ახალი ამბები
„პანკისი განმეორდება აქაც“ - ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებმა მთვრობას ქუთაისიდან მიმართეს
FaceBook
მოქალაქეთა გაერთიანება „თემთა ერთობის“ წევრებმა, რომელშიც საქართველოს 12 კუთხის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი, მთავრობას ჰესების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს.
ისინი ასევე, მიმდინარე წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და პანკისელებს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადეს.

„პანკისში ჰესის მშენებლობა იგივე პრობლემაა ჩვენთვის, რაც ნამახვანი. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აგრძელებს თავის ხისტ პოლიტიკას ჰესომანიასთან დაკავშირებით. ამ მოვლენებს წინ უძღვოდა ეკონომიკის მინისტრად თურნავას დანიშვნა, რომელიც წლების განმავლობაში ლობირებდა ჰესების მშენებლობას. თუ დროზე არ შეაჩერებენ დაგეგმილ მშენებლობებს, პანკისი განმეორდება აქაც“, - ამბობს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელი, მალხაზ მურუსიძე.

მათ ნამახვანჰესის დაგეგმილი მშენებლობის შესახებაც ისაუბრეს და მთავრობას პროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.

რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ აშენებს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტებში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.

„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშელებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.
Print