მულტიმედია
გმირები და ანტიგმირები გამქრალი ისტორიიდან
FaceBook
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

ქალაქში სამწლიანი დამოუკიდებლობის ისტორიასთან დაკავშირებულ მემორიალურ დაფასაც ვერ ნახავთ. საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთის კვალი არსად იკითხება, მასზე არაფერი მიანიშნებს, თითქოს არც ყოფილა...

სამაგიეროდ, ისევ დგას რუსეთის
სამოქალაქო ომის საბჭოთა გმირის, ვასილ კიკვიძის ქანდაკება, როგორც მატერიალური გამოხატულება იმისა, რომ საბჭოთა წარსული არსად წასულა. კვლავ ცოცხლობს და ფარავს იმ ფუნდამენტს, რაზეც დგას და ვისი მემკვიდრეცაა თანამედროვე ქართული სახელმწიფო.


ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე აღდგა, რომელსაც იურიდიული არსებობა არც არასდროს შეუწყვიტავს. ეს იმიტომ, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობას საბჭოთა რუსეთთან არ გამოუცხადებია კაპიტულაცია.


საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება

რას წარმოადგენდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ვინ იყვნენ დამფუძნებელი მამები, ამის შესახებ კვლევებს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მკვლევარი და ორგანიზაცია თუ აწარმოებს.

ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, დავით ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ უახლოესი წარსულისა და პირველი რესპუბლიკის მიმართ, სახელმწიფოს არანაირი საგანმანათლებლო პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული.

"
ჩვენ ვართ ამ რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეები. მის არსებობაზეა დაფუძნებული ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ სახელმწიფოს არც ჰქონია და არც აქვს გააზრებული პოლიტიკა ამ საკითხის გარშემო".


სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, როდესაც ქუჩას სახელი ერქმევა, მოვლენის მემორიალიზაცია ხდება, სახელმწიფო მიმართავს ძალისხმევას საგანმანათლებლო კუთხით, რათა საზოგადოებას მეტი ცოდნა და სწორი ინფორმაცია ჰქონდეს იმ უახლოეს წარსულზე, რა მემკვიდრეობაზეც დგას ქვეყნის დამოუკიდებლობა. საამისოდ, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიმდინარეობდეს კვლევების დაფინანსება, მკვლევარებს არ ექმნებოდეთ ბიუროკრატიული ბარიერები, ხელი მიუწვდებოდეთ არქივებზე – სახელმწიფო არცერთი ხსენებული მიმართულებით არ აქტიურობს.


უფრო მეტიც, არქივებთან წვდომა ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც თავის მხრივ აფერხებს მითების გაბათილების შესაძლებლობას, რომელიც რუსული საბჭოთა პროპაგანდის ხელშეწყობით მრავლადაა გაბნეული ქართულ საზოგადოებასა, თუ ისტორიოგრაფიაში. ხშირ შემთხვევაში, პირველი რესპუბლიკის როლის დაკნინებით, მისი მნიშვნელობის უგულებელყოფით.


ისტორიის
ასეთი "წაკითხვა" საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეფემერულ წარმონაქმნად წარმოაჩენს, დამოუკიდებლობის გამოცხადებას კი - შემთხვევითობად.


სინამდვილეში, 1918 წელი პოლიტიკურად და ისტორიულად ახლის დასაწყისია, კაცობრიობის ისტორიის ახალი გვერდი, როდესაც სამყარო ძველი წესწყობილებიდან გამოდის და რაღაც ახალი იწყება.


,,
ამ დროს საქართველომ გამოაცხადა ახალი მოდერნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ამ დროს კვდება იმპერიები, ფეოდალური სახელმწიფოები და იწყება ახალი დემოკრატიული და რესპუბლიკური სახელმწიფოების შენება. ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ელიტა არსებობს, მრავალფეროვანი, ძლიერი, მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რუსეთის და მისი სატელიტი ქართველი ბოლშევიკების მხრიდან არაერთი მცდელობა იყო დაენგრიათ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მოეშალათ ეს ნიადაგი, მაინც ვერ მოახერხეს“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.


დამოუკიდებლობის ნიადაგის მოსაშლელად იმ წლებში ძალისმიერი ჩარევა გახდა საჭირო - პირდაპირი ინტერვენცია და ოკუპაცია.


სწორედ ოკუპაციას მოჰყვა მაშინდელი ხელისუფლების და თავად დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაცია სხვადახვა მითების საშუალებით, რომელიც დღესაც ცოცხლობს, რადგან ყოველთვის ჩნდება ძალა, რომელიც ამ მითებს თავიდან ააღორძინებს სატელევიზიო სიუჟეტებსა, თუ ამბიონებიდან ქადაგებებში.


"ჩვენ კი დაგვავიწყდა, მაგრამ რუსულ საბჭოთა პროპაგანდას და მის თანამედროვე მემკვიდრეებს არ დავიწყებიათ ჩვენი ისტორიული წარსული და დღესაც ცდილობენ დისკრედიტაციას. 26 მაისის მოახლოებასთან ერთად, კარგად ჩამოყალიბებული პროპაგანდისტული მესიჯები ხელახლა გაცოცხლებას იწყებენ ".

ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი ამ მესიჯებიდან ერთ–ერთს გამოჰყოფს. ყველაზე აქტიურსა და ხშირად გამოყენებადს - მითს ილია ჭავჭავაძეს მკვლელების შესახებ.

მითი ილიას მკვლელებზე


მითი ილიას მკვლელების გარშემო რუსულმა ცარიზმმა შექმნა და შემდეგ გვიანდელმა საბჭოთა პროპაგანდამ აიტაცა. რუსული ცარისტული და შემდეგ საბჭოთა მითოსის თანახმად, ილია ჭავჭავაძე, იმ პერიოდისთვის ძლიერი პოლიტიკური ძალის სოციალ-დემოკრატების, უშუალოდ ნოე ჟორდანიას "შეკვეთით" მოკლეს
.






ილია ჭავჭავაძე


მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, საქართველოში მოღვაწე სოციალ - დემოკრატიული პარტიის წევრებს ევროპასთან და ევროპელ განმანათლებლებთან ჰქონდათ მჭიდრო თანამშრომლობა. ამიტომ რუსული პროპაგანდის ირიბი მტკიცებით ილია სწორედ "ევროპის შეკვეთით მოკლეს".



ნოე ჟორდანია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არქიტექტორები დიდწილად სოციალ დემოკრატიული პარტიიდან იყვნენ,  მათი წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული 1917-1918  წლების ეროვნული საბჭოც, რომელმაც რუსეთის იმპერიიდან გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.


სოციალ-დემოკრატებისთვის ილიას მკვლელობის დაბრალებით რუსული პროპაგანდა დიდ მასშტაბებზე გადის - მაშინდელი მთავრობის დისკრედიტაციით, იგი ჩრდილს აყენებს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს და ქვეყნის ევროპულ არჩევანსაც.


"
როგორ ენდობით იმ ხალხს და იმ ხალხის არჩევანს, რომელთაც ილია მოკლეს", - დაახლოებით ამ ქვეტექსტს უდებს საფუძვლად რუსული პროპაგანდა თავისივე მოგონილ მითს.


ილიას მკვლელობაზე ცარისტული და შემდეგ საბჭოთა რუსეთის მიერ შეთხზული ვერსია ათწლეულების განმავლობაში არსებობდა და წამლავდა ქართულ ცნობიერებას.


მითი ილიას მკვლელობაზე მეორედ  გაააქტიურეს 1980-იანი წლების ბოლოს. მაშინ, როდესაც საბჭოეთმა ნგრევა დაიწყო და საქართველოს საბჭოთა რუსეთიდან დამოუკიდებლობის საკითხი რეალური გახდა.


რუსულმა პროპაგანდამ ისევ გაიხსენა სოციალ-დემოკრატები და ილიას მკვლელობა. როგორც სერიოზული კომპრომატი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და მათი მემკვიდრეების – თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რუსული ორბიტიდან გასვლას ცდილობდა და ევროპულ მომავალს ირჩევდა.


"ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით, დაკვეთა იყო ევროპიდან, რომელიც ებრძოდა პოლიტიკურ ელიტას მთელს რუსეთის იმპერიაში", – ასე გააჟღერა მითი ილიას მკვლელობაზე,  სოციალ-დემოკრატებსა და ევროპაზე მიმდინარე წელსაც, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, იოანე გამრეკელმა "ქუთაისიპოსტთან" ინტერვიუში.



ისტორიკოსებმა მაღალი სამღვდელო იერარქის ეს ღია პრორუსული განცხადება აბსურდად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ გამრეკელი რუსულ განწყობებს ახმოვანებს და ამით საზოგადოების მანიპულირებას ცდილობს. ამავდროულად, ცდილობს ჩირქი მოსცხოს ევროპას და შეაფერხოს საქართველოს სვლა დასავლეთისკენ.

"ეპისკოპოსის ეს გამოსვლა აჩვენებდა რამდენად ცხელ, აქტიურ და თავგანწირულ ფაზაში გადავიდა რუსული პროპაგანდა", - აცხადებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ხვადაგიანი. 

როგორც
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ სიმაშვილის კვლევების შედეგად დადასტურდა - ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, ბოლშევიკური მიმართულების წითელრაზმელებს უკავშირდება.


(დღეისათვის სათანადო წყაროებისა და დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადასტურებულია, რომ ილიას მკვლელობის უშუალო ხელმძღვანელი იყო ილიკო იმერლიშვილი, იმ დროს საკმაოდ გამოცდილი, ცნობილი და ავტორიტეტიანი ბოლშევიკი ტერორისტი. სწორედ მისი მეტსახელი იყო იმერელი. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ფიზიკურ მკვლელებს მის გარდა იყვნენ ბოლშევიკი წითელრაზმელები გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და ივანე ინაშვილი
).


ამის გარდა, ბევრი სხვა კვლევაც და მასალაც ასტურებს, რომ სოციალ-დემოკრატებს საუკუნის ამ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონიათ.



საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მისი უახლესი წარსულის, ასევე დასავლური არჩევანის დისკრედიტაცია რუსული პროპაგანდის პირველი რიგის ამოცანაა, მიაჩნიათ ისტორიკოსებს.

ქართული სახელმწიფოს ამოცანა  მა
ვნე მესიჯებთან გამკლავებაა სწორი ინფორმაციის გავრცელებით საკუთარ ისტორიაზე. ამ დროს, ქუთაისში ერთი მემორიალური დაფაც არ არის 1918-1921 წლების ისტორიის შესახებ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების სახელების მემორიალიზაციასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აღნიშნეს, რომ პატივგების კომისიის პირველივე სხდომაზე განიხილავენ საკითხს.  ისიც თქვეს, რომ არც ერთი საინიციტივო ჯგუფიდან და არც არასამთავრობო ორგანიზციიდან ამ მიმართულებით ინიციატივა არ შესულა. ამავდროულად, არაერთხელ შევიდა კიკვიძის ძეგლის მოხსნის მოთხოვნა. ამის მიუხედავად, საკითხი დღემდე არ გადაჭრილა.

„თუმცა კიკვიძის ძეგლის მექანიკურად მოხსნა არანაირ პრობლემას არ გადაჭრის არც მენტალურს და არც პოლიტიკურს,  გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება თუკი ჩვენ როგორც საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა დავიწყებთ ფიქრს იმაზე რა ვუყოთ ამ ისტორიულ წარსულს, რომელიც არ მიდის და არ გვეშვება, სად წავიღებთ მოხსნის შემდეგ ვასილ კიკვიძის თუ ჩვენ საჯარო სივრცეში შემორჩენილ საბჭოთა ძეგლებს, მნიშვნელოვანია რომ ბოლოსდაბოლოს ამ საკითხზე დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია და კიკვიძის თუ სხვა ძეგლებმა საჯარო სივრციდან მოხსნის შემდეგ ბინა ოკუპაციის მუზეუმებში დაიდოს, რომელიც იმედია ოდესმე გაფართოვდება და გასცდება ეროვნული მუზეუმის ერთ ოთახს“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.

დავიწყებული გმირები

იქამდე, ვიდრე მერიაში ფიქრობენ, ვისი სახელი მიანიჭონ ქუჩებს, ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი ისტორიული პერსონა გავიხსენოთ.

პავლე წულაია - დამფუძნებელი კრების წევრი, რომელიც საბჭოთა მთავრობის მხრიდან დევნის მიუხედავად ბოლომდე მისი რწმენის და შეხედულების ერთგული დარჩა.



როდესაც საზოგადოების ნაწილი გაურკვევლობაშია იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო პოლიტიკა, რა დამოკიდებულება ჰქონდეს მის უახლოეს წარსულთან, მაშინ ძალაში ისევ მავნე და სახიფათო მითოსი რჩება.  იგი ხელს უშლის ისტორიის სწორად გააზრებას, გმირების და ანტიგმირების ერთმანეთიდან გარჩევას. სწორედ ამიტომ, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში პიედისტალს ისევ იკავებს ვასილ კიკვიძის ქანდაკება.


სტატიასა და ვიდეოში გამოყენებულია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა“ და საქართველოს სახელმწიფო არქივის ფოტომასალა

Print