მულტიმედია
სახეები შავით - თეთრზე
FaceBook

,,ზოგჯერ სრულყოფილებას ყველაზე კარგად არასრულყოფილება წარმოაჩენს", - ასე ხედავს სილამაზეს თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვარი და პორტრეტებსაც ამ შინაარსით ქმნის.

 

ვიტალი ბურჯანაძის შემოქმედებაში მთავარი სახეებია, რომლებსაც ის ყველგან ეძებს:  ქუჩაში, სამსახურში,  ონლაინ სივრცეში, ფილმებში.

თითოეული პერსონაჟი ინდივიდუალურია, თუმცა ერთია მათი სათქმელი  –  აჩვენოს შეულამაზებელი სილამაზე.  სინამდვილე, რომელსაც შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში თავადაც ვემალებით. გავურბივართ. ,,ფოტოშოპით" ვაქრობთ. ათასგზის ვფუთავთ და ვამუშავებთ. ვიტალის ნახატებში კი არც ნაოჭები, არც იარები, ვენები, თუ კაპილარები ქრება და ნახატზე პერსონაჟებთან ერთად გადადის.

,,მთავარი ხიბლი დეტალებშია, მათი დახმარებით უნდა ამოიცნო სათქმელი. მაგალითად, ადამიანის სახეზე არსებულ ყველა ნაოჭს, იარასა და  ნაწიბურს, თავისი ისტორია აქვს.  ამიტომაც არც მე ვეძებ უნაკლო სილამაზეს. ვხედავ და ვხატავ  ზუსტად ისეთს, როგორიც რეალობაშია. პრაქტიკამ ისიც მაჩვენა, რომ ნახატის დასრულებაც არაა ზოგჯერ საჭირო. რადგან შეიძლება მხოლოდ ნაწილი დახატო და ეს იყოს საკმარისი''.


მოყვარული მხატვარი არც მეორეხარისხოვანი დეტალებით ინტერესდება, არ ამუშავებს ფონს, პორტრეტებში არც კაშკაშა ფერები გვხვდება. ხატავს უბრალო, თეთრ ფურცელზე, შავი ფანქრით. მართალია, სხვა დროს ფერადი საღებავებიც უცდია, თუმცა ყველაზე კარგად მაინც ფანქრით გამოსდის.

,,თანაც ის ძალიან ეკონომიური მასალაა", - ვიტალის ზოგჯერ ხატვისთვის საჭირო ნივთების შესაძენად არ ჰყოფნის გაყიდული ნახატებით აღებული თანხა. პორტრეტების გაყიდვაც სამი თვის წინ, პანდემიის დროს დაიწყო. შესაბამისად, მხატვრობა ჰობთან ერთად, შემოსავლის წყაროც გახდა.

,,ყველაზე მეტი პოპულარობა ერთმა პორტრეტმა მომიტანა, როცა  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დავხატე და საჩუქრად გავუგზავნე. მან ნახატი სოციალურ ქსელში განათავსა. ამის შემდეგ დაინტერესდნენ სხვებიც", - შეკვეთებს მოყვარული მხატვარი მინიმალურ ფასად ასრულებდა, რამდენიმე საათში ხატავდა და მეორე დღეს ადრესატს უგზავნიდა.

,,სოციალურ ქსელში  რამდენიმე საჯარო  ჯგუფია, სადაც ადამიანები, თავიანთ შემოქმედებას აცნობენ ერთმანეთს, ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი და პანდემიის დროს ოცამდე ნახატიც გავყიდე. სახლში ჩამჯდარი ხალხი ერთმანეთს სიურპრიზს უმზადებდა. დასახატად ზოგი შეყვარებულის ფოტოს მიგზავნიდა, ზოგიც მეგობრის და მეც ვხატავდი".

სამაგიეროდ, ახალი რეალობის წინაშე დააყენა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამ მოყვარული მხატვარი.

,,რატომღაც შეკვეთების რაოდენობა შემცირდა. ისედაც ბუნებრივია, რომ მხოლოდ ნახატების გაყიდვით ვერ ვიცხოვრებ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ოცნება ჰობის პროფესიად ქცევაა, ახალი სამსახური უნდა ვეძებო. ამ დრომდე პრომო სა
გენტოსა და სწრაფი კვების ობიექტებში ვმუშაობდი, ახლაც თავის რჩენის ალტერნატივა უნდა ვიპოვო".

სამსახურისა და შემოსავლის ძიების პარალელურად, ვიტალი კვლავაც პერსონაჟების ძებნას გააგრძელებს და მათ სახეებს ჩვენამდე შეულამაზებლად, შავით თეთრზე მოიტანს.
Print