მულტიმედია
თვალების და ყურების გარეშე - ბავშვები ძალადობის პირისპირ
FaceBook

არის სახლები ნათელი და არის სახლები ბნელი. ზოგჯერ, სახლი საპატიმროსავითაა, საიდანაც ძალადობის ხმა წლების განმავლობაში არ ისმის. პანდემიის დროს ეს ხმა უფრო ჩახშულია.

 

ანანო

12 წლის ანანო (სახელი შეცვლილია) ფსიქოლოგთან პანდემიის დროს აღმოჩნდა. თავდაპირველად საუბარი უჭირდა, თუმცა, ნელ–ნელა შესძლო თავს გადამხდარი ამბების გამხელა.

ანანო წლებია ძალადობის მსხვერპლია. სხვა დროს გოგონას თავშესაფარი სკოლა იყო. იქ ლაღად, ბედნიერად გრძნობდა თავს და მშობლების პერიოდულ შეტევებს იტანდა.

სავალდებულო კარანტინის დროს, ანანოს მდგომარეობა დამძიმდა. ის მოძალადე მშობლების პირისპირ 24 საათის განმავლობაში აღმოჩნდა.

ოჯახის წევრები ანანოს ბევრ რამეს უკრძალავენ: ეზოში თამაშს, თანატოლებთან ურთიერთობას, საკუთარი გემოვნებით ჩაცმას, კვებას. 

გოგონას არც აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მშობლები ეუბნებიან, რომ ამისთვის ,,საკმარისად" დიდი არ არის.

კარანტინის დროს ჩაკეტილ სახლში, ანანო იძულებული გახდა ყოველდღე ეყურებინა დედ-მამის ჩხუბისთვის, რომელიც, ზოგჯერ, ფიზიკური ანგარიშსწორებით სრულდებოდა.



ჩაკეტილ სახლში მოულოდნელად ჩაიკეტა ანანოც: პროტესტის ნიშნად, უარი თქვა ჭამაზე, ონლაინ სწავლაზე და აგრესიული გახდა. ბოლოს, გოგონა ფსიქიატრთან მიიყვანეს.

ანანო, კვლავ დისტანციურად სწავლობს. ოჯახში მიღებული სტრესისგან გათავისუფლებაში ახლა მას ფსიქოლოგი ეხმარება.

პანდემიური ძალადობა


კორონავირუსმა ოჯახის წევრები ერთმანეთის პირისპირ დიდი ხნით დატოვა. შედეგად, იქ სადაც ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა - გახშირდა, სადაც არა - გაჩნდა.

პანდემიის დაწყებიდან (შვიდი თვე) დღემდე, ოჯახში ძალადობის შემთხვევები იმერეთში თითქმის გაორმაგდა. 


ახლა, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგებთან ერთად, იმ მიზეზებს სწავლობენ, რის გამოც, ზრუნვის სააგენტოებში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობამ იმატა. 

სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროს სოციალურ მუშაკს, ნათია წივწივაძეს მიაჩნია, რომ პანდემიურ პერიოდში ფსიქო–ემოციური ძალადობის შემთხვევები გახშირდა.  

,,სხვადასხვა გარემოება შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუნდაც, ემოციური ფონის მომატება და ის, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ სახლში. არის შემთხვევები, როცა ერთ–ერთი მშობელი ემიგრაციაშია და ბავშვზე, ან მეუღლეზე გაბრაზებული მეორე მშობელი მოზარდს უკრძალავს მასთან დარეკვას. ჩაკეტილ სივრცეში, როცა ემიგრანტ მშობელთან ლაპარაკი, შესაძლოა, ბავშვისთვის გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი გზა იყოს, განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს".

ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ზრდაზე საუბრობენ სახალხო დამცველის ოფისშიც. ეკა სხილაძე ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, ძალადობის მსხვერპლთათვის გაართულა არსებული სახელწმიფო სერვისების მიღება. 

"ერთი მხრივ, სახელმწიფო სერვისებმა კი განაგრძეს ფუნქციონირება, თუმცა, პანდემიის დროს გაჩერებული ტრანსპორტის გამო, შეუძლებელი გახდა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში გადაადგილება. მოძალადესთან ჩაკეტილმა სივრცემ ნაკლები შანსი დაუტოვა მსხვერპლს დაცული ზარის განსახორციელებლად."

პანდემიამ განსაკუთრებით იმ ადამიანების მდგომარეობა გაართულა, რომლებსაც საინფორმაციო–საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა სხვა დროსაც შეზღუდული ჰქონდათ.

,,ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, შემოსავალი, ყველაფერი ეს უარყოფითად აისახა ოჯახებზე. ამიტომ, ბუნებრივია, იმატა მომართვიანობამ. როგოც წესი, ჩვენამდე ადამიანები მოდიან მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ესა თუ ის მექანიზმი, მაგრამ ან უკმაყოფილოები არიან, ან ნდობა აღარ აქვთ. ასეთ დროს ჩვენი მიზანია, შევაფასოთ რამდენად სრულდება სახელწმიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები", - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე.

ქეთი

"როცა კარს კეტავდა, ვიცოდი, უნდა ვეცემე", - ქეთიზე (სახელი შეცვლილია) მამა სისტემატურად ძალადობდა. ცემის კვალი მეზობლებს რომ არ დაენახათ, ზაფხულის ცხელ დღეებშიც გრძელმკლავიანი სამოსის ჩაცმას აიძულებდა.



ერთ დღესაც მეზობლებმა ქეთის დალურჯებული ხელები შენიშნეს და სოციალური სააგენტოს დახმარებით, გოგონა მოძალადეს განარიდეს. 

თითქოს მშვიდ კალაპოტში ჩამდგარი ქეთის ცხოვრება პანდემიის დროს ისევ აირია. ამჯერად მას მამა ტელეფონით მისწვდა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხებს მიმართა. 

,,სულ მარტო დავრჩი, გარეთ ვეღარ გავდივარო, მეუბნება. დაბრუნებას მთხოვს. როცა ვუხსნი მასთან ცხოვრება აღარ მინდა, მუქარაზე გადმოდის. უკვე მის ზარებს აღარ ვპასუხობ
".

ძალადობის კვალი ფსიქიკაზე

ფსიქოლოგების დაკვირვებით, ძალადობის მსხვერპლი მოზარდები, ხშირად, პიროვნულობას კარგავენ. ამან კი, შესაძლოა, მათში აგრესია დააგროვოს.

ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს მიაჩნია, რომ ბავშვების ინტერესები, ზრდასრულების მხრიდან, ხშირად, უგულებელყოფილია, ერთი მცდარი აზრით – ,,ისინი ბავშვები არიან."

"დაკვირვებიხართ, როგორ ხმამაღლა ყვირიან ბავშვები ამ ბოლო დროს? რატომ ხდება ეს? საიდან აქვთ ამდენი აგრესია? როგორც წესი, მოზარდები, დაძაბულ სიტუაციაში, სხვებთან შედარებით ორმაგ სტრესს განიცდიან, რადგან ყველა ცდილობს მათ ჩარჩოებში მომწყვდევას და მერე ამ ჩარჩოების დაცვას. საბოლოოდ კი ისევ ბავშვს ეჯახებიან. ახლა ამ ყველაფერს დაემატა კორონავირუსი და კიდევ უფრო შეიზღუდა ბავშვის სამყარო, ვეღარსად ხარჯავს იმ ემოციას, რასაც ადრე გასცემდა და ბუნებრივია, მოიმატა აგრესიამ. ამაზე პასუხისმგებლობის აღება არავის სურს".

იმის მიუხედავად, რომ მოზარდები სტრესულ გარემოს გამძაფრებულად აღიქვამენ, მაინც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ ძალადობაზე. ლაპარაკი განსაკუთრებით მაშინ უჭირთ, როცა მოძალადე მშობელია.

"ბავშვისთვის მშობელი არის ღმერთი. ეს არის მისი გარემო, სადაც იზრდება, სწავლობს. საქმე ისაა, რომ თუ ბავშვი ძალადობაზე საუბრობს, მან იცის, რომ დიდი ალბათობით, ისევ მოძალადე მშობელთან მოუწევს ცხოვრება და სულ შიშში უნდა იყოს. ამიტომ ერიდებიან ამაზე ლაპარაკს".



ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სოციალური მუშაკები არადროს უსვამენ შეკითხვას - რატომ? ამ დაუწერელ კანონს ბავშვთან მომუშავე ყველა სპეციალისტი იცავს.

,,რატომ? რომ არ ეძებოს გამართლება. სხვადასხვა მეთოდით, ის თავად ჰყვება რა აწუხებს. ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა თვითონ რეკავენ. ჰყვებიან, რომ ოჯახში ყვირიან, იგინებიან, შეურაცხყოფას აყენებენ".

ათუკა

"ნეტავ, ხშირად დადიოდეს ჩვენ ქუჩაზე პატრული", – ეს 11 წლის თერჯოლელი ბიჭის ნატვრა იყო, რაც მეგობრებისთვის გაუნდია.

სოფელ ძევრში თვენახევრის წინ გარდაცვლილი ათუკა მამის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, რაც მას გადაულახავ ბარიერად ექცა.

ახლობლები ჰყვებიან, რომ საქმე მას შემდეგ გართულდა, რაც პანდემიის გამო, მამა სამსახურში აღარ დადიოდა, ბავშვი კი სკოლაში და მამა-შვილი დღეს ერთად ატარებდა.

ბიჭი, რომელმაც გამოძიების ვერსიით თავი მოიკლა, შველას ითხოვდა. მისი ხმა ვერც მეზობლებმა და ვერც სამართალდამცავებმა გაიგეს.




რას გვასწავლის ტრაგედია?

"სახელმწიფო ვერაფერს სწავლობს ასეთი ტრაგედიებიდან. არსებული მიდგომით ხელისუფლება ვერც ვერაფერს შეცვლის, რადგან პრობლემის აღქმა თავიდანვე არასწორად ხდება", – მიაჩნია ანა არგანაშვილს.

იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ თერჯოლაში დატრიალებული ტრაგედიის მსგავს შემთხვევაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო კომისია იქმნება ან ინიშნება სპეციალური გამომძიებელი, რომელიც პრობლემას აანალიზებს და სწავლობს სისტემის რომელმა რგოლმა ვერ იმუშავა.

"ჩვენთან ერთიანი ბაზაც კი არ არსებობს, სადაც დაბადებიდან იკრიბება ბავშვზე ინფორმაცია, სკოლიდან, ჯანდაცვის სისტემიდან, სოციალური სამსახურიდან და ასე შემდეგ".

სისტემამ ვერ იმუშავა ვერც ათუკას შემთხვევაში. მოზარდის გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგაც, სახელწმიფომ არათუ აღიარა თავისი არაპირდაპირი როლი ამ ტრაგედიაში, პასუხისმგებლობაც არ დაუკისრებია იმ პირებისთვის, რომლებიც ბოჭორიშვილების ოჯახში ძალადობის ფაქტზე იყვნენ გამოძახებულები და მომხდარის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არ აცნობეს. ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა, მაშინაც კი, თუ ძალადობის ობიექტი ბავშვი არ არის. სისტემაში შეცდომებს მხოლოდ ქვედა რგოლში აღიარებენ, იქ არა, სადაც რაიმეს შეცვლა შეუძლიათ.

დროული და ეფექტური ჩართვა რომ მოზარდის სიცოცხლეს იხსნიდა, ეჭვი არ ეპარება სოციალურ მუშაკს. ნათია წივწივაძე საზოგადოების კრიტიკას სამართლიანად მიიჩნევს და მომხდარში საკუთარ პასუხისმგებლობასაც ხედავს.

"დღემდე ამაზე ვფიქრობთ, როგორ გამოგვეპარა ასეთი შემთხვევა. ამაზე უარესი აღარ არსებობს, 11 წლის ბავშვი აღარ არის, მორჩა, აქ დასრულდა. ახლა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ სოციალურ სამუშაოზე, როლზე, ეს ყველაფერი ფუჭია. ამიტომ, საზოგადოების ბრაზი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური".

მომხდარის შემდეგ, შესაძლოა, ერთმა კონკრეტულმა სოციალურმა მუშაკმა უფრო გულდასმით შეისწავლოს მის უბანში, სოფელსა თუ რაიონში ძალადობის შესაძლო შემთხვევები. თუმცა, "ქუთაისიპოსტმა" ვერ მოიკვლია ვერც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ათუკას ტრაგედიიდან სახელმწიფომ რამე ისწავლა.

არაფერი შეცვლილა ათუკას სკოლაში, სადაც მოზარდის პრობლემები ყველას გამოეპარა. სკოლის დირექტორმა პედაგოგებს დაავალა უფრო გულდასმით შეისწავლონ აღსაზრდელების ოჯახური მდგომარეობა, - სულ ეს არის. პედაგოგებისთვის, რომლებმაც განგაშის სიგნალი პირველებმა უნდა ჩართონ, არავის უსწავლებია, როგორ უნდა ამოიცნონ მოზარდის ხასიათის ცვლილება და რა უნდა მოიმოქმედონ, თუ აღმოჩნდება, რომ მათი აღსაზრდელი ძალადობის მსხვერპლია.

პასიურ როლში აღმოჩნდა განათლების სამინისტროც. უწყებამ, რომელსაც ვკითხეთ, რა გააკეთა იმისთვის, რომ სკოლებში მოსწავლეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ძალადობის და მასზე რეაგირების შესახებ, ასევე, საჭიროა თუ არა მოზარდების ფსიქო–სოციალური მდგომარეობის შესწავლა და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მანდატურის სამსახურთან გადაგვამისამართა.

აღმოჩნდა, რომ ჩხარის #1 საჯარო სკოლას, სადაც ათუკა სწავლობდა, საერთოდ არ ჰყავს მანდატური. შესაბამისად, მსგავს საკითხებზე არც არავის უმუშავია.

მანდატურის სამსახურის ფსიქო–სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი, თეო ჩიტიაშვილი გვეუბნება, რომ მომხდარის შემდეგ მათ სკოლას მიმართეს და საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და სოციალური მუშაკის კონსულტაცია შესთავაზეს. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ 120 აღსაზრდელიდან დახმარების საჭიროება ვერც ერთის შემთხვევაში ვერ დაინახა.

"შემოგვთავაზეს, თუ რომელიმე მოსწავლეს სჭირდება კონსულტაცია, დაგემხარებითო, მაგრამ არ არის ასეთი საჭიროება. ჩვენ არ გვყავს ისეთი ბავშვები, რომ ჩვენ თვითონ ვერ მოვაგვაროთ პრობლემა. მომხდარის შემდეგ დავავალეთ პედაგოგებს იყვნენ უფრო ყურადღებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სახლშიც მიაკითხონ ბავშვს", – ამბობს ჩხარის #1 საჯაროს სკოლის დირექტორი კობა ბარდაველიძე.

სახელმწიფო კვლავ სკოლის კედლებზე გამოკრული ცხელი ხაზის ნომრების იმედადაა. მათ შორის არ არის კონკრეტულად ბავშვის მიმართ ძალადობაზე რეაგირების ნომერი, რასაც უფლებადამცველები ამ დრომდე ითხოვენ.


,,ქუთაისიპოსტმა" მოზარდებს ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობენ ისინი ძალადობაზე და იციან თუ არა, ვის მიმართონ დახმარებისთვის.


ქვეყანაში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების დროული ამოცნობა-შეკავების კუთხით, სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მერიებში შექმნილი ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებებიც ეიმედება. თუმცა, სტრუქტურა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით 2020 წლის 1 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია.

შედარებით უკეთ დალაგდა სოციალური სააგენტოს მუშაკების სისტემა. მათ დაევალათ ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან ერთად, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა. თუმცა, ტარგედიით დასრულებული ძალადობის ფაქტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მცდელობები, ნაკლებად ეფექტურია.

არასათანადო მიდგომასთან ერთად, სახელმწიფოს აღსრულების სუსტი მექანიზმი აქვს. სპეციალისტებისთვის ეს უფრო თვალსაჩინო გახდა ახლახან ამოქმედებული კოდექსის შემდეგ. "ბავშვთა უფლებების შესახებ" კოდექსში ბევრ საინტერესო ჩანაწერს ხედავს ანა არღანაშვილი, თუმცა, მისი აზრით, სახელმწიფო იმაზე დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს, ვიდრე რესურსი აქვს. 

"მაგალითად, როცა კოდექსში წერია, რომ მსგავს შემთხვევებში საქმეში უნდა ჩაერთოს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელ გუნდზეა საუბარი? როცა ქალაქში ორი ან სამი ფსიქოლოგი გყავს, როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად? ან კოდექსი რომ ამბობს, ბავშვს მშობელმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებო, თავად მშობელს ვინ უნდა ასწავლოს ბავშვის უფლებები? ეს არის ის საკითხები, რაც წასაკითხად კარგია, მაგრამ მათი აღსრულება ამ რეალობაში ვერ მოხდება".

მშობლები

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დასჯადია, უფროსების მხრიდან ყვირილი, მუქარა, გინება, ისევ მიღებულია ბევრ ოჯახში.

მშობლები დღესაც ეთანხმებიან ანდაზებს, მაგალითად: "შვილი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო".

აღზრდის ეს პრინციპი კეთილშობილური მოტივით მართლდება. შესაბამისად, საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების დეფიციტი  ძალაში ტოვებს ძალადობის "რბილ ფორმებს", რომლის მოკავშირე ტრადიციაა.

კვლავ მუშაობს სტერეოტიპი: კარგი და ცუდი, მორჩილი და ურჩი, "გულის ვარდი" თუ "გულის დარდი".


ბავშვის გულრწფელი ცნობისმოყვარეობის დასჯას არაერთხელ შესწრებია მასწავლებელი და მშობელი, ანა პერტაია.


,,ბევრჯერ მსმენია მშობლისგან შემდეგი ტექსტი:  ,,შენ ბავშვი ხარ, და ბევრს ნუ ლაპარაკობ". ეს ადამიანის პიროვნებად არაღიარების, მისი თავმოყვარეობის, ღირსების უგულებელყოფის და ბავშვის ოჯახის საკუთრებად გამოცხადების პრობლემაა".


UNICEF-ის მიერ საქართველოში 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფიზიკური დასჯის მომხრეთა რიცხვი შემცირდა, თუმცა მათი რაოდენობა მაინც მაღალია.


გამოკითხულთა 45% ემხრობა ბავშვის აღზრდისას ფიზიკური დასჯის მეთოდებს, რის გარეშეც მოზარდი "გაფუჭდება".

დედების 30% და მამების 17% აღიარებს, რომ აღზრდისას იყენებენ ან გამოიყენებენ ფიზიკური დასჯის მეთოდებს. ამის მიუხედავად, ძალადობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 82%. 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას. ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვნის ორსულობის 87, ფიზიკური ძალადობის  კი 256 შემთხვევა გამოვლინდა.

ნახატები

ხშირად, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ავტოპორტრეტებს თვალების და ყურების გარეშე ხატავენ. ამ ფორმით ისინი ამბობენ, რომ არაფრის მოსმენა და დანახვა არ სურთ.

ნახატებში მთავარი ადგილი სახლს უკავია, რომელიც ხისტი და ქაოსური კონტურებითაა შესრულებული, ჭარბობს მუქი ფერები: ლურჯი, ყავისფერი, წითელი. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს შფოთვასა და აგრესიაზე მიუთითებს. ზოგიერთ სახლში შუქი ანთია, ზოგან ბნელა. ზოგი სახლი წითელი ხაზებით სავსეა, ზოგი სულ ცარიელი.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ნახატებში არ არის ყვავილები, ჩიტები, პეპლები, ბუშტები. ისინი განცალკავებით ხატავენ ადამიანებს, რომლებმაც ტკივილი მიაყენეს და შორს დგანან იმ მშობლისგან, რომელმაც მათზე იძალადეს.





ზოგჯერ მათგან შორს დგას სახელმწიფოც. მაშინ, როდესაც ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მსხვერპლი მარტო რჩება. შედეგად, სახელმწიფოზე ძლიერი მოძალადეა.

პანდემია გრძელდება. დიდ ქალაქებში, მეორე საფეხურის სკოლის მოსწავლეები კვლავ ონლაინ სწავლობენ. სახელმწიფოს მათთვის არ სცალია. მასაც არ აქვს თვალები და ყურები, ბოლომდე რომ გაიგოს და დაინახოს მოძალადის პირისპირ დარჩენილი ბავშვები.

აქედან 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას. ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვნის ორსულობის 87, ფიზიკური ძალადობის კი 256 შემთხვევა გამოვლინდა. - ასე ჩაასწორე
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.