მულტიმედია
მუსიკა პანდემიის დროს
FaceBook

როდესაც ერთ ადგილზე რაღაც გაკლდება, სხვაგან გემატება. ეს პანდემიური სიბრძნეა, რომელიც ჯგუფ „ანარეკლის“ მუსიკოსებმა პრაქტიკულად  განიცადეს და განახორციელეს.


ჯგუფი ხუთი წელია არსებობს. ხუთ წევრს აერთიანებს (ბექა მანაგაძე, საბა ვაშაყმაძე, ჯუბა ჯიმშელეიშვილი, ნოდო კუპრავა, დავით ლაბაძე). „ანარეკლი“ მართავს ცოცხალ კონცერტებს. ავითარებს ალტერნატიული მუსიკის სხვადასხვა ჟანრს. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა ჯგუფის წევრების მუშაობაში რაღაც შეიცვალა.


„ანარეკლის“ წევრი ჯუბა ჯიმშელეიშვილი სტუდიური მუსიკითა და პროდიუსერობით დაინტერესდა.


ნოდო კუპრავამ ახალი პროექტი „ოთახში შავი კატაა“ წამოიწყო.


ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა მანაგაძემ გააცოცხლა სარეპეტიციო სივრცე, რომელიც მუსიკის წარმოების და ჩაწერის მნიშვნელოვან ადგილად იქცა.


ყველამ ერთად  კი ე.წ. ქავერ მუსიკიდან მყარად გადაინაცვლა საავტორო სივრცეში და აქტიურად დაიწყო საკუთარი მუსიკის შექმნა.

ყველა ეს მონაპოვარი პანდემიის დანატოვარია. იზოლაციის პერიოდში შესწავლილი და გამოცდილი საქმე.

„ანარეკლის“ მუსიკოსებისთვის კარანტინის ხანაში სხვა ფორმა და სიღრმე მიიღო მუსიკის დამუშავება- არანჟირების პროცესმაც.  შეიცვალა და გადაფასდა საავტორო მუსიკასთან დამოკიდებულებაც.

კარანტინი გამოცდილების დაგროვების ხანად იქცა, რომელიც მომავალზეა გათვლილი. მან სხვა შედეგი უნდა აჩვენოს პოსტპანდემიურ ერაში.


„რაც ფასიანი პროგრამები ვიყიდეთ, უკეთესი ხარისხით ვწერ მუსიკას. მოხდა ისე რომ  მეგობარმა დაწერა აკუსტიკური გიტარით სიმღერა, მერე მე გავაკეთე სრული არანჟირება, თავისი სტუდიური ჩანაწერით და ვაჩუქე დაბადების დღეზე. მეორე მეგობარს პიცაზე ტექსტი ჰქონდა დაწერილი და მას მუსიკა დავუწერე. ასეთი „სავარჯიშოებით“იზოლაციის პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე“, - ყვება ჯუბა.


ჯგუფის საავტორო კომპოზიცია „შეყვარებული“ პანდემიის პერიოდის სიმღერაა.

მართალია, კარანტინმა ჯგუფის წევრები თვეობით გამოკეტა სახლში, ჩაიშალა ბევრი გეგმა, სახელმწიფოს „ჩაკეტვის“ პოლიტიკამ  აკრძალა კონცერტები, მსმენელთან უშუალო ურთიერთობის ყველა შესაძლებლობა. ამან თითქოს აწმყოც გააბუნდოვანა და მომავალიც. ჰორიზონტი შეზღუდა, თუმცა, დატოვა ერთი სივრცე  - საკუთარი ოთახი.


საკუთარი ოთახი პანდემიის აღმოჩენათა  ნაწილია, როგორც  დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებელი ადგილი, საიდანაც სხვა „პორტალი“ იხსნება.


საკუთარ ოთახად იქცა გაახლებულ-გაცოცხლებული სარეპეტიციოც და ხმის ჩამწერი სტუდიაც. გაირკვა, რომ ჩაკეტილი სივრციდანაც  შეგიძლია მისწვდე დანარჩენ სამყაროს, შენს მსმენელს და იქამდე, მუსიკაც უფრო საინტერესო შესთავაზო ადამიანებს, რომელთაც ბევრი რამ მოენატრათ.


„იზოლაცია კარგიც იყო და ცუდიც. უჩვეულო გამოცდილება გამოვიდა. თანაც ადამიანებმა ისიც დაინახეს, რამდენად საჭირო ვართ ერთმანეთისთვის. რომ არა სოციალური ქსელები, ძალიან რთული იქნებოდა ყველასთვის.  სიტყვა „მომენატრა“ ისმოდა ყველა მხრიდან“, - ამბობს ჯუბა ჯიმშელეიშვილი.


„მსმენელსა და მუსიკოსებს შორის მონატრების სურვილი გაჩნდა, ამან უფრო მძაფრად უბიძგა მუსიკოსებს რომ კიდევ უფრო მონდომებით მოკიდებოდნენ ლაივ - კონცერტების გამართვას თუ ახალი სიმღერების დაწერას მათი მსმენელებისთვის“, - მიაჩნია საბა ვაშაყმაძეს.

პანდემია ჰორიზონტებს ზღუდავს, სამაგიეროდ  ვერტიკალურ განზომილებას ვერ ეხება, ეს კი ადამიანის საქმიანობაში სიღრმეებისა და სიმაღლეების მოძიების პერსპექტივებს აჩენს.


ესეც პანდემიური სიბრძნე აღმოჩნდა, თანაც იმ სიბრძნეთა ნაწილი პრაქტიკულადაც რომ ხორციელდება.


„დავიწყეთ ისეთი სიმღერების ჩაწერა, რომლებიც არ გვქონდა სტუდიურად ჩაწერილი. ნოდო  აკუსტიკურ  გიტარაზე შესრულებულ მელოდიას მიგზავნიდა, მე დრამს ვადებდი  ჩემით, დრამერიც რაღაც პარტიებს აწყობდა და ამ ყველაფერს
ვკრავდით, შემდეგ ვწერდით და ვართობდით კარანტინში ჩაკეტილ ჩვენს მსმენელებს“, - ამბობს ჯუბა.


მუსიკოსებისთვის სივრცე ჩაკეტილი დარჩა კარანტინის შემდეგაც. საქართველოში კულტურული ივენთებისა და კონცერტების „რეაბილიტაცია“ ამ დრომდე არ მომხდარა. მუსიკოსებს გარდა ღია სივრცისა, არსად ეძლევათ კონცერტების ჩატარების უფლება. ამ მიზეზით ჩაიშალა მათ მიერ დაგეგმილი და თითქმის ბოლომდე მიყვანილი ორი ფესტივალი.


თუმცა,  ღია სივრცეში კონცერტების ჩატარებაც იშვიათად ხერხდება, რადგან იგი გრძელ  ბიუროკრატიას და ბევრ უწყებასთან შეთანხმებას მოითხოვს.

ამიტომ პანდემიამ დაბადა და გაააქტიურა ლაივსტრიმ კონცერტები. ახალი ეპოქის საკონცერტო ფორმა. რომელიც, დიდი ალბათობით, პოსტპანდემიურ სივრცეშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს.


ჯგუფი„ანარეკლიც“ ჩაერთო მომავლის საკონცერტო მოძრაობაში. თუმცა,  ჯგუფის წევრებს კავშირი არ გაუწყვიტავთ წარსულთან.


„ანარეკლი“ იმ როკ-ტრადიციებს აგრძელებს, რაც თითქმის 30 წლის წინ დამკვიდრდა ქუთაისში.

მუსიკოსები ცდილობენ, რომ „ქუთაისში როკი არ დასრულდეს“ და  ყველა დროში მოიძებნოს მისი ადგილი.


„არ გვაქვს პრეტენზია,  რომ ვინმეს არ ვგავდეთ. ხომ ამბობენ „არ მინდა ვინმეს ვგავდეო“. ჩვენ, დაე, ვგავდეთ 90 -იანების ქუთაისურ როკ -ჯგუფებს, რადგან ყველაფერი იმ ეპოქაში დაიწყო,  თუმცა, ჩვენ მაინც 21-ე საუკუნის მუსიკოსები ვართ. დრო, თანამედროვეობა ჩვენს მუსიკასაც ცვლის“, - მიაჩნიათ "ანარეკლის“ წევრებს.


არ იცვლება საპროტესტო სულისკვეთებაც, ომით დაწყებული სოციალური ფონით დასრულებული საკითხები, სიმღერის ტექსტების მარადიული თემებია.


საპროტესტოა ისიც, რომ პოსტ - კარანტინის ხანაშიც მუსიკოსებისთვის ძალაში რჩება ბევრი აკრძალვა. უწევთ თავის გადარჩენისთვის ბრძოლა, ახალი ჰორიზონტების პოვნა და პორტალების გახსნა.
მაგრამ ეს ხომ პანდემიის დროს აღმოჩენილი ახალი, ურყევი კანონია -  როდესაც ერთ ადგილზე რაღაც გაკლდება, სხვაგან გემატება.


"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.