მულტიმედია
თეთრი საყელო (ფოტო ამბავი)
FaceBook

თეთრი საყელო - დასავლური ცივილიზაციის სიმბოლოა. კულტურის, წესრიგის, სიწმინდის და კიდევ ბევრი რამის ნიშანია.


იგი ყველა დროს გაგახსენებს - ნაირფერი ვარიაციებით, მაგრამ ყველაზე ნაკლებად 21 - ე საუკუნეს.

თანამედროვეობაში თეთრი საყელო ძირითადად სიმბოლოა, ნაკლებად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ამიტომ, საყელოსთან ურთიერთობა ცოტა რისკია, ძველმოდური  გამოჩნდე. თუმცა აღმოჩნდა, რომ ფუნდამენტური სტერეოტიპის შეცვლით,  შეიძლება ტანსაცმლის აქსესუარი გარდასულ დროთა ეპოქიდან დააბრუნო, მოდური გახადო და პრაქტიკული დანიშნულებაც მისცე.

 


ქუთაისელი ლილე მაღლაფერიძე თეთრ საყელოებს კერავს და ქარგავს. ეს დეტალი სრულიად ბუნებრივად ეწერება თანამედროვე სამოსში.
მითუმეტეს მაშინ, როცა მას რაიმე ,,საკუთარიც" ემატება.



ლილე  მაღლაფერიძე

„ყველაზე მნიშვნელოვანია შექმნა უნიკალური პროდუქტი მინიმალური დანახარჯებით“, - საყელოები ლილეს პირველი სტარტაპ პროექტია. საქმე, რომელიც 2017 წელს წამოიწყო.


„ბავშვობაში ვქარგავდი. ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო, ხოლო შედეგი ლამაზი, გადავწყვიტე დავკავშირებოდი რამდენიმე ქალბატონს, რომელთა ნამუშევრები მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. მათთან ერთად ვიმუშავე საყელოების იდეაზე“.


სამოსში საყელოს განსაკუთ
რებულობა ლილემ ბავშვობიდან შეამჩნია.


„ჩემი ბავშვობა უკავშირდება სასწავლო ფორმას, შესაბამისად, საყელო ყოველთვის მაგონებს იმ ემოციებს, როცა დედა მაქმანით მორთულ საყელოს  მიმზადებდა სკოლაში წასვლის წინ. ამასთანავე, მოქარგული საყელო ძალიან სასიამოვნო განწყობას ქმნის და ერთგვარი ხალისი შემოაქვს ჩაცმულობაში“.


თეთრი საყელო ფონია, მასზე იქარგება სხვადასხვა ყვავილი: ლავანდა, მზესუმზირა, მინდვრის მცენარეები.


საყელო ,,ტილოა", რომელზეც ყველაფერი შეიძლება ამოიქარგოს, რასაც შემკვეთის, ან შემსრულებლის ფანტაზია და მარჯვე ხელები გაწვდება.
თუნდაც რაიმე დეტალი ცნობილი მხატვრების ნახატებიდან.


„რამდენიმე თვის წინ შევქმენით საყელოები, რომელზეც მოიქარგა პიკასოს ლაინ არტი - ბუს გამოსახულებით, ასევე ქალი და მტრედი“.





კერვა და ქარგვა  უჩინარი შრომა იყო, რომელსაც ქალი საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა. უსახელო და შრომად არაღიარებულ  საქმეში იქმნებოდა ნაქარგი შედევრები.


ნაქარგები დარჩა ისტორიას, თუმცა მათი ავტორების სახელები - არა.


დღევანდელობამ სხვაგვარად გადაანაწილა როლები.
ძლიერმა ქალმა ქარგვას „საქმის“ სტატუსი მიანიჭა. უჩინარი საჩინო გახადა და ნაქარგმაც მიიღო ავტორის სახელი.


„თანამედროვე პირობებში ქალი გახდა უფრო რეალიზებული, უფრო ძლიერი“.


რამდენიმე თვეა, რაც ლილემ სახელობითი საყელოების შექმნა დაიწყო (დამკვეთის სასურველი სახელის მოქარგვით). ასევე საყელოებს დაემატა წინდებისა და თმის აქსესუარების ხაზიც.


თეთრმა საყელომ თითქოს ახალი ჰორიზონტები გახსნა.  აჩვენა, რომ აქსესუარი შეიძლება
იმაზე მეტი იყოს, ვიდრე მისი პრაქტიკული როლია. იქცეს მთავარ დეტალად და გადაფაროს სამოსი. ან შეავსოს, შესამჩნევი, გამორჩეული გახადოს.


,,თუმცა, როგორც ვაკვირდები მაინც გვიწევს ბრძოლა შესაძლებლობების დასამტკიცებლად“.


ქალებიც აჩვენებენ შესაძლებლობებს და ზოგჯერ პარადოქსული ფორმით.

Print