მილიონს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, თანხა ძირითადად საგანმანათლებლო მიმართულებით იხარჯება. რაც შეეხება პანდემიის პერიოდში მათ აქტივობას, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს:

„ვირუსთან ბრძოლაში საპატრიარქომ მოაწყო (თბილისში) საავადმყოფო და მაისის თვისთვის 10 000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა“.

აღსანიშნავია, რომ   ქუთაისშიც არის საპატრიარქოს დაქვემდებარებული კლინიკა. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი (საღორიის საავადმყოფო) წლებია ფუნქციონირებს.

იქ მისულ პაციენტებს მომსახურების იგივე ღირებულების გადახდა უწევთ, რაც სხვა საავადმყოფოებში. კლინიკაშიც ის სახელმწიფო სერვისები თუ შეღავათებია, რაც დანარჩენ კლინიკებში. ეს იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო საავადმყოფოში პაციენტებს არანაირი დამატებითი შეღავათი არ აქვთ. რაც შეეხება კოვიდთან ბრძოლაში ხსენებული კლინიკის ჩართულობას, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიღება იქ მას შემდეგ დაიწყეს (2020 წლის 20 აგვისტოს), რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით მძიმე ვითარება და საწოლფონდის დეფიციტი შეიქმნა.

ცხადია, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფომ, ისევე, როგორც დანარჩენმა კოვიდკლინიკებმა, სუბსიდირება მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კლინიკის მენეჯერის, მაგდა კოსტავას განმარტებით, ამ დრომდე კლინკაში სამედიცინო დახმარება 1 200-მა კოვიდპაციენტმა მიიღო.

მილიონები და უძრავი ქონება ეკლესიას

საქართველოს მთავრობამ ეკლესიის დაფინანსების ვალდებულება კანონმდებლობაში 2002 წელს გაწერა.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა მათ შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების, ე.წ. კონკორდატის საფუძველზე მიმდინარეობს.

(კონკორდანტი - ხელშეკრულებაა წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს შორის, რომლის მიზანია საერთო ინტერესების განსაზღვრა პიროვნებებთან, ინსტიტუციებთან და საეკლესიო ქონებასთან დაკავშირებით.)

საქართველოში, საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ ანგარიში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 2020 წელს მოამზადა.

TDI-ის ანგარიშის მიხედვით, საპატრიარქოს დაფინანსებაში ყველაზე დიდი წილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურ ტრანსფერზე მოდის.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

2009 წლიდან 2013-მდე გამოყოფილი თანხა 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა. 2013 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსებისათვის უკვე სტაბილურად გამოიყო 25 მილიონი ლარი.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2018 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლების ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარი განისაზღვრა.

თუ რა დაფინანსება მიიღო ბოლო წლებში ქუთაის-გაენათის ეკლესიამ ამ შეკითხვით საპატრიაქროს მივმართეთ, სადაც ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართეს. უწყებაში გაგვიმარტეს, რომ დაფინანსება ყველა ეპარქიას ყოველწლიურად ეძლევა. თუმცა, კონკრეტული თანხები არ გვითხრეს. 

ფინანსური სარგებლის გარდა, საპატრიარქო უძრავ ქონებასაც იღებს. მაგალითად, 2013-2017 წლის მარტის ჩათვლით, სსიპ საქართველოს სამოციქულო-ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას იმერეთის მუნიციპალიტეტებში ათასობით კვადრატული მეტრი მიწა უსასყიდლოდ გადაეცა.

„ქუთაისიპოსტის“დაანგარიშებით, 2017 წელს ეკლესიისთვის გადაცემული მიწების ღირებულება (იმდროინდელი ფასების მიხედვით) 76 894 ლარს შეადგენდა. 2018 წლიდან საპატრიარქოს იმერეთში მიწა აღარ მიუღია.

ქუთაისის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012-2016 წლებში, ქალაქმა სსიპ საქართველოს სამოციქულო-ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიას 15 მიწის ნაკვეთი გასცა. აღნაგობის (სარგებლობა) უფლებით, უსასყიდლოდ მიკუთვნების წესით ეპარქიას ექვსი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ცხრა სკვერი და მწვანე ზოლი გადაეცა მიწების გადაცემის ყველა ეს ფაქტი 2012-2014 წლებში განხორციელდა.

საპატრიარქოს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწიურად სოლიდური თანხის გადინებაში სასულიერო პირები უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ წელიწადში 25 000 000 ცოტაა. ასე ფიქრობს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ანტონი ბულუხია.

„ოთხ მილიონ ნახევარზე რომ გაყო 25 მილიონი და ის მიღებული გაყო 12 თვეზე, თვეში გამოდის 46 თეთრი. თქვენ როგორ ფიქრობთ, 46 თეთრი საკმარისია? რას მოვახმაროთ ეს 46 თეთრი? რამდენ ტაძარზე გავყოთ, მოსახლეობას მოვახმაროთ, სამღვდელოებას 3000 კაცს, თუ რას? თქვენ რა დაითვალეთ იცით? თითოეულ ჟურნალისტს გადაცემები რომ გაქვთ, დღეში თითო კაბას იცვლით, 365 კაბა რომ გაქვთ და 365 ფეხსაცმელი, წელიწადში ოთხჯერ რომ დადიხართ დასასვენებლად, ის თანხა მოიკელით და მოახმარეთ ადამიანებს", - განაცხადა მეუფემ 2020 წლის მაისში ქუთაისიპოსტთან საუბარში.

„საქართველოს საპატრიარქოს არავითარი რეალური ჰუმანიტარული აქცია არ განუხორციელებია გაჭირვებული და მშიერი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. სცადა რაღაც მცირე ქველმოქმედება ცალკეული ოჯახებისადმი, შარშან მახსოვს ფოტოებიც დადეს, მაგრამ ეს არის მიზერული და არა მუდმივი, უფრო მოვალეობის ფორმალური მოხდაა. ეს იმ დროს, როდესაც საზღვარგარეთ ადგილობრივი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები მილიონობით ევროს ღირებულების ქველმოქმედებას ეწევიან, მაგალითად საბერძნეთში, კვიპროსში, რუმინეთში, სერბეთში და ა.შ. და ყოველწლიურ დეტალურ ანგარიშს აბარებენ ერს, რათა ქველმოქმედება იყოს სამაგალითო, გამჭვირვალე და რეალური. მაცხოვრის სიტყვების მოშველიება კი უადგილოა, რადგან ეს ეხება არა საზოგადო-საჯარო პირებს/ორგანიზაციებს, არამედ პიროვნულ - ინდივიდუალურ საქმეს. დღევანდელი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო და ეპისკოპატი კი მხოლოდ საკუთარი ქონების უსაზღვრო რაოდენობით დაგროვებაზე ფიქრობს“, - ამბობს დეკანოზი ილია (ჭიღლაძე).

ცალკეული სასულიერო პირებთან ერთად, თეოლოგებსაც მიაჩნიათ, რომ უხილავ მტერთან ბრძოლაში მატერიალური, თუ მორალური დახმარების სადავეები სწორედ რომ ეკლესიამ უნდა აიღოს ხელში. სასულიერო პირებმა ხალხს გადარჩენის იმედი ჩაუსახონ, სიკეთე ორგანიზებულად, რეალურად და ღიად აკეთონ.

ასე ფიქრობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილიც. ის ამბობს, რომ ეკლესიამ პანდემიის დროს სრულიად უცნაური კურსი აიღო.

„მან განიზრახა საზოგადოება გაემხნევებინა იმ გზით, რომ საფრთხე, რომელიც წარმოადგენდა პანდემიის საფუძველს, საერთოდ დაეიგნორებინა".

თეოლოგი ცალკეული სასულიერო პირების მიერ გამოვლენლი სიკეთესაც ხედავს.

"პანდემიურ მდგომარეობაში, ომში და საერთო გასაჭირის დროს ეკლესიას მართებს არა ჩუმად აკეთოს სიკეთე, არამედ აკეთოს საჯაროდ, დაუფარავად და ორგანიზებული სახით. რადგან, დაეხმაროს არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ საზოგადოებას, როგორც მთლიან ორგანიზმს შესძინოს იმედი და სასოება, რომ ჩვენ ერთიანი ძალისმხმევით გადავლახავთ არსებულ კრიზისს".


###
ქუთაისში ვარდიგორას სამების ტაძარში დეკანოზი ექვთიმე სარალიძე 13 წელია მსახურობს. ექვთიმე ერთადერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვისაც მივმართეთ და ვისაც ,,ქუთაისიპოსტთან" არ გასჭირვებია ესაუბრა მოწყალების დაუფარავად გაცემის მნიშვნელობაზე.

"სიკეთის დაფარულად" კეთების შინაარსი მისთვის ნათელია, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებში იმედის და რწმენის გაჩენისთვის, ხანდახან, აუცილებელია ეკლესიამ სიკეთე ღიად აკეთოს. მაგალითად, მაშინ, როცა პანდემიაა და როცა აუცილებელია სიკეთე გადამდები გახდეს, სწორედ მისი ღიად ჩვენებით.

44 წლის მღვდელი ოთხი შვილის მამა და ერთი შვილიშვილის ბაბუაა. ის ჰყვება, რომ მრევლს პანდემიამდეც ეხმარებოდა, თუმცა ტკბილეულის, კარტოფილის, პურისა და პირველადი მოხმარების სურსათის სახლში დარიგება პანდემიის დროს უფრო საჭირო გახდა. ხედავს, რომ ახლა ადამიანები უკიდურეს გაჭირვებში ცხოვრობენ.


დეკანოზი ექვთიმე სარალიძე

„ამას ვაკეთებ შემოწირულობებით. არ არის აუცილებელი დათვალო, რა თანხას ხარჯავ ამისთვის. მთავარია, ადამიანს ხელი გაუმართო. ბავშვებს უჭირთ ძალიან. მათ საჭმელი, მოხუცებს კი წამლები არ აქვთ. მრავალშვილიან ოჯახებს ტანსაცმელითაც ვეხმარები, ხოლმე. ასევე, დახმარება მხოლოდ მატერიალურ თანადგომაში არ გამოიხატება და მოყვასს სიტყვითაც უნდა დაუდგე გვერდით. დააიმედო, რწმენა განუმტკიცო, სიკეთე ხილული გახადო“.

ვარდიგორას სამების ტაძარში ე.წ. მოწყალების კუთხეა გახსნილი, სადაც ფულადი შემოწირულობების გარდა, ტაძარში ტანსაცმელებიც გროვდება. ვარდიგორას სამების ტაძარში მრევლისთვის სანთლებიც უფასოა.



ის, რომ ცალკული სასულიერო პირები ქველმოქმდებით არიან დაკავებულები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასე იქცევა ინსტიტუციის ყველა წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში, ღიად და სხვებისთვის სამაგალითოდ ამას არ აკეთებენ და ამის შესახებ არც ინფორმაციას გასცემენ. მოძღვრები ერთხმად იმეორებენ, რომ მხოლოდ ფარული სიკეთის სწამთ. ამის გამჟღავნების აუცილებლობას ვერც პანდემიის დროს ხედავენ და ვერც იმ გარემოების გამო მიიჩნევენ საჭიროდ, რომ თანხას დამატებით ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იღებენ.


Print