„ისეთი სიჩუმეა თითქოს სხვისი ატოცი მიაქვთ“- სტუდენტური პროტესტი ქუთაისში
FaceBook
„ისეთი სიჩუმეა თითქოს სხვისი ატოცი მიაქვთ - გაიღვიძეთ!“ - ასე გამოეხმაურენ ქუთაისელი სტუდენტები სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოებისა და ხელისუფლების სიჩუმეს. 

მათ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს. 

სტუდენტებმა ატოცში მცხოვრებლებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დაგმეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო იობაშვილი აქციაზე შვილთან ერთად მივიდა, როგორც თავად ამბობს, ეს მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო.

,, საქმე ჩემი შვილის მომავალს ეხება. ატოცი ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ტკივილია. მე ვიცავ ჩემი შვილის მიწას, ჩვენ ერთი გოჯიც არ გვაქვს დასაკარგი'' - ამბობს ნინო იობაშვილი.

აქციის მონაწილეები უმეტესად ის სტუდენტები არიან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ატოცში რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ატოცში განვითარებული მოვლენები მათთვის განსაკუთრებით ემოციურია.

,, ირღვევა ჩვენი ხალხის უფლებები, ხალხს მათ ტერიტორიაზე გადაადგილებას იმ არგუმენტით უკრძალავენ, რომ თითქოს მათ უსაფრთხოებას იცავენ. სინამდვილეში კრემლის ბრძანებებს ასრულებენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი'' - ამბობს მიხეილ გეგეშიძე.
Print