მულტიმედია
"სამოთხე" უხუთში
FaceBook
როცა გარეთ უკვე შემოდგომაა, ვანის სოფელ უხუთში, ხურციძეების ოჯახში ბუხარში ცეცხლი ანთია.
ოჯახის დიასახლისი 70 წლის ცისანა ხურციძე კეცებზე მჭადებს ოსტატურად აკრავს და ნეშოს ფოთლებს დიდი მონდომებით ალაგებს. როცა კეცებს სართულებად დააწყობს, ზემოდან გავარვარებულ ნაკვერცხალს აყრის და ცეცხლთან ახლოს მიწევს, რომ მოსულ სტუმარს სადილი არ დაუგვიანდეს. ეზოშიც ცეცხლი ანთია. სახელდახელოდ მოწყობილ მაყალზე მწვადი იწვება. ეს ხურციძეების ოჯახის ტრადიციაა, რომლითაც სტუმარს ხვდებიან. სამზადისი, ეზოში ერთდროულად დატრიალებული კვამლის, ნეშოიანი მჭადისა და მწვადის სურნელით შორიდანვე იცნობა.

ექვსი წელია ხურციძეებმა უხუთის აგარაკზე სიცოცხლე დააბრუნეს. მშობლიურ მიწაზე სახლი ააშენეს და დროის დიდ ნაწილს აქ ატარებენ. წელსაც, ზაფხულზე ოჯახი სოფელში შეიკრიბა და საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს აგარაკზე ყოფნა გადაწყვიტეს. კორონავირუსის გამო გადაიდო ემიგრაციიდან დაბრუნებული ცისანას შვილის ევროპაში დაბრუნებაც და ოჯახმა გამოსავალზე ფიქრი დაიწყო. გაჩნდა იდეა, სახლი ტურისტებზე გაექირავებინათ. თავიდან არც კი სჯეროდათ, რომ ვანის მაღალმთიანი სოფლით ვინმე დაინტერესდებოდა, თუმცა, რადგან დაიწყეს, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ. ჯერ სახელი მოუფიქრეს, მარტივად – "აგარაკი", შემდეგ ულამაზეს ეზოსა და ბუნებას ფოტოები გადაუღეს, გააკეთეს ფეისბუკ გვერდი, ატვირთეს და შედეგს დაელოდნენ. ლოდინი დიდხანს არ მოუწიათ. უხუთის ულამაზეს ბუნაბაში დასვენების სურვილი პირველად ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა გამოთქვა და "აგარაკზე" სამი კვირით დარჩნენ. ამას სხვა მსურველებიც მოყვნენ და ხურციძეები დარწმუნდნენ, რომ იდეამ გაამართლა.
გადადებული ფრენების გამო, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ცისანას ქალიშვილი ევროპაში დაბრუნდა. სტუმრების გამასპინძლებაში ახლა დედას მეორე შვილი, ცისმარი ეხმარება. დედა–შვილი ცდილობს, აგარაკს ყოვედღიურად რაღაც ახალი შემატოს, რომ სტუმარს განსხვავებული და მშიდი გარემო დახვდეს.



ხურციძეების აგარაკზე ბუნებაც განსხვავებულია. უხუთის ულამაზესი ხედები და სუფთა ჰაერი ამ ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.  


პანდემიის დროს რომ უხუთის აგარაკს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში წვლილიც შეაქვს, ამას კარგად ხვდებიან ხურციძეებიც და ეს კიდევ უფრო ზრდის მათ პასუხისმგებლობას. მაშინ, როცა საზღვრები ჩაკეტილია და ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებენ, როგორც აღმოჩნდა, იმერეთშიც მოიძებნება ადგილები, სადაც დასვენების დღეების სუფთა ჰაერზე, სიმშვიდესა და კომფორტში გატარება შეიძლება. რაც მთავარია შიდა ტურიზმი, რომლისთვისაც საყოველთაო ჩაკეტილობამ ერთგვარი დადებითი ეფექტიც მოიტანა, განითარებას არ წყვეტს და უფრო მეტ სტიმულს აძლევს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე, მომხმარებელს.

ხურციძეების ეზოში მწვადისა და ნეშოიანი მჭადების სუნი მთელი წელი იქნება. ამბობენ, რომ ზამთარი უხუთში განსაკუთრებით ლამაზია. ამ იმედით ტურისტებს ცივ ზამთარშიც ელოდებიან ანთებული ბუხრით და გულით. გაზაფხულიდან კი ახალი გეგმები აქვთ. რაც მთავარია იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს კორონავირუსი აღარ იქნება და "აგარაკზე" უცხოელ სტუმრებსაც მიიღებენ.



"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."

Print