ახალი ამბები
პროტესტი სტაფილოებით და ბოქლომებით (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის წინ "ბიძინა" სტაფილოებით დაწერეს.


თითოეულ სტაფილოს კი სიმბოლურად იმ დეპუტატის სახელი აწერია, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ შორის არის ქუთაისის მაჟორიტარი დიმიტრი მხეიძე.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა
სტაფილოები სანაგვე ურნაში ჩაყარეს. 

მათ, ასევე, მერიის კიბეებთან რკინის მოაჯირს, სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. "მერიამ გვითხრა კარი არ გვაქვსო და ამიტომ მოაჯირზე დავადებთ ბოქლომს"- განაცხადეს აქციაზე.




"დღეს ამით ვასრულებთ. იმედი გვაქვს ბიძინასაც და პოლიტიკოსებსაც მალე პოლიტიკურ ნაგავში მოვისვრით"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.


"სირცხვილია", "საქართველო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის გარეშე"- ამ შეძახილებით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.

20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დემონსტრანტების სისხლიანი  დარბევის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.

14 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევდა, ჩაადგო. შედეგად, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, ხოლო ოპოზიცია გაერთიანდა სლოგანით „ყველა ერთის წინააღმდეგ“. თბილისსა და დედაქალაქებში ხელახლა დაიწყო საპროტესტო აქციები.  ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.  ხელისუფლება ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო  სისტემა მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება.

რომელ საარჩევნო სისტემას უჭერენ მხარს ქუთაისში ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.

Print